ვამპირები, ბალერინები და სისხლის გუბეები: ახალი საშინელებათა ფილმი Scream 6-ის რეჟისორებისგან
ცოტათი გამოცოცხლებული და დატვირთული აპრილის კინო-რელიზებში, რომელთა შორის საყურადღებოა – Monkey Man, Civil War და Back to Black, ტრადიციულად გამოერია კიდევ ერთი საშინელებათა ჟანრის ფილმი. მეტ ბეტინელმა და ტაილერ ჯილეტმა, რომლებიც ცნობილნი არიან ისეთი თრილერებით, როგორიცაა Ready Or Not (2019), ასევე Scream 5 (2022) და Scream 6 (2023), წარმოგვიდგინეს ახალი საშინელებათა კომედია სახელწოდებით Abigail. მათი ეს ახალი ნამუშევარი შთაგონებულია და ამავედროს თავისუფალი ადაპტაციაა 1936 წლის ფილმისა (ასევე ვამპირების ქვეჟანრში) – Dracula’s Daughter.
Abigail-ის სიუჟეტი საკმაოდ მარტივ მოცემულობას ეფუძნება: ბანდიტთა ჯგუფი, ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალური ბოსის ქალიშვილს იტაცებენ. მათი ამოცანაა: ადევნონ თვალყური მოტაცებულ გოგონას მთელი დღე-ღამის განმავლობაში დაცულ და ცარიელ სახლში, საკმაოდ მსუყე გასამრჯელოს სანაცვლოდ. ჯგუფი მალევე აღმოჩნდება გაურკვეველ და უცნაურ სიტუაციაში, ვინაიდან მალევე ვლინდება რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გოგონა – ებიგეილი, ინახავს იდუმალ და საშინელ საიდუმლოს.
ფილმის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და საინტერესო ასპექტი – საშიში ატმოსფეროსა და იუმორის კარგად შერწყმაა. დიახ, სწორად წაიკითხეთ – სცენარისტებმა შეგნებულად შეიტანეს ფილმში კომედიური ელემენტები, რამაც მაყურებლებლისგან და მათ შორის ჩემგანაც არაერთი ჩაცინება ან ჩაღიმება გამოიწვია. მიუხედავად ამ მსუბუქი, მარტივი მიდგომისა, შემქმნელებმა გადაწყვიტეს ძალიან არ გადაეხვიათ ვამპირული მითოლოგიის დამკვიდრებული მოტივებიდან და ამის ნაცვლად, მათ შემოგვთავაზეს ე.წ. ახალი პერსპექტივა, რომელიც მოიაზრებს აუდიტორიის გართობას ქაოტური და სწრაფი თხრობით.
Abigail გამოირჩევა არა მხოლოდ მისი დამაინტრეგებელი წინაპირობით, არამედ მისი სამსახიობო დასითაც. თითოეულ მსახიობს თავისი პერსონაჟისთვის უნიკალური პიროვნულობა მოაქვს, რაც სიუჟეტს ჰმატებს ერთგვარ ნაზავს – შიშისა და ირონიისა. მაშ ასე, ჩვენ გამტაცებელთა ჯგუფში არიან: მელისა ბარერა (Scream 6), დენ სტივენსი (The Guest, Godzila X Kong) უილიამ კატლეტი, კეტრინ ნიუტონი (Lisa Frankenstein, Freaky), კევინ დურანდი (Robin Hood, X-men Origins: Wolverine), ( აწ უკვე გარდაცვლილი ანგუს კლაუდი (რომელსაც მაყურებელი სერიალ Euphoria-დან იცნობს) და ჯანკარლო ესპოზიტო. (გუსტავო ფრინგი Breaking Bad-იდან) მიუხედავად იმისა, რომ ყველა მშვენივრად უმკლავდება თავის მოცემულ დავალებას, კევინ დურანდი გამოირჩევა, როგორც ყველაზე დასამახსოვრებელი და კოლორიტული პერსონაჟი, რადგან იუმორის უმეტესი ნაწილი მისი როლის გარშემო ტრიალებს.
