ფილმის მთავარი გმირი კატია, თურქ ემიგრანტზეა დაქორწინებული და მათ პატარა ბიჭი ჰყავთ. მეუღლეს ოფისი აქვს ქალაქის ცენტრში და საქმეებს უძღვება. მან თავისი კრიმინალური წარსული უკან დატოვა და ეხლა სანიმუშო მეუღლე და მამაა. თუმცა ისტორიის ამგვარ გაგრძელებას და შესაბამისად ოჯახის ბედნიერ არსებობას საშინელი ტერორისტული აქტი წყვეტს. კატიას შემდგომი ცხოვრება ამიერიდან მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავეების ძებნით და მათ დასჯის სურვილით იქნება შეპყრობილი..
ფილმის სიუჟეტი ტერორისტული აქტის და გერმანიაში თურქი ემიგრანტების პრობლემებზეა აწყობილი. ფილმის რეჟისორი, ფათიჰ აკინი სწორედ ასეთ ოჯახშია დაბადებული და მისთვის ნაცნობია ის პრობლემები და წინააღმდეგობები, რასაც ემიგრანტები აწყდებიან ევროპულ ქვეყნებში. მის ფილმში კიდევ ერთხელ წამოჭრილია სოციალური მნიშვნელობის თემები: ნეონაციზმი, სასამართლო სისტემის გაუმართაობა, საზოგადოების დამოკიდებულება ნარკოტიკების მიმართ, ემიგრანტების მიმართ. საკვანძო თემად მთელს ფილმს კი შურისძიება და მასთან დაკავშირებული მთავარი გმირის განცდები გასდევს.