რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

გზისპირა ბარი (Road House)

“ჩხუბში გამარჯვებული არავინაა” – პატრიკ სუეიზის უბერებელი კლასიკა 35 წლის შემდეგ

სანამ დაგ ლიმანი სულ რაღაც რამდენიმე დღეში, მაყურებელს შესთავაზებს ამავე სახელწოდების რემეიქს, მთავარ როლში ჯეიკ ჯილენჰოლით, მანამდე შეიძლება გადავხედოთ ორიგინალს 80-იანი წლებიდან და გავიგოთ, თუ რამდენად გაუძლო დროს ამ მძაფრსიუჟეტიანმა ფილმმა. რეჟისორი როუდი ჰერინგტონის დებიუტი კინო სცენაზე 1988 წელს შედგა დაბალბიუჯეტიანი თრილერით – Jack’s Back, (ჯეკ მფატრავზე) რომელშიც მთავარ როლს ჯეიმს სპეიდერი ასრულებდა. მიუხედავად მიმზიდველი სიუჟეტისა, ფილმმა ვერ მიიპყრო ფართო აუდიტორია და მალევე მიეცა დავიწყებას. ასეთ ფიასკოს როუდი არ შეუშინდა და ერთი წლის შემდეგ, ჰოლივუდის პროდიუსერ კომპანია Silver Pictures-თან ერთად, შემდეგი პროექტი Road House დაიწყო. ფილმის მთავარი მიღწევა იყო ის, რომ გადაღების კონტრაქტს ხელი მოაწერა პატრიკ სუეიზიმ. ამ დროისთვის პატრიკი ცნობილი იყო ისეთი ფილმებით როგორიცაა: The Outsiders (1983) და Dirty Dancing (1987), რისთვისაც სუეიზი პლანეტარული მასშტაბის საყვარელი მსახიობი გახდა.

მძაფრსიუჟეტიანი ფილმები ყოველთვის დიდი პოპულარულობით სარგებლობს, რადგანაც მაყურებელს ეძლევა საშუალება დროებით დააღწიოს თავი ყოველდღიური ცხოვრებას და ჩაიძიროს მღელვარებისა და საფრთხით სავსე სამყაროში, განიცადოს ემოციები, სხვადასხვა თავგადასავლები, რომლებიც ხშირად სცილდება ჩვეულებრივი ცხოვრების სფეროებს. 80-90-იანი წლები ითვლება ჟანრის “ოქროს ხანად”, დრო, როდესაც ბევრმა ექშენ ფილმმა საკულტო სტატუსს მიაღწია და დღესაც კი, განსაკუთრებული ადგილი უკავია ერთგული თაყვანისმცემლების გულებში. მიუხედავად ბლოგბასტერული ფილმების მკაცრი კონკურენციისა, სადაც მთავარ როლებს ასრულებდნენ სილვესტერ სტალონე, არნოლდ შვარცნეგერი და ბრიუს უილისი, როუდი ჰერინგტონის ეს კონკრეტული კინო მალევე დაიჩრდილა, მაგრამ ჟანრის მოყვარულთათვის დასამახსოვრებელ და ერთგვარ hidden gem-ად დარჩა.

ერთი შეხედვით, Road House შეიძლება საკმაოდ ჩვეულებრივი ჩანდეს სიუჟეტით, რომელიც მარტივ თხრობას ეყრდნობა. ფილმი იყენებს ისეთ ნაცნობ სიუჟეტურ ხაზებს, რომლებიც გამოიყენებოდა ბევრ სხვა ფილმში, როგორც მანამდე ისევე მის შემდეგაც, რაც მოიაზრებს მთავარი გმირის ბრძოლას ადგილობრივ ელიტასთან. საერთო თემა, რომელიც მსგავსი ჟანრის მრავალ ფილმში გვაქვს ნანახი. სიუჟეტის ცენტრში ჯეიმს დალტონია – შავი ქამრით კარატეში და დოქტურანტურით ფილოსოფიაში, თუმცა ჯეიმსი უჩვეულო და სახიფათო პროფესიას გაჰყვა ცხოვრებაში – ე.წ. bouncer. (ბარის დაცვა) ერთ-ერთ სამუშაო დღეს, ვინმე თილმენი, მოხიბლული დალტონის “პორტფოლიოთი”, გადაწყვეტს დაიქირაოს ეს უკანასკნელი თავისი დიდი ბარისთვის Double Deuce. აქედან კი იწყება დალტონის ბრძოლა წესრიგის დამყარებასა და Double Deuce-ს მოთვინიერებისთვის. მიუხედავად ამ პროგნოზირებადობისა, ფილმი მაინც სთავაზობს მაყურებელს გასართობ და დროის გასატარებელ სანახაობას.

აღნიშნული ჟანრი, რომელიც სავსეა დადგენილი კონვენციებითა და კლიშეებით, როუდი ჰარინგტონმა, ბორბლის ხელახლა გამოგონების მცდელობის ნაცვლად, აირჩია თავისებური მიდგომა და ამ შაბლონების ხარისხიანად წარმოჩენა, რადგან ნოვატორობა ასეთ ფილმებში გარკვეულწილ სირთულეს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ეყრდნობა ნაცნობ შაბლონებსა და კლიშეებს, Road House ამას აკომპენსირებს კარგად გადაღებული ხელჩართული ბრძოლებითა და დინამიური რიტმით, რომლის დროსაც თითქმის ორსაათიანი ქრონომეტრაჟის განმავლობაში მოწყენა რთულია. ცხადია, ზოგი სცენა ფილმში შეიძლება ზედმეტად მელოდრამატული იყოს, თუმცა არასდროს გადადის ზედმეტად სენტიმენტალურში.

