რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

დიუნი: ნაწილი ორი (Dune: Part Two)

დაბრუნება არაკისზე: ეპიკური საგის გაგრძელება

ტიმოთი შალამე ფილმიდან ‘Dune: Part Two’

სიტყვა, რომელსაც, სავარაუდოდ, ყველაზე ხშირად გამოვიყენებდით დენის ვილნევის ახალი ფილმის Dune: Part Two-ს აღსაწერად , “მასიური” იქნებოდა. ან თუნდაც უამრავი ვარიაცებით სხვა სიტყვებზე, როგორებიცაა “ეპიკური” ან “სპექტაკლი”. დავესესხები ამ სიტყვებს ბრაიან ტალერიკოს, რადგან ის ყველაზე ზუსტად აღწერს იმ შთაბეჭდილებას, რაც ნახვის შემდეგ რჩება. დიდ ეკრანებზე 3 წლის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და დიდებული ფრენჩაიზის გაგრძელება დაბრუნდა, რომლის ადაპტირებაც ოდესღაც შეუძლებლად ითვლებოდა. (რაც გარკვეუწილად ასეა) თუმცაღა, ამ ორი ფილმით დენის ვილნევმა რაღაც ღირსშესანიშნავს მიაღწია, აჩვენა შთამბეჭდავი ვიზუალური სანახაობა და უფრო ღრმად ჩაძირა მაყურებელი არაკისის უდაბნოებსა და ფრემენთა კულტურაში. მაგრამ როგორც მსგავს დიდ ბლოგბასტერებს სჩვევიათ, Dune Part Two-ს გარშემო მყოფმა აჟიოტაჟმა და “ჰაიპმა” ასევე მოიტანა როგორც დაღლილობის ის გონებრივი “დაბუჟების” შეგრძნება. მიუხედავად ამ ყველაფრისა მეორე ნაწილმა მაინც მოახერხა “ჰაიპის” და მღელვარების “აწევა”, კინემატოგრაფიულ ღონისძიებად მოვლენა, რომელიც მოიაზრებს ჩინებულ კოსმოსურ ოპერას, ბლოგბასტერის ნაჭუჭში შეფუთული.

ტიმოთი შალამე და ზენდეია ფილმიდან ‘Dune: Part Two’

Dune: Part Two, თავის ვეებერთელა ქრონომეტრაჟს საინტერესოდ იყენებს: პირველ საათში აუდიტორია მალევე იძირება ექშენში, რომელიც აქ ორჯერ, სამჯერ მეტია, თუმცა მომენტებში, შესაძლოა გადაჭარბებულიც და ცოტათი დამღლელიც გახდეს. ვიზუალური მხარე როგორც ყოველთვის, აღტაცებას იწვევს, ფერების სიმრავლით და ამასთანავე პერსონაჟებს შორის გაუმჯობესებული ქიმია საკმაოდ კარგად გადაწონის პირველი ნაწილის მინუსებს. ფილმის პირველი ნახევარი განსაკუთრებით თვალშისაცემია, კერძოდ კი სცენით, სადაც პოლი პირველად ჯდება და ითვინიერებს ქვიშის გიგანტურ ჭიას, რომელიც ნამდვილად დაატყვევებს მაყურელს თავისი ეპიკურობით. საინტერესო იყო ფრემენების უდაბნოს კულტურისა და მათი “პარტიზანული ომის” ტაქტიკის შესწავლა ჰარკონენთა წინააღმდეგ, რომელზეც თავისუფლად შეგვიძლია გავიხსენოთ მისტიური Tusken Raider-ები. ტატუინის უდაბნოდან. (Star Wars-ის სამყაროში) ეფექტური იყო სცენები, სადაც მაყურებელი ხედავს როგორ ესხმიან თავს ფრემენთა ტომის მებრძოლები “სანელებლის” (ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი დიუნის სამყაროში) სხვადასხვა სამთო მანქანებს, ხოლო აფეთქებები და ცეცხლი კი ლამაზ სანახაობას გვთავაზობს, რამაც პირადად მე, ნოსტალგია გამიჩინა Dune-ის სმაყაროზე დაფუძნებული ცნობილ ვიდეოთამაშების (სტრატეგიის ჟანრში) მიმართ.

