რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სილვერ ჰეიზი (Silver Haze)

ქვიარ სიყვარული და შერიგება წარსულთან

Silver Haze მეორე ფილმია, რომელზეც საშა პოლაკმა და ვიკი ნაითმა ერთად იმუშავეს. პირველი Dirty God გვიყვება ვიკის პერსონაჟის ამბავს, რომელიც ყოფილმა შეყვარებულმა მჟავას შესხმით დააზიანა და რეაბილიტაციას გადის. მოგვიანებით როცა რეჟისორმა და მსახიობმა ერთმანეთი უკეთესად გაიცნეს, საშა ვიკის რეალური ისტორიით დაინტერესა და გადაწყვიტა, რომ მისი ცხოვრებისეული გამოცდილება მოყოლას იმსახურებდა, ამიტომაც მათი მეორე ფილმი ვიკის, ფილმში ფრენკის ბავშვობისდროინდელ ინციდენტს გვიამბობს, სადაც ის პაბში გაჩენილ ხანძარს ძლივს გადაურჩა, რის შედეგადაც არამარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური იარებიც მიიღო. აღნიშნული შემთხვევა ფილმშიც და ვიკის რეალურ ისტორიაშიც გამოუძიებელი დარჩა და პერსონაჟი მთელ ცხოვრებას სიმართლის გარკვევაში ატარებს. ამბავს ყველაზე მეტად ის ფაქტი ამძიმებს, რომ ეჭვმიტანილი დედამისის მეგობარია, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა აქვს მამამისთან, მოგვიანებით კი ისინი ერთად ცხოვრობენ და საერთო შვილი ჰყავთ.

Silver Haze ძალიან ჰგავს სოციალური რეალიზმის წარმომადგენლის კენ ლოუჩის ფილმებს, სადაც ბრიტანეთის მუშათა კლასის პრობლემებს განვიხილავთ. ფრენკი 23 წლის ექთანია ალკოჰოლიკი დედით, ტრავმირებული, ქაოტური ოჯახითა და უმუშევარი შეყვარებულით, რომელიც მხოლოდ იმიტომ გრძნობს ფრენკთან თავს კარგად, რომ მასთან შეუძლია “თავისი თავი იყოს” ანუ არცერთი ფუნტი არ ჰქონდეს. ფილმი ტრავმისგან დატოვებული პრობლემებისა და სოციალური ურთიერთობების გარდა ქვიარ საკითხებსაც ეხება. ფრენკისთვის საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში გარკვევა რთულია, ამიტომ აქვს ურთიერთობა კაცებთან, რომლებიც ვერაფერს აძლევენ, რადგან მისი ლესბოსელობა ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის მიუღებელი და გაუგებარია. 

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ფოკუსი ფრენკიზეა, თითქმის ყველა პერსონაჟს საკუთარი ამბავი აქვს, რასაც რეჟისორი დიდ დროს უთმობს, თითქოს ყველანაირი პრობლემის ამოწურვა უნდა ფილმში, რაც შეიძლება ადამიანს შეემთხვას, რის გამოც Silver Haze ქაოტური ხდება, თუმცა, არა იმგვარად, რომ ერთი ამბის ხარჯზე მეორე იკარგებოდეს ან გაუგებარი იყოს.  ფრენკის მთავარი მხარდამჭერი მისი დაა, რომელიც არანაკლებ საინტერესო პერსონაჟია. მისი ტრანზიცია შეყვარებულისგან ღალატით იწყება, რაც ერთდროულად აგრესორად და მშვიდობიან მორწმუნედ აქცევს, რომელიც ისლამს იღებს და მის ყველა წესს საგულდაგულოდ მისდევს. 

ფილმი 20 გვერდიანი სცენარის მიხედვით არის შექმნილი და მისი უმეტესი ნაწილი იმპროვიზაციაა, რადგან ფრენკი და ლეა რეალურ ცხოვრებაშიც დები არიან და ისტორიებიც, მაგალითად ახალი აიფონის ყიდვის ეპიზოდი მათთვის უბრალოდ ამბის გახსენებაა, რაც Silver Haze-სა და მათ ურთიერთობას ძალიან რეალისტურად წარმოგვიჩენს.

