რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

გოძილა და კონგი: ახალი იმპერია (Godzilla X Kong: The New Empire)

ძალა ერთობაშია: ორი ტიტულარული მონსტრი კვლავ ერთიანდება ახალი საფრთხის წინააღმდეგ

MonsterVerse-ისა და კაიჯუს ფანებისთვის დღეს ნამდვილი დღესასწაულია, რადგან სულ რაღაც 1-2 დღის წინ Godzila X Kong: The New Empire გამოვიდა კინოთეატრებში და მორიგი ბლოკბასტერი შეემატა მარტის თვეს. როგორც დიუნის მეორე ნაწილი, ამ ფილმის აღწერაც შეიძლება ისეთი ეპითეტებით როგორიცაა – მასიური, ეპიკური, შთამბეჭდავი, უზარმაზარი და ასე შემდეგ. მსგავს ფილმებში როგორც წესი, სიუჟეტს ნაკლები ყურადღება ექცევა ხოლმე, თუმცა მაინც შეგახსენებთ საიდან გრძელდება ისტორია: 2021 წლის Godzilla vs Kong-ში, ტიტულარულმა მონსტრებმა დაამარცხეს მექაგოძილა (რობოტიზირებული გოძილა), გახდნენ მოკავშირეები და ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი. ამის შემდეგ, კონგი გახდა დედამიწის სიღრმეში არსებული იმპერიის (ცნობილი როგორც Hollow Earth) კანონიერი მმართველი, ხოლო გოძილამ შეინარჩუნა – “მონსტრების მეფის” ტიტული. ახალ ნაწილში კი ძველი მეგობრები ისევ უნდა გაერთიანდნენ რათა ადამიანების რასა მორიგი საფრთხისგან დაიცვან, კერძოდ კი – ორანგუტანგი სახელად – King Scar, რომელსაც Hollow Earth-ის დაპყრობა და დედამიწის განადგურება სურს. ადამ ვინგარდმა კვლავ მოახერხა ჩვენი გაოცება და თუ კი ეს ნაწილიც წარმატებული იქნება, ვინ იცის, იქნებ მესამე ნაწილიც გადაიღოს და საინტერესო ტრილოგია შეკრას.

კონგი ბინადრობს დედამიწის სიღრმეში (Hollow Earth), ამასობაში კი გოძილა დომინირებს ზედაპირზე. მათი სამყაროები განსხვავებულია და ისინი თავს არიდებენ ერთმანეთის ტერიტორიებზე გადასვლას. თუმცაღა, ეს ბალანსი ირღვევა, როდესაც უჩვეულო, მიწისქვეშა აქტივობა იწვევს კონგზე დამკვირვებელთა ინტერესს, რათა გაარკვიონ რა არის ამ უცნაური ანომალიების მიზეზი. ფილმის თხრობა დინამიურად ვითარდება საწყისი საათის განმავლობაში. კონგი ხვდება აქამდე უცნობ გორილათა ტომს, ხოლო გოძილა (რომელსაც, რატომღაც რომის კოლიზეუმში სძინავს) იღვიძებს და იწყებს ძალაუფლებისა და ენერგიის მოგროვებას, ხოლო მოტივები მონსტრისა – უცნობია. იმავდროულად, ადამიანთა ექსპედიცია, დოქტორ ილენე ენდრიუსის (რებეკა ჰოლი) ხელმძღვანელობით, რომელიც მოიცავს , მის ქალიშვილს ჯიას (ქეილი ჰოთლი), მონადირეს (დენ სტივენსი) და პოდკასტერ ბერნი ჰეიზს, (ბრაიან ჰენრი) აპირებენ უფრო დეტალურად გამოიკვლიონ Hollow Earth-ში გაძლიერებულ აქტივობათა მიზეზი.

