დოდენ ბუფანის რაგუ (La passion de Dodin Bouffant) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

დოდენ ბუფანის რაგუ (La passion de Dodin Bouffant)

რომანტიკის და გასტრონომიის გემრიელი ზღაპარი

თუ კი 2 წლის წინ, მარკ მაილოდის The Menu, რომელიც თავისი ექსცენტრული და მზაკვარი შეფ მზარეული სლოვიკით მაყურებელში შიშს და ტერორს იწვევდა, ვიეტნამელი წარმოშობის ფრანგი რეჟისორის ცან ან ჰუნის ახალი ნამუშევარი – La Passion de Dodin Bouffant,( ქართულ კინოგაქირავებაში კი რუსულიდან ნათარგმნი – “სიყვარულის რეცეპტი”) საპირისპიროს აკეთებს, შიშის მაგივრად აღძრავს მადას და აუდიტორიას სხვადასხვა კერძის დეგუსტაციაზე ეპატიჟება. ერთი რამ ნათელია, საკმარისია სეანსზე მშიერი მიხვიდეთ, მყისვე გაიტანჯებით ნაირნაირი კერძების, დელიკატესების და ღვინოების დასახელებებით, რომლებიც ძირითადად ფუფუნებასთან ასოცირდება. ეს სუფთა ჰედონიზმია, საკუთარი მიწის, პროდუქტების, ცხოვრების წესის, კვების წეს-ჩვეულებების სიყვარული – რაც იწვევს როგორც სრულ აღფრთოვანებას, ასევე მსუბუქ შურს, გარდა ამისა მოვლენები მე-19 საუკუნის ბოლოს ვითარდება, საფრანგეთის ერთ-ერთ სასიამოვნოდ მოწყობილ მდიდრულ მამულში.

ცან ან ჰუნი ჯერ კიდევ 1970-იან წლებში წავიდა საფრანგეთში, როგორც ემიგრანტი და ამან, რათქმაუნდა გავლენა იქონია მის საავტორო სტილზე; არცერთ ფრანგულ ფილმს არ უსაუბრია საკვების შესახებ ასეთი ყურადღებით. “დოდენ ბუფანის ვნებანი”, მარსელ რუფის 1924 წლის რომანის, “გურმანი დოდენ ბუფანის ცხოვრება და ვნებანის” ეკრანიზაციაა. წიგნი კი 1920-იანი წლების ბესტსელერი გახლავთ, მაგრამ ნაკლებად ცნობილია საფრანგეთის გარეთ. ფილმის საერთაშორისო სათაური – Pot-a-feu – შეიძლება ითარგმნოს როგორც “რაგუ”: რაღაც შეწვასა და წვნიანს შორის ან სულაც ხორცისა და ბოსტნეულის ჩაშუშულს შორის, რომელიც გარკვეულ როლს ასრულებს სიუჟეტში.

ამ ფილმისთვის შესაფერისი სიტყვების პოვნა, რომელშიც მეტყველება სურათზე უპირატესია, ზოგადად ძალიან რთულია. გემო, და არა მხოლოდ საკვებთან მიმართებაში, დახვეწილი და იდუმალი სურათის ცენტრალური კატეგორიაა, რომლის სამი მეოთხედი შედგება სხვადასხვა კერძების მომზადებისა და გასინჯვის პროცესების დეტალური დოკუმენტაციით, დაწყებული უმარტივესი ომლეტიდან, დამთავრებული თავბრუდამხვევი და კომპლექსური კერძებით. ამ ჰიპნოზური სპექტაკლისგან თვალის მოწყვეტა უბრალოდ შეუძლებელია.

დოდენი (ნათამაშები ბენუა მაჟიმელის მიერ, რომელიც “სეზარის” ჯილდოს მიხედვით ბოლო ორი წლის განმავლობაში საუკეთესო მსახიობად დასახელდა, დაიბრუნა სუპერვარსკვლავის სტატუსი, The Piano Teacher-ის გარღვევიდან ოცი წლის შემდეგ) კულინარიის სპეციალისტი და გურმანია, რომელმაც თავისი ცხოვრება რეცეპტების შემუშავებასა და მათ ვირტუოზულ განხორციელებას მიუძღვნა. ეჟენი (ჯულიეტ ბინოში) საკუთარ თავს მის მზარეულად მოიხსენიებს. ხოლო სინამდვილეში ასისტენტი კი არა, არამედ სრულფასოვანი თანაავტორია, ალბათ უფრო ნიჭიერიც. დოდენი იგონებს, ეჟენი ქმნის, საკვების შემთხვევაში კი ეს საჩუქარი ბევრად ძვირფასია. ისინი მრავალი წელია ერთად ცხოვრობენ და მუშაობენ, სძინავთ ცალკე საძინებლებში, მაგრამ დროდადრო ეჟენი ღამით ოთახის კარებს ღიას ტოვებს. დოდენი მას დიდიხანია ეხვეწება, ცოლად მოიყვანოს, მაგრამ სანაცვლოდ უარს იღებს: დამოუკიდებლობა უფრო ღირებულია. (რაც ირონულია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ ეს უკანასკნელნი ერთმანეთს 5 წელი ხვდებოდნენ და ერთი საერთო შვილიც ჰყავთ)

