რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

წმინდა ობობა (Holy Spider)

მკვლელი თუ გმირი – როგორ იღებს ირანის საზოგადოება სერიულ მკვლელს, რომელიც “საღვთო საქმეს” ემსახურება

ალი აბასის “წმინდა ობობა” ირანის ქალაქ, მაშჰაადში 2001 წელს გამოჩენილ სერიულ მკვლელს ეხება, რომელმაც 16 სექს მუშაკი იმსხვერპლა. მსხვერპლი შემთხვევითი იყო, მიზანი – წინასწარ განზრახული და მტკიცე – გაიწმინდოს ქალაქი სიბინძურისგან. 

“ვისურვებდი, რომ ომი არ დამთავრებულიყო. ზოგმა თავი გაწირა, ზოგი დაიკარგა, ვიღაცები სხეულის ნაწილი გარეშე დარჩნენ ან კუბოთი დაუბრუნდნენ ოჯახებს, მე არაფერი გავმხდარვარ. რატომ? რადგან არ დავიმსახურე? რატომ არ ვიმსახურებ?” – ამბობს საედ ჰანაი (მკვლელი) და ცხადია, მას ღმერთისთვის ღირსების დამტკიცება და საკუთარი თავისთვის მნიშვნელობის მინიჭებსა სურს. რადგან ომში ვერაფერს მიაღწია, ცდილობს ყოველდღიური ცხოვრება აქციოს ბრძოლის ველად. საედს ორი ცხოვრება აქვს, ერთი, რომელშიც მშენებლად მუშაობს, ოჯახი ჰყავს და მზრუნველია თავისი ცოლისა და სამი შვილის მიმართ და მეორე, რომელშიც ღამე მსხვერპლზე ნადირობს. 

“ეს ამბავი უფრო მეტად იმაზეა, როგორ ქმნის საზოგადოება სერიულ მკვლელს”

ალი აბასი

აბასი ამბობს – “ეს ამბავი უფრო მეტად იმაზეა, როგორ ქმნის საზოგადოება სერიულ მკვლელს,” ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობები დეტალიზებული და სასტიკია, რეჟისორი კომენტარს არ აკეთებს საედზე, არ გვიხატავს მას, როგორც დაუნდობელ, ცივსისხლიან ადამიანს. პირიქით, საედი საცოდავია, თუმცა სწორედ ამ ნიშნით ხდება საშიში. რადგან სჯერა, რომ ღმერთის სახელით მოქმედებს და კარგ საქმეს აკეთებს, ამიტომ ის არასდროს გაჩერდება, “მე ყველაფერი ღმერთისთვის გავაკეთე. ჯერ არ დამსრულებია.” 

“წმინდა ობობის” ცენტრალური ფიგურა მკვლელთან ერთად ჟურნალისტი რაჰიმია, რომელიც მაშჰაადში დანაშაულის გამოსაძიებლად ჩადის და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საედის გამოსააშკარავებლად. რაჰიმი რეჟისორის იარაღია, აჩვენოს როგორია ქალი ირანში და რამდენად განსხვავებულია იმ სურათისგან, რასაც, როგორც წესი, კინოში გვიხატავენ. “აჩვენებენ როგორ სძინავთ ქალებს საკუთარ სახლებში თავსაბურავით, რაც მკაცრად რელიგიურ ოჯახებშიც კი არასდროს ხდება. 50 წელი სრული ჩავარდნაა ირანულ კინოში ქალის სხეულის პრეზენტაციის თვალსაზრისით და დაყვანილია “მოლაპარაკე თავამდე” – ლაპარაკობენ, იცინიან და ტირიან თავები,” – ამბობს აბასი. რეჟისორი ქალს უბრუნებს სხეულს კინოში და ლაპარაკობს ირანისთვის ყველაზე აკრძალულზე – ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებზე და გვაჩვენებს, რომ ისინი არსებობენ და ისეთი ადამიანები არიან, როგორც სხვები, იმ განსხვავებით, რომ მათ კლავენ და პოლიცია სრულიად ინდიფერენტულია ამ ფაქტის მიმართ, – “ეს კაცი მათთვის წმენდს ქუჩებს, როგორ ფიქრობ მას დაიჭერენ?!”

ალი აბასი ეხმიანება 2022 წლის ქალების მართულ ირანის საპროტესტო მოძრაობას, რომელიც სავალდებულო ჰიჯაბის ტარების აკრძალვას ემსახურება. რაჰიმიც ეწინააღმდეგება სასტუმროს პერსონალის მხრიდან მოთხოვნას შეისწოროს ჰიჯაბი, რადგან თმა უჩანს და სიმბოლურად მთელი ეს გამოძიებაც მისი წინამძღოლობითა და ჩარევით მიმდინარეობს. 

ირანში არსებული ცენზურის გამო, რითაც ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკარგებოდა, “წმინდა ობობა” იორდანიაშია გადაღებული. თუმცა, ალი აბასი ოსტატურად ახერხებს იმ გარემოს გადმოტანას, რაც მაშჰაადში უნდა გვენახა.

“წმინდა ობობის” ყველაზე მნიშვნელოვანია ასპექტია, როგორ იქცევა დამნაშავე გმირად და როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას კაცის მიმართ, რომელიც, მათი რწმენით, “საღვთო საქმეს” აკეთებს. “მამაშენს არანაირი ბრალი არ მიუძღვის,” – ეუბნება საედის ცოლი შვილს და ისიც ამაყობს გმირი მამით, რომელიც მაშჰაადის წმინდა ქუჩებს წმენდს.

ფილმის საკვანძო და ყველაზე დრამატული ეპიზოდია ინტერვიუ შვილთან, რომელიც მამის მკვლელობებს დეტალურად ყვება და დემონსტრაციას საკუთარ დაზე ახდენს, აწვენს იატაკზე, ახრჩობს და ხალიჩაში ახვევს ისე, თითქოს ნაგავს იშორებდეს და ხვდები, რომ პრობლემა არა ერთი ადამიანის ამბიციაა, არამედ საზოგადოდ ჩაბუდებული მიზოგინური აზროვნება, რასაც ბოლო არ აქვს. 

“წმინდა ობობამ” საფესტივალო თვალსაზრისით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. 2022 წლის კანის ფესტივალზე ზარ ამირ ებრეჰიმი (რაჰიმი) დასახელდა საუკეთესო ქალ მსახიობად. 

წმინდა ობობა (Holy Spider)
რეჟისორი:
ალი აბასი

ხანგრძლივობა: 1 საათი და 55 წუთი

86/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Green Day – Dilemma

Green Day – Dilemma

| Album: Saviors

შემდეგი
საბრალო სულები (Poor Things)

საბრალო სულები (Poor Things)

| ფრანკენშტეინის ეროტიულ-აბსურდული თანამედროვე ვარიაცია

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share