გამტაცებელთა გუნდის გარდა, ასევე ვეცნობით ალიშა უეიერის (ცნობილი Matilda the Musical-ით) პერსონაჟს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსახიობი მხოლო და მხოლოდ 14 წლისაა, ის ბრწყინვალედ ირგებს სასტიკი, მოხერხებული და ჭკვიანი ვამპირის როლს. ფილმის მნიშვნელოვან ნაწილში კი ებიგეილი გონებრივი თამაშებით ოსტატურად მანიპულირებს გამტაცებლებით, რათა ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ მტრულად განაწყოს. ხოლო მათთვის ვისაც მოსწონს ვამპირების სამყარო ან მითოლოგია, ებიგეილის მამის გამოცხადება, რათქმაუნდა საინტერესო და გასაოცარი “ტვისტი” იქნება.
რათქმაუნდა თვალშისაცემია “ებიგეილის” ბრუტალურობა და სისასტიკის გრაფიკული სცენები, რომელშიაც სისხლი მოდის წყალივით, მდინარესავით და ამ მხრივ ფილმი არ ზოგავს არც მაყურებელს არც თავის თავს. ვიზუალური მხარე ფილმს, მშვენიერი აქვს. ეს კი, ცხადია ფილმის გასართობ ღირებულებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, რაც მას დასამახსოვრებელ საშინელებათა ფილმად აქცევს. ხოლო სისხლიანი სცენებისა და “გედების ტბის” მუსიკის ერთად შეზავება – გენიალური გადაწყვეტილებაა.
ამდენი პოზიტიური მხარეების ფონზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ფილმის პირველადი ჟანრი, რომელიც ხშირად არ აგროვებს მაღალ რეიტინგებს კინოს სტრიმინგ სერვისებზე და ზოგჯერ არც კრიტიკოსები სწყალობენ დიდად. მოკლედ ვისაუბრებ “ებიგეილის” მინუსებზე: დიალოგები პერსონაჟთა შორის ზოგჯერ ძალიან გაჭიანურებულია და ვერ ახერხებს სიუჟეტი წინ წაწიოს; გარკვეული სიუჟეტური “ტვისტები” ადვილად პროგნოზირებადია, რაც ნარატივის ეფექტურობას ცოტათი ამცირებს. ტემპი, თითქმის ორსაათიანი ფილმისთვის ხანდახან ზანტად მიიზლაზნება და ეს გასართობი სანახაობა შეიძლება ცოტახნით ძილში, მოწყენაში და სულაც დაღლილობაშიც კი გადაიზარდოს. ქარიზმატული მსახიობებისდა მიუხედავად, მათი პერსონაჟები საკმარისად არ არიან განვითარებულნი, რაც სამწუხაროდ აფერხებს მაყურებლის უნარს რეალურად “დაუკავშირდეს” ან მოახდინოს ე.წ. ემოციური ინვესტირება მათ თავგადასავალში. ვფიქრობ უფრო ეფექტური იქნებოდა რომ, თრეილერების არ გამოემჟღავნებინა Abigail-ის მთავარი “ტვისტი”. თუმცა მსგავსი გადაწყვეტილება ცალსახად გასაგებიცაა – კინორეჟისორებს პოტენციური მაყურებლის მოსაზიდად ინტერესი და ინტრიგები სჭირდებათ.
ასე და ამგვარად, Abigail არც ისეთი ცუდი ან საშუალო საშინელებათა კომედიის წარმომადგენელია. მიუხედავად ზემოაღნიშნული მინუსებისა, ფილმი მაინც ახერხებს გასართობი ღირებულებისა და იუმორის მაყურებლამდე მოტანას, თავისი ადვილად პროგნოზირებადი მაგრამ სახალისო “ტვისტებით”, ქარიზმატული პერსონაჟებით, სისხლის მდინარეებით და სანახაობრივი ფინალით. დარწმუნებული ვარ, რომ ჟანრის მოყვარულები სრულყოფილად ისიამოვნებენ ბალერინა ვამპირის სისხლიანი და ამავედროს სახიფათო თავგადასავლით.
ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში
ებიგეილი (Abigail)
რეჟისორი: მეტ ბეტინელი, ტაილერ ჯილეტი (Matt Bettinelli, Tyler Gillet)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 49 წუთი