მკვლელის ანატომია – ოქროს პალმის რტოს მფლობელი თრილერი
“რისი გაგება გინდა ჩემზე?”
– ამ სიტყვებით იწყება ჟუსტინ ტრიეს “ვარდნის ანატომია” და 2 საათისა და 32 წუთის განმავლობაში მაყურებელი ცდილობს გაარკვიოს რა უნდა იცოდეს სანდრაზე იმისთვის, რომ გაიგოს რა ხდება? “ვარდნის ანატომიის” გახსნითი სცენა სანდრასთან ინტერვიუა, თუმცა იმდენად ხმამაღალია მუსიკა, რომელსაც მისი ქმარი, სამუელი რთავს, ლაპარაკი შეუძლებელია და ინტერვიუერი სახლს ტოვებს. მოგვიანებით სეირნობიდან დაბრუნებული მხედველობადაქვეითებული შვილი მამამისს თოვლში დაგდებულს მკვდარს პოულობს და იწყება იმის გარკვევა, სამუელი გადმოვარდა, ცოლმა გადმოაგდო თუ თავი მოიკლა.
გავლენებზე საუბრისას რეჟისორი ოტო პრემინჯერის “მკვლელობის ანატომიას” ახსენებს, რაც პირდაპირი მინიშნებაა სათაურზე და ბუნებრივია სასამართლოს ჟანრის ფილმს გვპირდება. თუმცა, უშუალოდ მომხდარის გამოძიებისა და ჩვენებების გარდა, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი ეთმობა “ვარდნის ანატომიაში,” ჟუსტინ ტრიე ფოკუსირდება ქორწინებაზე, წყვილს შორის ურთიერთობასა და პერსონაჟების ფსიქოლოგიის გაგებაზე, რითაც მაყურებელმა მომხდარის ახსნა უნდა შეძლოს.
მნიშნელოვანია, რომ ინციდენტის ერთადერთ მოწმეს, დანიელს (შვილი) მხედველობა დაქვეითებული აქვს, რაც მას მაყურებლის მსგავს პოზიციაში აყენებს. “მას არ უნახავს დანაშაული და აკლია სახე-სურათები და ელემენტები. ჩვენ მსგავსად არ იცის, რომ რაღაცები გამოტოვა,” – ამბობს რეჟისორი. კამერა ხშირად სუბიექტურია და დანიელის თვალებით გვაჩვენებს მოვლენებს. ერთ-ერთ ეპიზოდში მკვლელობის სცენასაც ვხედავთ, თუმცა არ ვიცით დანიელის წარმოდგენაა ეს თუ რეალობა, რაც მან დაინახა.
“მას არ უნახავს დანაშაული და აკლია სახე-სურათები და ელემენტები. ჩვენ მსგავსად არ იცის, რომ რაღაცები გამოტოვა”
ჟუსტინ ტრიე
სანდრასა და სამუელის ურთიერთობის განხილვის მთავარი მტკიცებულება აუდიო ჩანაწერია, რომელშიც ცოლ-ქმარი კამათობს და ირკვევა, რომ სამუელი თავის წარუმატებლობაში ცოლს ადანაშაულებს, რადგან არ აქვს დრო საკუთარი თავისთვის, წერის გასაგრძელებლად. შურს და უსამართლოდ მიაჩნია სანდრას წიგნის წარმატება, რომელშიც მისი იდეაა გამოყენებული, როგორც ციტატა. შესაბამისად, 50 Cent-ის P.I.M.P, სექსისტური და მიზოგინური სიმღერა არამარტო ყურადღების გასაფანტად და ინტერვიუს შესაწყვეტად იყო ჩართული, არამედ ერთგვარი იარაღია სამუელისთვის საკუთარი დომინაციის დასამტკიცებლად, რაც მისთვის რეალურ ცხოვრებაში მიუღწეველია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოწმეები ისეთი ადამიანები არიან, ვინც არ იცნობენ წყვილს კარგად და მხოლოდ ვარაუდების და სუბიექტური მოსაზრებების გაჟღერება შეუძლიათ. სამუელის ფსიქოლოგი დარწმუნებულია, რომ სუიციდი გამორიცხულია, თუმცა, ცხადია ეს არ არის ობიექტური მტკიცებულება და შესაძლებელია სამუელი თვითმკვლელობის სურვილზე უბრალოდ არ ლაპარაკობდა ან არ გამოხატავდა, რადგან როგორც მაყურებელი, აუდიო ჩანაწერიდან, თითქმის დარწმუნებული ხარ, რომ იმედგაცრუებული, დანებებული კაცის ხმა გესმის. მოწმეების გარდა სუბიექტურია სასამართლო კორპუსიც, პროკურორი სანდრას შეურაცხყოფას ცდილობს, მის ბისექსუალობასა და ქალებთან ურთიერთობას ახსენებს და მტკიცებულებად მისი წიგნიდან ეპიზოდს კითხულობს, თითქოს ფიქცია რეალობის წინასწარმეტყველება იყოს სანდრასთვის.
სანდრა ჰულერზე საუბრისას ჟუსტინ ტრიე ამბობს, “ერთ დღეს სანდრამ აღელვებულმა მითხრა, “კარგი, უნდა ვიცოდე გააკეთა მან ეს თუ არა?” რაზეც ვუპასუხე, “ითამაშე, როგორც უდანაშაულომ,” არ მინდოდა მეთქვა, რომ მას არაფერი გაუკეთებია. მსურდა დამეტოვებინა ადგილი შიშისთვის.” სწორედ, ასეთივე გაურკვევლობა აქვს მაყურებელს. მიუხედავად იმისა, რომ “ვარდნის ანატომიის” ბოლოს ვიცით, განაჩენი გამამტყუნებელია თუ გამამართლებელი სანდრასთვის, არ ვართ დარწმუნებულები ვენდობით თუ არა მას. “ვარდნის ანატომია” იწყება სიბნელით და მთავრდება სიჩუმით, რაც გულისა თუ გონების თვალისა და ყურის ჩართვის საშუალებას გვაძლევს.
ჟუსტინ ტრიეს “ვარდნის ანატომიას” 2023 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოპოვებული აქვს ოქროს პალმის რტო.
ვარდნის ანატომია (Anatomie d’une chute)
რეჟისორი: ჟუსტინ ტრიე
2023 წ. (საფრანგეთი)
ხხანგრძლივობა: 2 საათი და 32 წუთი