რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ინტერესის ზონა (The Zone of Interest)

ოსვენციმის მახლობლად მდებარე შენობაში ცხოვრების შემზარავი პორტრეტი

ჯონათან გლეიზერი, საკულტო ფავორიტების რეჟისორი, როგორიცაა Sexy Beast და Under the Skin (და მათ შორის, საკმაოდ დაუფასებელი სიურრეალისტური ტრილერი/დრამა Birth) დაბრუნდა ათი წლის შემდეგ. მისი უახლესი ფილმი “ინტერესის ზონა” მოგვითხრობს ოსვენციმის ბანაკის კომენდანტის შესახებ, ყველაზე სასიკვდილო და ყველაზე ცნობილი საკონცენტრაციო ბანაკებიდან ჰოლოკოსტის დროს. თუმცა, გლეიზერი თავის მონათხრობს არატრადიციულ პერსპექტივას აძლევს. იმის ნაცვლად, რომ ეკრანზე საზარელი ხოცვა-ჟლეტვა ვიხილოთ, გლეიზერი წარმოგვიდგენს კომენდანტის იდილიას ოჯახთან ერთად და მათ ცხოვრებას მდიდრულ, ლამაზად მოწყობილ აგარაკზე, ბანაკის გარეთ. საბოლოო შედეგი კი “ბოროტების ბანალურობის” (რითაც შეიძლება აღიწეროს მთლიანი ფილმის არსი) შემზარავი ილუსტრაციაა და გვამცნობს, თუ როგორ შეუძლია ნაციზმის მსგავსი რწმენის სისტემას მხარი დაუჭირონ ყოველდღიურმა ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით, ყოველ კუთხეში არაადამიანურებისგან მოწყვეტილი. რაც ბევრმა არ იცის, არის ის, რომ ფილმი დაფუძნებულია ამავე სახელწოდების 2014 წლის წიგნზე, რომლის ავტორი მარტინ ემისი გახლავთ.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მნიშვნელოვნად განსხვავდება (შეცვლილია პერსონაჟები, თითქმის გადაკეთებულია სიუჟეტი) პირველწყაროსგან, გარემო და თემატიკა თანმიმდევრული და უცვლელი რჩება. როგორც ჩანს, რეჟისორი პრიორიტეტს ანიჭებს უფრო განწყობას და ტონალურობას, ვიდრე ტრადიციულ სიუჟეტურ თხრობას, რის შედეგადაც ფილმი უფრო (ცარიელი) ატმოსფეროა ვიდრე ნარატივი. ისტორიის მთავარი გმირი რეალური პიროვნებაა, ოსვენციმის კომენდანტი – რუდოლფ ჰოსი (კრისტიან ფრიედელი), რომელიც მეუღლესთან – ჰედვიგთან (სანდრა ფიულერი) და შვილებთან ერთად ცხოვრობს საკონცენტრაციო ბანაკთან ახლოს მდებარე სახლში. მთავარი კონფლიქტი კი იქმნება მაშინ, როდესაც ნაცისტური პარტიის ხელმძღვანელობა ჰოსს სთავაზობს ინსპექტორის მოადგილედ დაწინაურებას, რაც ბერლინში რელოკაციას მოიაზრებს. მიუხედავად მისი მცდელობისა, წინააღმდეგობა გაუწიოს რელოკაციის პროცესს, ის საბოლოოდ იძულებულია გადასახლდეს და დატოვოს თავისი უნებისყოფო ცოლი ჰედვიგი, შვილებთან ერთად.

რუდოლფი, (როგორც სხვა პერსონაჟები ფილმში) სტერილური, გაწონასწორებული ადამიანია, ყოველთვის გულგრილი. თუმცა ფილმის ბოლო სცენებში ნათლად ვხედავთ როგორ ეჭიდება სინდისის ქენჯნას, ებრძვის გულისრევას ბერლინში, მისი ახალი ოფისის გარეთ, სანამ მის ჩახშობას მოახერხებს. გლეიზერი დიდწილად თავს არიდებს ჰოსისთვის სინდისის ღრმა გამოღვიძებაში ჩაღრმავებას, რაც შესაფერისად ჩანს მისი, როგორც კომენდანტის როლში სრული ჩაძირვით. წვეულებაზეც კი, მისი ფიქრები იმისკენ არის მიმართული თუ როგორ ამოგუდოს გაზით ხალხი სამეჯლისო დარბაზში, ყველაზე ეფექტურად.