ფრენკის ცხოვრებას ერთ-ერთი შიფტის დროს ფლორენსთან შეხვედრა ცვლის, რომელსაც სუიციდის მცდელობა აქვს. “ფრენკიში იმდენად მძლავრია ბრაზის შეგრძნება, რომ მისთვის ეს ერთგვარი მოგზაურობაა, გამოიჩინოს სიძლიერე იმისთვის, რომ გვაჩვენოს თუ რამდენად მოსიყვარულე ადამიანია გულის სიღრმეში,” – ამბობს რეჟისორი საშა პოლაკი. მათი ურთიერთობა თავიდან აღმაფრთოვანებელია, რადგან გარდა იმისა, რომ ფრენკის მასთან ერთად მძიმე რეალობიდან გაქცევა შეუძლია, ამავდროულად საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაშიც ერკვევა და ეს სიახლე და აღმოჩენა მათ სიყვარულს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის და მეტად აძლიერებს. თუმცა, ფლორენსს ცხოვრებაზე ხელი აქვს ჩაქნეული, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, უჭირს იმის დაჯერება, რომ ფრენკის შეიძლება ნამდვილად უყვარდეს ის, ამიტომ ყოველთვის გაურბის მას. “ჩემთვის საინტერესო იყო ის, რომ ორივეს პრობლემები აქვს. ვიკის პერსონაჟი ფრენკი იტანჯება იმისთვის, რომ პასუხები მიიღოს და ამ ბრძოლაში ატარებს დღეებს, რა დროსაც ფლორენსი თითქოს დანებებული და სუიციდის მცდელობები აქვს. ერთად გამოვიკვლიეთ მათი ურთიერთობა, თითოეულ მათგანს განსხვავებული ისტორია აქვს, მაგრამ ამავდროულად მინდოდა პირველი დიდი სიყვარულის ამბის მოყოლა, ისეთის, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებ,” – საშა პოლაკი.

ფრენკიში იმდენად მძლავრია ბრაზის შეგრძნება, რომ მისთვის ეს ერთგვარი მოგზაურობაა, გამოიჩინოს სიძლიერე იმისთვის, რომ გვაჩვენოს თუ რამდენად მოსიყვარულე ადამიანია გულის სიღრმეში

საშა პოლაკი

ფლორენსის და ფრენკის ურთიერთობა ჩიხში შეჰყავს ავტობუსში მომხდარ ინციდენტს, რაც 2019 წლის ივნისში მომხდარ რეალურ ისტორიას ეფუძნება, როცა ქვიარ წყვილს კაცების ჯგუფი დაესხა თავს. ფლორენსისთვის ეს ამბავი იმდენად დამამცირებელია, რომ მის შემდეგ ნაბიჯებს და უკონტროლო ქცევას განსაზღვრავს, რაც ამ რეალობიდან, რომელშიც მისი, როგორც ლესბოსელის მიღება არ შეუძლიათ, გაქცევის ერთადერთი გზაა. ფილმის სახელიც მარიხუანას ერთ-ერთი ჯიშის silver haze-ის სახელწოდებიდან მოდის, რაც სწორედ ამ მდგომარეობას გამოხატავს. ფლორენსის პერსონაჟის გამოჩენა ფრენკისთვის სიყვარულთან ერთად მისი ბებიის, ალისის გაცნობითაც არის მნიშვნელოვანი, რომელიც მისი მთავარი თანამოაზრე და მხარდამჭერი ხდება. 

Silver Haze-ის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ვიკი ნაითს მიღებული აქვს Teddy Award Jury Prize, ქვიარ ჯილდო. 

სილვერ ჰეიზი (Silver Haze)
რეჟისორი: საშა პოლაკი
ნიდერლანდები, აშშ 2023

76/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
Troy – Achilles Defeats a Giant

Troy – Achilles Defeats a Giant

| ნაწყვეტი ვულფგანგ პიტერსენის ფილმიდან 'Troy'

შემდეგი
შენ ვერასდროს მიპოვი (You’ll Never Find Me)

შენ ვერასდროს მიპოვი (You’ll Never Find Me)

| ერთი ლოკაცია, ორი პერსონაჟი და მუდმივი შიშის, გაურკვევლობის განცდა ახალ

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share