გზისპირა ბარი (Road House) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

80-იანი წლების კლასიკური, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის განახლებული ვარიანტი დაგ ლიმანისგან

ჯეიკ ჯილენჰალი ფილმიდან – ‘Road House’

საბრძოლო კარიერის დატოვების შემდეგ, ყოფილი პროფესიონალი მოკრივე, UFC-ს მებრძოლი – ელვუდ დალტონი (ჯეიკ ჯილენჰალი) იწყებს მუშაობს მცველად ფლორიდის ერთ-ერთ სახიფათო კაფე-ბარში. ახალი დასაწყისის ძიებაში, ის ცდილობს დაამყაროს წესრიგი და მშვიდობა სწორედ ამ ბარში, უბრალო სახელით – Road House (Double Deuce-ს მაგივრად, როგორც ორიგინალში), რომელიც სახელგანთქმულია ხშირი ჩხუბებითა და აყალმაყალით. თუმცა, დალტონი მალევე აღმოჩნდება ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტებისა და ფიგურების სამიზნე.

1989 წელს, ორიგინალმა Road House-მა, გამოიყენა პატრიკ სუეიზის დიდებულება და აჩვენა მისი მრავალფეროვნება როგორც ცეკვაში (Dirty Dancing, 1987), ასევე ბრძოლაში. ახლა კი, 35 წლის შემდეგ, რემეიქი – ჯეიკ ჯილენჰოლის მონაწილეობით, სულ რამდენიმე დღეა რაც სტრიმინგ პლათფორმებზე გამოვიდა. მიუხედავად ტონალური ცვლილებისა მთავარ მსახიობებს შორის, ახალი ვერსია ცდილობს მაყურებლებს შესთავაზოს გასართობი და განახლებული სანახაობა. რეჟისორი რემეიქისა დაგ ლიმანია, რომლის ნამუშევრებიდან ცნობილია Edge Of Tomorrow, The Bourne Identity და Mr and Mrs Smith (არამხოლოდ).

ჯეიკ ჯილენჰალი და ბილი მაგნუსენი ფილმიდან – ‘Road House’

დალტონის ისტორია აშკარაა: ოდესღაც ძლიერი ძალა, სიკვდილის მანქანა UFC-ის რინგზე, ის ახლა მისი ყოფილი „მე“-ს აჩრდილია, ყველგან დასდევს ფიქრები წარსულ, ტრაგიკულ ინციდენტზე, რომელმაც დაასრულა მისი კარიერა. 40 წელს გადაცილებული და იმედგაცრუებული მთავარი გმირი მიწისქვეშა ჩხუბებით შოულობს ზედმეტ ფულს და თესავს შიშს ოპონენტებში, მისი უბრალო გამოჩენითაც კი. (გახსნით სცენაში, სწორედ ამ მიწისქვეშა არენაში ვხვდებით ცნობილ მომღერალს პოსტ მალონს, ერთ-ერთი მებრძოლის როლში) ელვუდი ცხოვრებით დაღლილი ადამიანია, რომელსაც დანით მიყენებული ჭრილობებიც კი არ აწუხებს, უპრობლემოდ მკურნალობს მათ ხელთ არსებული ინვენტარით. თუმცა მის სამყაროში ცვლილების სახით ჩნდება ვინმე უცნობი, სახელად ფრენკი (ჯესიკა უილიამსი), რომელიც ყველაზე ძლიერ და შეუპოვარ მცველს ეძებს, თავისი ბარისთვის. მოულოდნელი შესაძლებლობის გათვალისწინებით, დალტონი თანხმდება, იღებს გამოსყიდვის შანსს შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ და სცადოს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი – რასაც ის მალევე პოულობს.

დანიელა მელქიორი ფილმიდან – ‘Road House’