ჰედვიგი, ისევე როგორც მისი ქმარი, ჩაფლულია თავის მოვალეობებში, მაგრამ მისი ყურადღება უფრო მათი სახლის, როგორც მათი შვილებისთვის თავშესაფრის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. რამდენადაც იდეალური არ უნდა იყოს ცოლ-ქმრის იდილია, მათ ცხოვრებაში მაინც “იპარება” ოსვენციმის საშინელებები, რასაც მოწმობს ღამით პატიმრების საზარელი ყვირილი, კივილი და კვამლი, როგორც კრემატორიუმიდან ისე ცეცხლსასროლი იარაღებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში შეიძლება გადაჭარბებული იყოს “ბოროტების ბანალურობის” შესწავლა, მაინც შემაშფოთებელია იმ ადამიანთა ხილვა, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი გულგრილობით და მიზანმიმართულად დახუჭონ თვალები მათ გარშემო არსებულ სისასტიკეებზე. ცხადია, ფილმის ნელმა ტემპმა და მნიშვნელოვანი მოვლენების ნაკლებობამ ეს დაკვირვება შეიძლება ცოტათი ერთფეროვანი გახადოს, დაახლოებით როგორც მაგალითად შანტალ აკერმანის გენიალურ Jeanne Dielman-ში. გარდა ამისა, ენერგიისა და იმედის სპორადული სცენები, რომლებიც ნაჩვენებია ნეგატიურ შავ-თეთრ თერმულ გამოსახულებაში, მკვეთრად ეწინააღმდეგება ფერთა სამყაროს სიბნელეს, რაც უფრო აძლიერებს ფილმის შემზარავ ატმოსფეროს. ამ სცენებში ვხედავთ ვინმე გოგონას ან სულაც ახალგაზრდა ქალს, რომელიც ბანაკის გარეთ პატიმრებისთვის ტალახში ტოვებს ვაშლებს და მსხლებს. ეს სცენები კი ერთადერთი შემთხვევებია მთლიანი ფილმის განმავლობაში, რომელიც სიკეთესა და წინააღმდეგობას ავლენს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ფილმში ხმის დიზაინი, რადგან ის აორმაგებს ე.წ. ვუაირესტული დაკვირვების განცდას, რომელმაც შეიძლება მოგვაგონოს CCTV (სათვალთვალო) კამერათა კადრები და აჩვენოს, თუ როგორ შეუძლიათ უბრალო ადამიანებს სისასტიკის ჩადენა უყოყმანოდ. გლეიზერი ეფექტურად იყენებს ბგერებს, რათა გამოიწვიოს რასაც ის უწოდებს “გარემოებით ბოროტებას” (Ambient Evil), რომელიც მშვენივრად ასახავს იმას, თუ როგორ შეუძლიათ ინდივიდებს აღიქვან სისტემატური მკვლელობა, როგორც ფონური ხმაური და არა ღრმა, შემზარავი ტრაგედია. ხმის დიზაინთან ერთად, რომელიც ატმოსფერულობას საკმაოდ ამძაფრებს, გამოვყოფდი ოპერატურას, მისი ლამაზი, მაგრამ უხეში და სტერილური სტილის გამო, რომელმაც შეიძლება როი ანდერსონის ნამუშევრებიც კი მოგვაგონოს. ხოლო, სწორ, პედანტურ კომპოზიციებზე სტენლი კუბრიკთანაც შეიძლება პარალელის გავლება.

მთლიანობაში, მიმაჩნია რომ The Zone Of Interest ამ წლის ფავორიტი ფილმი და ღირსეული კანდიტატი იქნება ოსკარებისთვის. ცხადია, უთვალავი ფილმი ეხება ომსა და მასში არსებულ საშინელებებს, თუმცა ჯონათანის მიდგომა გამოირჩევა მშვიდი სამყაროს საშინელი და ამავდროს შემაშფოთებელი პორტრეტით, რომელიც აჩვენებს დამნაშავეებს და არა მსხვერპლს. რადგან, როგორც ის ამტკიცებს, “როდესაც თქვენ ამბობთ: “ისინი ურჩხულები იყვნენ”, თქვენ ასევე ამბობთ: “ეს ვერასდროს ვიქნებით ჩვენ”. რაც ძალიან საშიში აზროვნებაა.”

ფილმი ხელმისაწვდომია ციფრულად.

ინტერესის ზონა (The Zone Of Interest)
რეჟისორი
: ჯონათან გლეიზერი (Johnathan Glazer)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 46 წუთი

85/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Nadine Shah – Greatest Dancer

Nadine Shah – Greatest Dancer

| Album: Filthy Underneath

შემდეგი
დოდენ ბუფანის რაგუ (La passion de Dodin Bouffant)

დოდენ ბუფანის რაგუ (La passion de Dodin Bouffant)

| რომანტიკის და გასტრონომიის გემრიელი ზღაპარი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share