სიუჟეტი ფილმისა ცოცხალი ინტენსივობით ვითარდება და ნარატივი მაყურებელს მუდმივად ახალი საიდუმლობების უწყვეტ ნაკადში “ითრევს”. კი, მსგავსი ჟანრის ფილმებში ისტორია, ამბავი ადვილად პროგნოზირებადია, მარტივი, მაგრამ როგორც წესი – აქცენტი აქ უფრო განსაცვიფრებელ ვიზუალზე კეთდება და ორიენტირებულია გართობაზე, რადგან ადამიანური ელემენტი ისევე როგორც წინა ნაწილში, აქაც თითქმის უკანა ფონზეა, შესაბამისად, თხრობის ან რაიმე ფილოსოფიური სიღრმის ძიება მსგავს ფილმში – სრულიად უაზროა.

რაც შეეხება სამსახიობო შემადგენლობას, რებეკა ჰოლი ბრწყინავს ეკრანზე თავისი შარმითა და ახალი ვარცხნილობით, ხოლო დენ სტივენსონს გარკვეული ქარიზმა მოაქვს ეკრანზე. ბრაიან ტაირი ჰენრი ამ დუეტს ჰმატებს ერთგვარ comic relief-ს, შემოაქვს ცოტაოდენი იუმორი და ასახავს ჟანრისთვის დამახასიათებელ პერსონაჟს, რათა განმუხტოს რთული ან უხერხული სიტუაციები. პრინციპში მსახიობები მშვენივრად უმკლავდებიან თავიანთ დავალებას, განასახიერებენ პერსონაჟებს, რომლებიც მაინცდამაინც არ ითხოვენ რთულ სამსახიობო უნარებს. მთავარია კარგად წარმოთქვან რეპლიკები, ფრაზები – ღიმილით და სხვა დანარჩენს სპეცეფექტების გუნდი გააკეთებს თავიანთი ჯადოქრობით.

CGI და სპეცეფექტები მართლაც რომ შთამბეჭდავი და შესანიშნავია The New Empire-ში. კონგის გამოსახულება ეკრანზე წარმოუდგენლად დეტალურია, ცხოვრებისეული მახასიათებლებით, ექსპრესიული პოზებით და სახის რეალისტური გამომეტყველებით. განსაკუთრებით მომხიბვლელია კონგისა და გიგანტური ხვლიკის (გოძილა) ურთიერთქმედება და კიდევ ერთი მიზეზია იმისა რომ ფილმი ნახოთ. მონსტრებთან ერთად, აღნიშვნას იმსახურებს პატარა (კონგთან შედარებით) გორილა – სუკო, საყვარელი, ნარინჯისფერი ბალნით შემოსილი მინი-გორილა, რომელიც მალევე უმეგობრდება კონგს, ყინულის მფრქვევი ურჩხული – “შიმო” და რაღათქმაუნდა ფილმის მთავარი ანტაგონისტი – Skar King, სასტიკი, წითელ-ბეწვიანი გიგანტური მაიმუნი, შეიარაღებული დიდი, გრძელი მათრახით, დამზადებული “ტიტანების” სახეობის ხერხემლისგან, რომელიც ბოლოვდება ერთგვარი მოლურჯო კრისტალით.

The New Empire მდიდარია ლოკაციებით, როგორც რეალური, ისე გამოგონილი. მონსტრები ებრძვიან ერთმანეთს როგორც კაიროში, პირამიდების ფონზე, ისე პარიზშიც და რომშიც. ლოკაციათა მრავალფეროვნება კი უზრუნველყოფს დინამიურ თხრობას, რომელშიც მაყურებელი ბოლომდეა ჩაძირული და ჩართული, ვინაიდან ჩვენ ვეცნობით როგორც კონგის სამფლობელოს ისე დედამიწაზე მოსიარულე გიგანტურ გოძილას. ნარატივი ხშირად მონაცვლეობს ამ სამ სეგმენტს შორის – კონგი – გოძილა – ადამიანები (ან პირიქით), შესაბამისად, მოსაწყენი მომენტები ფილმში საკმაოდ ცოტაა.

