“ეიფორიას” ვარსკვლავის, სიდნი სვინის შეუდარებელი შესრულება თინა სატერის დრამაში
“ვიცოდი, რომ საიდუმლო იყო, თუმცა, ასევე ვიცოდი, რომ პირობა მქონდა დადებული მემსახურა ამერიკელი ხალხისთვის,” – ამბობს 25 წლის რეალითი ვინერი, რომელსაც ბრალად ედება სახელმწიფო ინფორმაციის პრესისთვის გადაცემა, რაც 2016 წლის ამერიკის არჩვენებში რუსეთის ჩართულობას ადასტურებს. რეალითის ასაკისთვის მოულოდნელი წარმატება აქვს, საჰაერო-სამხედრო ძალების წევრი, იოგა ინსტრუქტორი და NSA მთარგმნელია, რომელიც პუშტუს, დარისა და სპარსულ ენებზე მუშაობს, თუმცა, ამის მიუხედავად, გადაწყვეტს საკუთარი წარმატება საფრთხის ქვეშ დააყენოს და გააკეთოს ის, რაც მისი აზრით სწორია. “ვფიქრობდი, რად მინდოდა სამსახური თუ სხვებს სარგებელს ვერ მოვუტანდი?”
“ვიცოდი, რომ საიდუმლო იყო, თუმცა, ასევე ვიცოდი, რომ პირობა მქონდა დადებული მემსახურა ამერიკელი ხალხისთვის”
ამბობს 25 წლის რეალითი ვინერი
2017 წლის 3 ივნისს რეალითის ორი FBI-ის აგენტი ხვდება სახლთან და ჩხრეკის ორდერით, რითაც უფლება აქვთ დაათვალიერონ მისი სახლი, მანქანა და ტელეფონი და საბოლოოდ ამავე დღეს აპატიმრებენ. ჩანაწერი, რომელსაც დაკითხვის დროს ამზადებენ, რეჟისორის, თინა სატერის დაინტერესებას იწვევს და ჯერ ამ სტენოგრამის მიხედვით, რომელიც სცენარს ჰგავს (ჩანაწერში აღნიშნულია მოქმედი პირები, რეალითი ვინერი და ორი კაცი – FBI-ის აგენტი) ჯერ სპექტაკლს დგამს, შემდეგ კი 2023 წელს ფილმს იღებს.
“რეალითი” სიტყვა-სიტყვით მიყვება რეალითი ვინერის დაკითხვის ჩანაწერს და მისი სახლის გარშემო ჩაკეტილ სივრცეში მიმდინარეობს. თავიდან სანამ უშუალოდ დაკითხვის პროცესი იწყება, აგენტებსა და რეალითის შორის საუბარი არაფორმალურია, ამინდზე, ცხოველებზე, რომლებზეც ყველაზე მეტად დარდობს რეალითი, იოგაზე, ვარჯიშსა და მსგავს საკითხებზე. მათ შორის დაძაბულობა მხოლოდ იმით არის გამოწვეული, რომ ორივე მხარემ იცის იქ ყოფნის მიზეზი და შედეგი, რაც დადგება, მაგრამ მაყურებლისთვის გარე სივრცე, სადაც ისინი ლაპარაკობენ შედარებით თავისუფალია. მოგვიანებით, როცა სახლში არსებულ გაუქმებულ ოთახში გადაინაცვლებენ და საუბარიც მომხდარის დეტალიზებული კითხვა-პასუხის რეჟიმში გადადის ოთახი უფრო და უფრო პატარავდება და გარემო კლაუსტროფობიური და ჩაკეტილი ხდება.
მნიშვნელოვანია, რომ ფილმში ბოლო სცენამდე, როცა რეალითი სახლს ტოვებს და ხელბორკილებს ადბენ, ქალი პერსონაჟი არ ჩანს, რაც კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას იწვევს და რეალითის დაუცველ გარემოში წარმოაჩენს.
სიდნი სვინი, რომელიც არაჩვეულებრივად ართმევს თავს რეალითი ვინერის როლს, დაკითხვის ყველა ეტაპზე ინარჩუნებს იმ ხასიათს, რაც მას უნდა ჰქონოდა. თავიდან დაბნეული, უდანაშაულო ადამიანია, რომელიც თითქოს ვერ ხვდება აგენტების მასთან სტუმრობის მიზეზს და ისინიც მეგობრული ტონით ელაპარაკებიან, ბოლოს, როცა ხვდება, რომ უკან დასახევი გზა არ აქვს, მისი პასუხები მეტად თავდაჯერებული, მტკიცე და თანმიმდევრულია. რეჟისორი რეალითის მსხვილ ხედში გვიჩვენებს, აკვირდება მისი სახის მიმიკებსა და ემოციებს, ისეთი სიზუსტით, როგორც FBI-ის აგენტები უყურებენ მას, რაც კიდევ უფრო კლაუსტროფობიურ გარემოში აქცევს სიდნი სვინის პერსონაჟს. მნიშნელოვანია, რომ სწორედ ამ მიზნისთვისაა გადაღებული სცენები რეალითის სახლში, სადაც აგენტები იჭრებიან და ავიწროვებენ მის პირად სივრცეს, საგამოძიებო სტრუქტურაში გამოკითხვის ნაცვლად.
- ნამდვილად არ გეზიზღებათ ამერიკა, არა?
- დიახ, მძულს. ეს ყველაზე ცუდი რამ არის, რაც შეიძლება ამ პლანეტაზე დაგემართოს.
რეალითი ვინერს ამ პასუხის გამო, რაც მტრულ დამოკიდებულებად ითვლებან ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მსგავს დანაშაულზე ყველაზე დიდი სასჯელი მიუსაჯეს.
საბოლოოდ “რეალითის” მთავარი ძალა ჩანაწერია, რომელიც შემდეგში სცენარად გარდაიქმნება, თავისი პაუზებითა და ამოსუნთქვებით და სიდნი სვინი, რომელიც ფილმის დრამატულ ნაწილს ქმნის.
რეალითი (Reality)
რეჟისორი: თინა სატერი (Tina Satter)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 23 წუთი