სავსებით შესაძლებელია ფილმში ყოფილიყო მორიგი დაკვირვება გენდერული როლების თემაზე. უფრო მეტიც, მოქმედება მე-19 საუკუნის ბოლოს ხდება და როცა დოდენი თავის საუკეთესო მეგობრებს – ექიმს, ფინანსისტს, ადვოკატს – სადილზე იღებს, ეჟენი მათთან ერთად არ ზის მაგიდასთან, არამედ სადილობს მოახლესთან ერთად სამზარეულოში. თუმცა ამ ისტორიაში ყველაფერი ატიპიური და მოულოდნელია. ეჟენი მშვენივრად ამტკიცებს და ინარჩუნებს სუბიექტურობას, უარს ამბობს მამაკაცის სამეფოში შესვლაზე მისი გარდაუვალი სიგარებით, ლიქიორებითა და აბსტრაქტულ თემებზე საუბრებით. სწორედაც რომ, ის არის ამ სამყაროს ნამდვილი შემოქმედი და მმართველი. მისი არჩევანია კულინარიული სპექტაკლის კულისებში დარჩენა.

სამზარეულო, საძინებელი, ბაღი და ბოსტანი. გმირები ცოტას საუბრობენ, არ გამოირჩევიან კომპლექსური დიალოგებით, (თუ არ ჩავთვლით სპეციფიურ კულინარიულ ტერმინოლოგიას), ძირითადად ამზადებენ, ჭამენ და უყურებენ ერთმანეთს. მოსაწყენად ჟღერს არა? შესაძლოა, თუმცა ცან ან ჰუნი მშვენივრად ახერხებს ცოცხალი რიტმის შენარჩუნებას, ეს კი შესანიშნავი შედეგია 2 საათიანი, მშვიდი და ინტიმური კინოსთვის. ვფიქრობ, “დოდენ ბუფანის რაგუ” საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმს უფრო ჰგავს, ვიდრე გამოგონილ დრამას. რეჟისორი რეალურ ცხოვრებასთან გვაახლოებს, თითქოს მოშორებით დგას და ინტერვიუს ართმევს შეფ-მზარეულებს, ეჟენის, დოდენს და მათ ახალგაზრდა თანაშემწეებს. საბოლოო ჯამში, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ფილმში, ორ მთავარ პერსონაჟს შორის არ არის საკმარისი ინტრიგა, კონფლიქტი, სირთულეები და მათგან გამოსავალი. შეიძლება დაძაბულობა სიცარიელეშიცაა, რასაც რეჟისორი არ აჩვენებს. გმირებთან პრობლემები ღამით რჩება, როცა ისინი გამომწვევად ხურავენ ჩვენს თვალწინ კარებს, თითქოს განზრახ მალავენ თავიანთ საიდუმლოებებს. ჩვენ, მაყურებელს საერთოდ არ გვესმის მათი შინაგანი სამყარო და სავსებით შესაძლებელია იქ სრული ჯოჯოხეთი იყოს.

სანამ რევიუს დავასრულებდე, არ შემიძლია არ აღვნიშნო “დოდენ ბუფანის რაგუს” ორი უპირატესობა – ხმის დიზაინი და ულამაზესი ოპერატურა. გახსოვთ, როგორ თვალისმომჭრელად ამზადებდა ჰანიბალი სხვადასხვა დელიკატურ კერძს კლასიკური მუსიკის ფონზე? “რაგუში” მუსიკა საერთოდ არ არის, პირიქით, კინოში დომინანტურია სამზარეულოს “ამბიენსი”, დანა-ჩანგლის რახარუხის, შეწვის, ჩასხმა/გადმოსხმის, გამოცხობის ხმები, რომელიც ჩინებულად ერწყმის გარედან შემოსულ ხმაურს და ჰქმნის ავთენტურ, ატმოსფერულ გარემოს. ხოლო ჯონათან რიკერბურგის ოპერატურა, სადაც ახლო კადრით ვაკვირდებით ერთი მეორეზე უკეთესი კერძების მომზადებას, ამ მთლიანი სანახაობისგან მიღებულ სიამოვნებას აორმაგებს.

მთლიანობაში, როცა ელი რაღაც მყუდროს და ნათელს, როგორიც მაგალითად ლას ჰოლსტრომის ფილმი Chocolat-ია (სადაც ბინოში კონდიტერის ამპლუაშია), სანაცვლოდ იღებ პოლ თომას ანდერსონის – Phantom Thread-თან მიახლოებულ სურათს. ისეთივე ბრწყინვალე, ხანდახან მხატვრულ-თეატრალური და არქაული ამ სიტყვის კარგი გაგებით. ოდნავ მოწყვეტილი, მაგრამ უკიდურესად დახვეწილი. ცან ან ჰუნმა გადაიღო საოცარი ფილმი, რომელიც გვიბიძგებს მაღალი სამზარეულოს სამყაროში და მათი ხელობის გენიოსთა ოსტატობაში.

ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში (ქართულ გაქირავებაში ფილმის დასახელება ნათარგმნია როგორც “სიყვარულის რეცეპტი”)

დოდენ ბუფანის რაგუ (La passion de Dodin Bouffant)
The Taste of Things
რეჟისორი: ცან ან ჰუნი (Tran Anh Hung)

ხანგრძლივობა: 2 საათი და 14 წუთი

75/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
ინტერესის ზონა (The Zone of Interest)

ინტერესის ზონა (The Zone of Interest)

| ოსვენციმის მახლობლად მდებარე შენობაში ცხოვრების შემზარავი პორტრეტი

შემდეგი
Ghetts – Mount Rushmore (feat. Kano & Wretch 32)

Ghetts – Mount Rushmore (feat. Kano & Wretch 32)

| Album: On Purpose, With Purpose

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share