“ახალ იმპერიას” აკლია იუმორის დიდი პორცია, ხოლო ნებისმიერი კომედიური მომენტი მთლიანი სიუჟეტის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არის შემაშფოთებელი და ემოციური მომენტებიც კი, მიუხედავად უძლეველი არსებების ერთი შეხედვით შეუსაბამო ბუნებისა, რომლებიც ძალისხმევის გარეშე ატარებენ უზარმაზარ კოლოსებს მხრებზე და მარტივად უმკლავდებიან სხვადასხვა საშიშ ურჩხულებს. შეუძლებელია გულგრილი დარჩეთ სუკოსა და კონგის მეგობრობაზე და მათ თავგადასავალზე Hollow Earth-ში, სანამ გოძილა დედამიწის ზედაპირზე უშიშრად დააბიჯებს. ემოციურ მომენტებთან ერთად აგრეთვე იყო რამდენიმე ჭეშმარიტად შემზარავი და ამაზრზენი სცენები, რაც მოიაზრებს ფილმის გახსნით სცენებსა და ახლო კადრებს, სადაც ვხვდებით და ვადევნებთ თვალს კონგის რუტინას, კერძოდ კი ნადირობას და დაპირისპირებას ადგილობრივ ფაუნასთან. შესაძლოა გორილების ტომზე Planet of The Apes-იც გაგახსენდეთ და Transformers (განსაკუთრებით კონგის მექანიზებული ხელთათმანით, რომელსაც ის ფილმის მესამე ნახევრისკენ იღებს.(ადამიანებისგან)

იმათთვის, ვისაც ფრენჩაიზის წინა ფილმები არ უნახავს ან სულაც ზედაპირულად იცის გოძილას და კინგ-კონგის შესახებ, არანაირი პრობლემა არ არის. სიუჟეტი საკმაოდ მარტივი და მკაფიო, ადვილად გასაგები, წინა ფილმების ყველა დეტალის ცოდნის გარეშეც კი. ფილმის მიზანია იყოს გრანდიოზული და გასართობი, რასაც ელოდებით, იმას მიიღებთ. თანაც The New Empire ორიენტირებულია ვიზუალზე, ხოლო სიუჟეტი და ლოგიკა, როგორც ყოველთვის, მეორე ადგილზეა. მართალია ფილმი მასშტაბური და დიდებულია, მაგრამ ფინალური ბრძოლა მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა მიუხედავად თითქმის 2 საათიანი ქრონომეტრაჟისა, რაც სამწუხაროა. თუმცა მსგავს წვრილმან მინუსს, ფილმი მარტივად აკომპენსირებს სხვა დანარჩენით.

მთლიანობაში, The New Empire გვთავაზობს ისეთი სახის გასართობ სანახაობას, რომელშიც უბრალოდ უნდა გამოვრთოთ ტვინი და დავისვენოთ. შესაძლოა რამდენიმე წელში ან სულაც თვეში საერთოდ არ გაგახსენდეთ აღნიშნული ფილმი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთხელ ნახვა მაინც ღირს, მისი ვიზუალური მიმზიდველობისა და გასართობი ღირებულებისთვის. გარდა ამისა “გოძილა და კონგი” იდეალური კანდიდატია დამღლელი საღამოს შემდეგ და რეკომენდებულია ნახოთ IMAX-ის დარბაზში და 3D-ში, ვინაიდან ფილმის ახლო კადრები და ეპიკური შერკინებები მონსტრებს შორის განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რაც სანახაობას წარმოუდგენლად სიცოცხლისუნარიანს ხდის. წინა ნაწილთან შედარებით კი, The New Empire საკმაოდ კარგი და ბევრად უფრო გაუმჯობესებული გამოვიდა.

ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში.

გოძილა და კონგი: ახალი იმპერია (Godzilla X Kong: The New Empire)
რეჟისორი
: ადამ ვინგარდი (Adam Wingard)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 55 წუთი

68/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
უმანკო (Immaculate)

უმანკო (Immaculate)

| სიდნი სუინის უბიწო თავგადასავალი დედათა მონასტერში

შემდეგი
სასტუმრო როიალი (The Royal Hotel)

სასტუმრო როიალი (The Royal Hotel)

| კიტი გრინის სექსისტური ტრილერი ავსტრალიაში მაღაროელების გარესამყაროსგან

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share