სტელან სკარსგარდი ფილმიდან ‘Dune: Part Two’

სამწუხაროდ ფილმი კარგავს თავის რიტმს მეორე ნახევრისკენ, როცა სიუჟეტი იკვლევს პოლის შინაგან ბრძოლებს მისი მესიანური ბედის მისაღებად. მსგავსი ნელი რიტმი კი გრძელდება ფინალურ აქტამდე, რომელიც ნელნელა აცოცხლებს ნარატივს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ აღწევს დამაკმაყოფილებელ ემოციურ კულმინაციას. ერთ-ერთი ასპექტი რამაც შესაძლოა მაყურებლის ჩართულობა შეაფერხოს, ფრემენთა წარმოჩენაა, რომლებიც ძალზედ იოლად უმკლავდებიან კარგად გაწვრთნილ ჰარკონენების ჯარისკაცებს, იმდენად მარტივად რომ თითქოს მათ საერთოდ დაავიწყდათ იარაღის გამოყენება. მიუხედევად მათი რიცხვითი უპირატესობისა, ჰარკონენთა სტრატეგიული ჩართულობის ნაკლებობამ შეამცირა დაძაბულობის შეგრძნება. ასე რომ ფართომასშტაბიან ბრძოლების (ტაქტიკური სიღრმით და ინტენსივობით სავსე) მოყვარულებს შესაძლოა ოდნავ გაუცრუვდეთ იმედი. თუმცაღა, ბატალური სცენები ამ ყველაფრის გათვალიწინებით, მაინც კარგად და კომპეტენტურად არის გადაღებული.

ჰარკონენების პლანეტა Geidi Prime მკვეთრი კონტრასტია არაკისის ცოცხალ ფერებთან, რომელიც ხასიათდება ინდუსტრიალიზმით, კაპიტალიზმით და ცივი, მკვდარი, უსიცოცხლო, მინიმალისტური ესთეტიკით. ერთ მომენტში, ჰარკონენთა ვიზუალზე შეგვიძლია პარალელი გაგავლოთ 1998 წლის ფილმ – Dark City-სთან, სადაც ასევე მსგავსი ვიზუალით ვხვდებით მისტიურ ადამიანებს, სახელად Strangers. თითქოს ამ ესთეტიკის ფონზე, Geidi Prime-ის მობინადრეებს, ერთგვარი ინდივიდუალურობა აკლიათ. დეივიდ ლინჩის 1984 წლის Dune-ში კი ეს პრობლემა თითქმის არ იყო და იგრძნობოდა ერთგვარი სახასიათო სტილი და პიროვნულობა. თუ კი პირველ ნაწილში რაბანი (დეივ ბაუტისტა) საკმაოდ შიშისმომგვრელი პერსონაჟი იყო და უშიშრად უძღვებოდა თავის ლაშქარს ბრძოლაში, მეორე ნაწილში (გასაგები მიზეზების) ბევრად უფრო “შერბილებული” და მშიშარა გახდა, ზოგ მომენტში ძალიან პათეტიკური და კომიკურიც კი.

რებეკა ფერგიუსონი ფილმიდან ‘Dune: Part Two’
ფლორენს პიუ ფილმიდან ‘Dune: Part Two’

ამის საპირისპიროდ, მაყურებელი ეცნობა კიდევ ერთ პერსონაჟს, კერძოდ კი ვლადიმერ ჰარკონენის (სტელან სკარსგარდი) ბიძაშვილს – ფეიდ რაუთას. (ოსტინ ბატლერი) 1984 წლის ვერსიაში, სტინგის ოდნავ ვულგარული პორტრეტისგან განსხვავებით, “მეორე ნაწილის” რაუთა სრულიად უთმო, ანდროგენული ფიგურის სახით გვევლინება, რაზეც შეიძლება თავგადახოტრილი მერლინ მენსონი გაგახსენდეთ Antichrist Superstar-ის პერიოდიდან. ოსტინი ჩინებულად ასახავს რაუთას ანტიგმირს, როგორც სახიფათო, სასტიკი და სოციოპათი ადამიანი. სამწუხაროდ ფეიდ რაუთას პერსონაჟი კარგად არ არის გაშლილი და საეკრანო დრო მცირე აქვს. თუმცა, მისი ერთ-ერთი გამორჩეული სცენა და მომენტი მთელ ფილმში – შავ-თეთრ ფერებში შესრულებული მომნუსხავი, დაძაბული და მასშტაბური ბრძოლის სცენაა დიდ კოლიზეუმში, სადაც იგი ატრეიდისების დატყვევებულ მეომრებს უპირისპირდება. ხოლო ფინალურ სცენებში, სადაც პოლი ფეიდს დუელში იწვევს, ნაკლებად შთამბეჭდავი და დაძაბულია, როცა ლინჩის Dune-ში, იგივე ბრძოლა ბევრად უფრო ინტენსიური და სანახაობრივი იყო.