Road House-ს მათავარი ღირებულება, რასაკვირველია – მთავარი როლის შემსრულებელი – პატრიკ სუეიზია. მან მოახერხა გადმოეტანა ეკრანზე უაღრესად ქარიზმატული, კაშკაშა და რათქმაუნდა საინტერესო იმიჯი, რომლის ხილვაც სასიამოვნოა მთელი ფილმის მანძილზე. სხვა გამოკვეთილ და დასამახსოვრებელ როლებთან ერთად, ვფიქრობ, ჯეიმს დალტონის როლი ყველაზე საუკეთესოა გარდაცვლილი მსახიობის შემოქმედებაში. პატრიკთან ერთად ვხვდებით ახალგაზრდა სემ ელიოტსაც, ასევე ძალიან ქარიზმატული, ჯეიმსის ამხანაგის როლში, რომელიც რაღაცნაირად მაინც ახერხებს იყოს დასამახსოვრებელი, მიუხედავად მისი მეორეხარისხოვანი როლისა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ ორი ცნობადი სახის ფონზე, სხვა მსახიობები თითქმის უმალვე იჩრდილებიან და არავის ამახსოვრდება. განსაკუთრებით ბოროტმოქმედები, რომლებსაც ბენ გაზარა და მარშალ რ. ტიგი თამაშობენ. ბოროტმოქმედთა გარდა, სასიამოვნო სანახავია კელი ლინჩი და ჯული მაიკლსი, მათი მიმზიდველი გარეგნობის გამო.

ვფიქრობ, ფილმი კარგად ასახავს კაცს, რომელიც ეძებს ცხოვრების აზრს, ცდილობს დაამყაროს წესრიგი არა მხოლოდ სამუშაო ადგილზე, არამედ მის სულშიც. მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას, იქნება ეს მეხანძრე, ბარის მცველი თუ ბუღალტერი, მესიჯი ნათელია: ყველა პასუხისმგებელია ყველაფერზე. დალტონი განასახიერებს ამ აზრს – ადამიანი, რომელიც ეძებს წესრიგს პირად ცხოვრებაში და ბარში, სადაც ის მუშაობს. ცხადია, ბევრი ხედავს დალტონს როგორც დაუმარცხებელ მებრძოლს და ლამაზ ქალთა ფავორიტს, მაგრამ მე მას ვხედავ როგორც კაცს, რომელიც ეძებს შინაგან სიმშვიდეს და იღებს პასუხისმგებლობას მათზე, ვისზეც ზრუნავს. ეს როლი კი მსახიობისთვის, თითქოს ყველაზე ახლოა და ბუნებრივი.

მთლიანობაში, Road House ნამდვილი წარმომადგენელია კლასიკური, ძველი სკოლის ექშენ ჟანრის, რომელიც შესაძლოა დაჩრდილულიყო იმ ეპოქის უფრო ცნობილი ფილმებით, როგორიცაა Die Hard ან Cobra, მაგრამ მას ნამდვილად არ დაუკარგავს თავისი შარმი და ღირსება. მრავალი წლის შემდეგაც კი, ფილმი კვლავ იწვევს სასიამოვნო ნოსტალგიურ ემოციებს და გვთავაზობს უნიკალურ, გასართობ სანახაობას, რომელსაც თანამედროვე ბლოგბასტერები იშვიათად ახერხებენ. ჩინებულად შესრულებული ხელჩართული ჩხუბის სცენები, მძაფრი მომენტები, ჯეფ ჰილის ცოცხალი მუსიკა ბლუზ-როკის სტილში, 80-იანი წლების ესთეტიკა და კულმინაციური მესამე ნახევარი (განსაკუთრებით ფინალური 40 წუთი) მარტივად გადაწონის იმ მინუსებს როგორიცაა დიალოგების სიმრავლე ან მომენტებში ზანტი სცენები, სადაც არაფერი არ ხდება. ასე და ამგვარად, Road House ნამდვილად იმსახურებს ადგილს ნებისმიერი მძაფრსიუჟეტიანი ფილმების თაყვანისმცემლის როგორც ციფრულ, ისევე ფიზიკურ კოლექციაშიც.

გზისპირა ბარი (Road House)
რეჟისორი
: როუდი ჰერინგტონი (Rowdy Harrington)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 54 წუთი

75/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
აბლაბუდა (Cobweb)

აბლაბუდა (Cobweb)

| ბოროტი საიდუმლოებები საძინებლის კედლებს მიღმა

შემდეგი
უკანასკნელი ზაფხული (L’été dernier)

უკანასკნელი ზაფხული (L’été dernier)

| კატრინ ბრეიას პროვოკაციული დაბრუნება: სასიყვარულო ურთიერთობა ანასა და თავისი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share