რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სოლთბერნი (Saltburn)

როგორ იქცევა მენტალური პენეტრაცია მდიდრების სამყაროში ფიზიკურად და – პირიქით.

“არ ვიყავი მასზე შეყვარებული. ყველა ფიქრობდა, რომ ვიყავი, მაგრამ – არა. რა თქმა უნდა, მიყვარდა ის, შეუძლებელი იყო არ გყვარებოდა ფელიქსი, სწორედ ეს იყო პრობლემა,”

“ – ამ სიტყვებით იწყება ემერალდ ფენელის “სოლთბერნი” და 131 წუთის განმავლობაში გვიყვება ამბავს, სადაც რთულია გაარკვიო ნამდვილად უყვარს თუ არა ოლივერს ფელიქსი. 

“სოლთბერნი” რეჟისორის წინა ფილმის “იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალის” მსგავსად შურისძიებით მოტივირებული სურათია, რომელშიც მთავარი პერსონაჟი ნებისმიერი, თუნდაც მორალურად მიუღებელი გზით საკუთარი მიზნების მიღწევას ცდილობს. “არ მაინტერესებს რაღაცების იმისთვის კეთება, რომ ადამიანები მორალურად განვსაჯოთ, ჩემთვის მთავარი ქმედებების გაგებაა,” – ამბობს რეჟისორი. ამიტომ არ არსებობს მისთვის წითელი ხაზი, რასაც მისი პერსონაჟები არ გადაკვეთენ.

ოლივერი ოქსფორდის სტიპენდიანტი სტუდენტია საშუალო ფენის ოჯახიდან, რომელიც ყველაზე პოპულარული ფელიქსის გაცნობასა და მის სამყაროში შეღწევას ცდილობს. ამისთვის მას ახალ პიროვნების შექმნა უწევს, რაც ფელიქსისთვის საინტერესო უნდა იყოს, რადგან მისგან განსხვავებულია და ამავდროულად თანაგრძნობის განცდას უჩენდეს. ამიტომაც ამბობს ოლივერი, რომ ნარკო და ალკოდამოკიდებული მშობლები ჰყავს, მამა მოუკვდა და ზაფხულის ოჯახთან ერთად გატარება არ უნდა და ფელიქსიც მზადაა სოლთბერნში, მის სახლში, რომელიც ოლივერისთვის სასახლეა, დაპატიჟოს ის. 

“სოლთბერნი” ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ, ოლივერის სოლთბერნში ჩასვლამდე და იქ ყოფნის პერიოდი, როცა მისი პიროვნება სრულიად იცვლება და ვხვდებით, რომ “წმინდანი” ოლივერი ისეთივე “ბინძურია,” როგორც ფელიქსის ოჯახის წევრები და თუ დასაწყისში უპირობოდ ვიღებთ ფელიქსისადმი მის სიყვარულს, ეტაპობრივად ვეჭვდებით მასთან სიახლოვეა ოლივერის მიზანი თუ მისი სამყაროს დაპყრობა. ოლივერი ისეთივე პერსონაჟია “სოლთბერნში,” როგორც იდუმალი სტუმარი პიერ პაოლო პაზოლინის “თეორემაში,” რომელიც ოჯახის თითოეული წევრის ცხოვრებას ცვლის. 

ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც ოლივერი საფრთხეა და მისი რეალური სახის დანახვა შეუძლია ფელიქსის ბიძაშვილი ფერლია, თუმცა მის აზრს არავინ ითვალსწინებს, რადგან ისიც ისეთივე უცხო და გარიყულია მათგან, როგორც ოლივერი. არისტოკრატი ოჯახისთვის 2007 წელს ჯერ კიდევ მიუღებელია განსხვავება სექსუალურ ორიენტაციასა თუ კანის ფერში. დიალოგი ფელიქსის დედასთან საცოდავ, ძვირფას პამელაზე, რომელსაც ქერი მალიგანი თამაშობს ასევე ერთგვარი გამოღვიძებაა მაყურებლისთვის და ელსფეთისთვის დააკვირდეს ოლივერს. ისტორიებს, რომელსაც პამელა თავის თავზე ყვება არათანმიმდევრულს უწოდებს და ეჭვქვეშ აყენებს მის მუდმივ სიბრალულს საკუთარი თავის მიმართ. რეალურად კი ოლივერი საკუთარ თავსა და მის შეთხზულ ამბებს გულისხმობს.

