ვონკა ან ტკბილი სიურპრიზები და კინემატოგრაფიული მაგია: შოკოლადის ზღაპრის საწყისები
“Wonka” წარმოადგენს პრიქუელს, სადაც ვეცნობით ვილი ვონკას, როალდ დალის ნაწარმოების – “Charlie & Chocolate Factory”-ს პერსონაჟს, და ვიგებთ თუ როგორ ააშენა ვილიმ თავისი ტკბილი იმპერია ნაბიჯ-ნაბიჯ. წიგნის ეკრანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ გადაიღეს. ერთი 1971-ში (რეჟისორი მელ სტიუარტი), ოდნავ შეცვლილი სახელით – “Willy Wonka & Chocolate Factory”, სადაც იკონური პერსონაჟის ამპლუა ლეგენდარულმა ჯინ ვაილდერმა შეითავსა და მეორე – 2005-ში რიმეიქი სწორი სახელწოდებით, როგორც წიგნი, გადაღებული ტიმ ბარტონის მიერ, ხოლო ვონკა – ჯონი დეპმა განასახიერა. მესამე ფილმი კი ცდილობს ამ სამყაროში მცირედი სიახლე შემოიტანოს და უფრო მეტი სიღრმე შესძინოს ვილის პერსონას. ამჯერად კი ტიტულარული გმირის როლი – ტიმოთი შალამეს ერგო.
აღნიშნული ფილმის რეჟისორი – პოლ კინგია, რომელმაც აქამდე საკმაოდ ცნობილი კლასიკები შემოგვთავაზა, კერძოდ კი – “Paddington” და “Paddington 2”. როგორი მყუდრო, თბილი და ცოცხალი სამყარო იყო ამ ორ უკანასკნელ ნამუშევარში, ისეთივე ატმოსფეროა “Wonka-შიც”. პატარა ქალაქი, სავსე მხიარული ბინადრებითა და მონოპოლისტი “ზვიგენებით”, დაბრმავებული ძალაუფლებით, რომლებიც ნებისმიერს შეჭამენ ცოცხლად, ოღონდ მათ შოკოლადის ინდუსტრიას არავინ შეეხოს. რაღაც მხრივ ამ ყველაფერმა, 2000 წელს გამოსული კინოსურათი – “Chocolat” გამახსენა. იქაც, მსგავსი პატარა კონსერვატიული ოფშორული ქალაქია, სადაც მსგავს ცდუნებებს ამრეზით უყურებენ და უბრალოდ არ მიესალმებიან. მთავარი გმირი – ვიან როშერი (ნათამაშები – ჯულიეტ ბინოშის მიერ) ცდილობს ამ პატარა ქალაქში შოკოლადის მაღაზიას გაკეთებას, რასაც მოყვება მთელი რიგი კონფლიქტი და სახის მოღუშვები, ვინაიდან ყველა ცდილობს შეეწინააღმდეგოს ამ “უცხო ხილს”. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, საბოლოოდ, სიკეთე იმარჯვებს, მობინადრენი გასინჯავენ ტკბილ ნუგბარს და დაეხმარებიან კიდეც ვიანს მაღაზიის განვითარებაში. (ამაზე ალბათ რამე სხვა დროს)
“Wonka” ფრენჩაიზში მისი წინამორბედებისგან (1971 და 2005 წლის ეკრანიზაციები) დიდად არ განსხვავდება, იმ მხრივ რომ, ესეც იდეაში – მიუზიკლია, სადაც ცოტ-ცოტა მუსიკალური ნომრები მიმობნეულია ზომიერად. არც ისეთი ბევრი რომ, მაყურებელი დაღალოს და არც ძალიან ცოტა, რომ ნაკლებობა იგრძნოს, სადღაც შუაში. სიუჟეტი საკმაოდ მარტივია, ოდნავ ბანალურიც კი, თუმცა სავსებით ადვილია მიჰყვეთ, არ არის ძალიან ჩახლართულ/დატვირთული და აუდიტორიას მალევე უჩნდება ემპათია მთავარი გმირის მიმართ, რომ მიაღწიოს თავის საწადელს, კერძოდ კი – ტკბილეულობით სავსე მაღაზიის გახსნას, ბევრი სიძნელისდა მიუხედავად. დროდადრო თითქოს ფილმში რამდენიმე ნაკლი შეინიშნება – სიმღერები არც ისე დასამახსოვრებელია, ტიმოთი შალამეს მიერ ნათამაშები ტიტულარული პერსონაჟი – საშუალოა (თუ რათქმაუნდა ლეგენდარულ ჯინ ვაილდერს შევადარებთ, თუმცა 2005 წლის რიმეიქში დეპს ნათლად ჯობია), მიუხედავად იმისა რომ ცდილობს, CGI ცოტათი უღიმღამოა, ფილმის ტემპი ოდნავ ჭიანურდება და გრჩებათ ისეთი შთაბეჭდილება რომ, მთლიანი სურათი რაღაცნაირად სტერილურია. აგრეთვე საყვარელი “უმპა-ლუმპების” ისტორია ოდნავ სახეცვლილია, (წიგნთან შედარებით), მაგრამ – თვითონ ცვლილება, თავისთავად სიახლეა, ნორმალური და მისასალმებელია. ბოლოს და ბოლოს, ვონკას ფილმები რაიმე დიდი ე.წ. multiverse არ არის და ერთ სამყაროში მაინც და მაინც არ ოპერირებს.
ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს ადვილად ჩრდილავს სხვა დანარჩენი, კერძოდ კი – კარიკატურული, სასაცილო ბოროტმოქმედი პერსონაჟები, სახალისო ბრიტანული აქცენტებითა და ცბიერი დამოკიდებულებით. უარყოფით პერსონაჟთა რიგებში მოგვევლინენ ცნობილი კომიკოსები და მსახიობები ბრიტანეთის სამსახიობო/კომედიური სცენიდან, როგორებიცაა: Rowan Atkinson (იგივე მისტერ ბინი ან აგენტი ჯონი ინგლიში), Matt Lucas (სერიალი “Little Britain”), Paterson Joseph (სერიალი “Peep Show”) და Mathew Baynton. (ნაკლებად ცნობილი სერიალებიდან – “Ghosts”, “Horrible Histories”, “Yonderland” და ა.შ.) მეტად უცნაური იყო ოლივია კოლმანის ხილვა სასტუმროს ბოროტი მეპატრონის როლში, მაგრამ როგორც ყოველთვის ოლივიამ თავი ამ ამპლუასაც შესანიშნავად გაართვა თავი, ისევე როგორც ზემოთ ნახსენებმა მსახიობთა კოლექტივმა. ბონუსად ვხვდებით – Keegan-Michael Key-საც პოლიციელის როლში. (“Get Out”, “Kay & Peele) რაღათქმაუნდა, ამ სანახაობას ამშვენებს უმაგრესი, გენიალური ჰიუ გრანტი – “უმპა ლუმპას” როლში. (თუკი წინა ფილმებში მათ ტომს ვხედავდით, აქ ის მხოლოდ ერთია. თუ რატომ, ამას ფილმში გაიგებთ, მარტივად) ესე ზუსტად უხდებოდეს მსახიობი როლს, იშვიათია. ცხადია, ჰიუ ბოლომდე ირგებს ამ ე,წ, გარეგნობას და ახალისებს სურათს თავისი სარკაზმით, ქარიზმით და იუმორისტული რეპლიკებით. (ფილმის გადაღების შემდეგ კი, ერთ-ერთ ინტერვიუში ჰიუმ აღიარა რომ, “უმპა ლუმპას” თამაში კატასტროფა იყო მისთვის, ისევ და ისევ “green screen-ისა” და CGI-ს გამო. არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი რომ, ბატონი ჰიუ ძველი ყაიდის მსახიობია და მსგავსი რამეები ოდნავ ახალი ხილია ინგლისელი მსახიობისთვის) ო, ის ამავედროს ხშირად “ლაპარაკობს” (ან მღერის) დიალოგების დროს – “უმპა ლუმპების” ცნობილ სიმღერასაც (რომელსაც ’71 წლის ფილმში ვხვდებით), რაც ვფიქრობ, მშვენიერი reference იყო.
დღის ბოლოს, “Wonka” შესაძლოა ოდნავ საშუალო დონის ფილმი იყოს და შეიძლება იგრძნოთ რომ ოდნავ უღიმღამობისკენ მიიწევს, მაგრამ საკმარისია მისცეთ მცირეოდენი შანსი, არ დაუყენოთ წინა ფილმს (გამოვრიცხოთ 2005 წლის რიმეიქი) შესადარებლად, აღიქვათ როგორც ცალკემყოფი ისტორია და ნათლად დაინახავთ, რომ მთლიან ფილმში ნამდვილად არის ჩადებული სული და გული. დიახ, ხანდახან პრიკველების პრაქტიკა არც ისეთი საჭიროა ან მომგებიანი ჰოლივუდში, (რაც ცალსახად “Wonka-საც” ეხება), მაგრამ ამჯერად ვილი ვონკას ზღაპარი – გამონაკლისის სახით არსებობს. აღნიშნული მცირე მინუსებისდა მიუხედავად, კინოსურათი სთავაზობს ნებისმიერი სახის ასაკის მაყურებელს – სითბოს, სიმყუდროვეს, ხალისს და ფამილიარულობას – ის რაც, დეკემბრის ბოლო, სუსხიან ცივ დღეებში ასე ძალიან გვჭირდება. აუცილებლად უყურეთ ვილი ვონკას იმპერიის საწყისებს კინოეკრანზე, როცა მოახერხებთ. ცხადია, შოკოლადით ხელში, უფრო მეტი იმერსიულობისთვის.