Road House-ის რიმეიქის პირდაპირ სტრიმინგ სერვისებზე გამოშვების გადაწყვეტილება ლიმანისთვის კამათისა და იმედგაცრუების მიზეზი გახდა. სავარაუდოდ ფილმი იგეგმებოდა თეატრალური რელიზისთვის, მაშინ როცა ამაზონი უფრო Prime Video დებიუტისკენ იხრებოდა. პრემიერამდე ლიმანმა ღონისძიების ბოიკოტირებაც განიხილა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენებას მაინც დაესწრო და არჩია უშუალოდ სცენაზე არ გასულიყო. ლიმანის პოზიცია ამ ყველაფერზე გასაგებია; მიუხედავად სიუჟეტის პროგნოზირებადობისა, რემეიქი ასე თუ ისე კარგად გაკეთებული, სოლიდური ექშენ ფილმია, რომელსაც შეეძლო კინო გაქირავებაში საკმარისი ფული “დაეწერა” და აგრეთვე დაემკვიდრებინა ადგილი 30-35+ ასაკის დემოგრაფია/აუდიტორიაში. დაუმორჩილებელი დალტონი, რომელიც ებრძვის თავის წარსულ და აწმყო მოწინააღმდეგეებს, სწორედაც რომ გვთავაზობს ნოსტალგიის და ჟანრის არსებულ კონვენციებისადმი მიმავალ ბანალურ, მაგრამ სასიამოვნო მაცოცხლებელ შეგრძნებას.

ფილმი სავსეა საოცრებათა მთელი რიგით: ფლორიდის სასტიკი ნიანგებიდან დაწყებული, დაძაბული, თვალწარმტაცი წყლის კატერების რბოლებით, ბაიკერთა ბანდებით და ინტენსიური დაპირისპირებებით დამთავრებული. ჯილენჰოლის ბოლოდროინდელი ტრაექტორია კინოში, კერძოდ კი მიდრეკილება მძაფრსიუჟეტიანი ფილმებისკენ როგორიცაა მაგალითად გასული წლების – Ambulance (2022), Guy Ritchie’s The Covenant (2023), არ საჭიროებს კრიტიკას. ვინაიდან Road House-ში, ჯეიკი ისისხლხორცებს დალტონს განუმეორებელი ფიზიკურობით, სიმსუბუქითა და მოსწრებული სიტყვა პასუხით. აღსანიშნავია აგრეთვე, კონორ მაკგრეგორის დებიუტი როგორც უარყოფითი პერსონაჟი ნოქსი – ერთადერთი ძლიერი ძალა, რომელსაც შეუძლია დალტონთან დაპირისპირება. მაკგრეგორის ეს პერსონაჟი აფრქვევს საოცარ ქარიზმას ეკრანზე, თუმცა მომენტებში უხერხულობის შეგრძენებასაც იწვევს. ( ეს ორი ერთად მაინც რაღაცნაირად მუშაობს) ხოლო მისი კულმინაციური შერკინება ელვუდთან ფილმის ბოლოსკენ, მაყურებელს კარგი ქორეოგრაფიით გააოცებს.

კონორ მაკგრეგორი ფილმიდან – ‘Road House’

ასე და ამგვარად, ბოროტმოქმედები დასჯილები არიან, ხოლო ფლორიდა კიზში ნელ-ნელა ბრუნდება სიმშვიდე. საბოლოო ჯამში, Road House კარგი, გასართობი “ბოევიკია”, რომელსაც მოაქვს სასიამოვნო საზაფხულო ატმოსფერო, (ერთგვარად) აღემატება ორიგინალ 89 წლის ფილმსაც და ცხადია, იმსახურებს დიდ ეკრანებსა და კინოთეატრებს. ელვუდ დალტონი კი გამოირჩევა როგორც იშვიათი სახეობის ჯენტლმენი, რომელიც დახმარებას უწევს თავის მოწინააღმდეგეებსაც კი, რაც მოიაზრებს მათ სამედიცინო დახმარებასა და საავადმყოფოში გაშვებას, სანამ ეს უკანასკნელი საკუთარ ჭრილობებს მიხედავს. Road House მისი ზედაპირული მიმზიდველობის მიუხედავად, ცდილობს აუდიტორიამდე მოიტანოს მარტივი, მაგრამ მომხიბვლელი მესიჯი – საკუთარი თავის პატიების და ბედისწერის ძახილის ყურადღების აუცილებლობის შესახებ.

ფილმი ხელმისაწვდომია ამაზონის სტრიმინგ სერვისზე.

გზისპირა ბარი (Road House)
რეჟისორი
: დაგ ლიმანი (Doug Liman)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 54 წუთი

70/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
უკანასკნელი ზაფხული (L’été dernier)

უკანასკნელი ზაფხული (L’été dernier)

| კატრინ ბრეიას პროვოკაციული დაბრუნება: სასიყვარულო ურთიერთობა ანასა და თავისი

შემდეგი
3 სხეულის პრობლემა (3 body problem)

3 სხეულის პრობლემა (3 body problem)

| Netflix-ის ახალი Sci-fi სერიალი სამეფო კარის თამაშების შემქმნელებისგან

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share