“სოლთბერნის” მთავარი სიმბოლო მინოტავრია, რომელიც ლაბირინთში დგას და ოლივერს განასახიერებს. აღსანიშნავია ის, რომ მისთვის გამართულ დაბადებისდღის წვეულებაზე სწორედ რქები ადგას თავზე მას და ქანდაკების სხეული რეალურად ოლივერის ტანია. მინოტავრი ცხოველურ საწყისებს აღვიძებს მასში, ყოველგვარი რაციონალური გააზრების გარეშე მიიღოს ის, რაც უნდა. და მიუხედავად იმისა, რომ ოლივერი ფილმის დასასრულში თავად გვიხსნის თავის მოტივებსა და ქმედებებს, დარწმუნებულები მაინც არ ვართ შურისძიება სიყვარულის მიუღებლობით არის მოტივირებული და ეს იწვევს გარდასახვას მასში თუ ყველანაირი გრძნობა ფელიქსის მიმართ ილუზიაა. თუმცა, ამაზე ზუსტ პასუხს თითქოს ისიც ვერ გვეუბნება, – “I loved him. But was I in love with him?” 

“I loved him. But was I in love with him?” 

“”სოლთბერნი” ფილმია ვიღაცისა და მისი სამყაროს სიყვარულზე, რომელიც არასდროს გიპასუხებს უკან ამ გრძნობით,” – ამბობს ემერანდ ფენელი, ამიტომ ოლივერს უწევს მოიფიქროს გზა იმისთვის, რომ ეს სიყვარული რამენაირად მოიპოვოს. თუმცა რთულია იმის გარკვევა მისი სიყვარული გულწრფელია თუ ვნებაა დამორჩილებისა და პენეტრაციის, შეღწევის, როგორც სოლთბერნში, სასახლეში, ასევე კატონების ოჯახის წევრებში. აბაზანისა და საფლავის სცენა სწორედ ამ სურვილს გამოხატავს, ოლივერის სურვილს ერთ შემთხვევაში შეიწოვოს ფელიქსის ნაწილი, მეორეგან კი შეაღწიოს მასში. ფელიქსი მისთვის დანაკარგიც არის და გამარჯვებაც. 

ემერალდ ფენელი ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის “სოლთბერნი” არა მორიგი “შეჭამე მდიდარი” კონცეფციაზე შექმნილი ფილმია, არამედ, უფრო მეტად შემდეგი მიმართებაა –  “ალოკე მდიდარი, ამოწოვე, შემდეგ უკბინე და გადაყლაპე ის.” სწორედ ამას აკეთებს ოლივერი და “სოლთბერნის” დასასრულში Sophie Ellis-Bextor- ის Murder on the Dancefloor-ზე ცეკვავს, მან უკვე მიაღწია მიზანს, შეაღწია სამყაროში, რომელიც უკვე მისია და შეუძლია იზეიმოს.

სოლთბერნი (Saltburn)
რეჟისორი
: ემერალდ ფენელი

ხანგრძლივობა: 2 საათი და 7 წუთი

75/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Bill Ryder-Jones – I Hold Something In My Hand

Bill Ryder-Jones – I Hold Something In My Hand

| Album: Iechyd Da

შემდეგი
Kali Uchis – Tu Corazón Es Mío / Diosa

Kali Uchis – Tu Corazón Es Mío / Diosa

| Album: Orquídeas

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share