ოსტინ ბატლერი და ლეა სედუ ფილმიდან ‘Dune: Part Two’
ტიმოთი შალამე და ოსტინ ბატლერი ფილმიდან ‘Dune: Part Two’

გარდა ამისა, მე მჯერა რომ Dune: Part Two კარგი ფილმია იმისთვის რასაც ცდილობს რომ იყოს. თითქოს პირველ ნაწილთან შედარებით მეორე – საგრძნობელი განახლებაა, მაგრამ მაინც რთულია აღქმა, როგორც დამოუკიდებელი, ცალკემყოფი ფილმი (წინა ნაწილის მსგავსად). ზოგიერთ პერსონაჟს აკლდა სიღრმე ან ზედმეტად ცოტახნით ჩნდებოდნენ ეკრანზე. (მაგალითად იმპერატორი შადამის გმირი, რომელიც თითქოს საკმარისად არ იყო განვითარებული) სამაგიეროდ, პოლის ტრანფორმაციისა და ლედი ჯესიკას განვითარებდი გმირის, როგორც მანიპულატორი, რელიგიური ფიგურა, დამაინტრიგებელი იყო. მათი კონტრასტი კი იდეალურად ერწყმის სტილგარის (ხავიერ ბარდემი) სახალისო პერსონაჟს, რომელსაც იუმორი შემოაქვს ახალ ნაწილში, ის რაც წინა ფილმს ასე ძალიან აკლდა. ზენდეია კარგად თამაშობს ჩანის, თუმცა მისი ქიმია ტიმოთი შალამესთან საკმაოდ სუსტია. მიუხედავად ამისა, ზენდეიამ ეფექტურად მოირგო პერსონაჟის მეამბოხე და სკეპტიკური ბუნება., რომელიც ეჭვობს მესიის უნარში წარმართოს თავისი ხალხი.

ფილმის ვიზუალური ასპექტები შესანიშნავად არის შესრულებული, რაც ნათლად აჩვენებს დენის ვილნევის განსაკუთრებულ ხედვასა და ამ სამყაროს ღრმა გაგებას. რაც შეეხება ოსკაროსანი ჰანს ციმერის საუნდტრეკს, მიუხედავად იმისა, რომ აქაც ნაკლებად დასამახსოვრებელი და გამორჩეული პარტიები იყო, ექშენის სცენებს ციმერის მუსიკა კარგად და ეფექტურად ავსებდა. ამასთანავე აღნიშვნას იმსახურებს მთავარი თემაც, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა ტრეილერებში და პრომო კამპანიაში.

ხავიერ ბარდემი ფილმიდან ‘Dune: Part Two’
ქრისტოფერ უოქენი ფილმიდან ‘Dune: Part Two’

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ Dune: Part Two-ს ნახვა ერთმნიშვნელოვნად ღირს, როგორც დიდი, საინტერესო ბლოგბასტერი, ის, რაც ასე ძაან აკლდა იანვარ/თებერვლის უღიმღამო და თითქმის მკვდარ თვეებს. ცხელი ქვიშა და მცხუნვარე მზე კი მაყურებელს სუსხიან მარტში სასიამოვნოდ გაათბობს და ჩაძირავს ფრემენებისა და ჰარკონენების დაძაბულ კონფლიქტში. ამ ყველაფრის ნახვა კი სასურველია – IMAX-ის დარბაზში, ავთენტურობისა და ატმოსფერულობის გასაორმაგებლად.

Dune: Part Two ამჟამად გადის კინოთეატრებში.

დიუნი: ნაწილი ორი (Dune: Part Two)
რეჟისორი: დენი ვილნევი (Denis Villeneuve)

ხანგრძლივობა: 2 საათი და 46 წუთი

85/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
ქალი კედელში (The woman in the wall)

ქალი კედელში (The woman in the wall)

| სულისშემძვრელი სიმართლე ირლანდიის ისტორიის ბნელ პერიოდზე - მკვლელობის

შემდეგი
ფურიები (Furies)

ფურიები (Furies)

| პარიზის კრიმინალური მიწისქვეშეთის სამყარო (როგორც “The Table” ჯონ ვიკის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share