Ricky Stanicky (რიკი სტენიკი) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

Ricky Stanicky (რიკი სტენიკი)

პიტერ ფარელი ახალი კომედიით: სახალისო ამბავი სულელური ტყუილის შესახებ, რომელიც ძალიან შორს წავიდა.

ბავშვობის სამმა მეგობარმა, დინმა (ზაკ ეფრონი), ჯეი თიმ (ენდრიუ სანტინო) და უესმა (ჯერმეინ ფაულერი), შექმნეს წარმოსახვითი მეგობარი, სახელად რიკი სტენიკი, რათა თავი დააღწიონ ცხოვრების ერთფეროვნებას. რიკი, ფიქციური პერსონაჟი, კრეატიულად აძლევს მათ საბაბს, რომ ისიამოვნონ თავიანთი საქმიანობით, ცოლების ან შეყვარებულების გარეშე. თუმცა როგორც ამბობენ – “ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”, შესაბამისად, ადრე თუ გვიან ამ სამეულს მაინც მოუწევდათ ამ სიცრუის გამოაშკარავება. ეს დღეც დადგა და ისინი იძულებულნი არიან გააცნონ რიკი თავიანთ ოჯახებს. მათდა გასაკვირად, ღარიბი, ვერ შემდგარი მსახიობი სახელად როდი (ჯონ სენა) ისე კარგად ითავსებს რიკის როლს, რომ უჭირს როლიდან გამოსვლა და ცხოვრებაში ახალ მიზანს ჰპოულობს.

2018 წელს, პიტერ ფარელიმ მაყურებელი გულწრფელი დრამედით – Green Book-ით გააოცა, რომელშიც მთავარ როლებს ვიგო მორტენსენი და მაჰერშალა ალი ასრულებდნენ, რომელმაც ოსკარის საუკეთესო ფილმის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და ფარელის ოსკარიც კი მისცეს საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის. თუმცა, 2022 წელს ფარელიმ ოდნავ სხვა მიმართულება აიღო სამხედრო კომედიით – The Greatest Beer Run Ever, სადაც მთავარ როლს ზაკ ეფრონი ასრულებდა. როგორც ჩანს, ეს რეჟისორის კარიერაში, ახალ ეტაპზე მიანიშნებს. თუმცა, სულ რამდენიმე წლის შემდეგ, ფარელი უბრუნდება თავის ფესვებს, კერძოდ კი სულელურ და ზოგჯერ უხამს კომედიებს, რომლებმაც თავდაპირველად მის და მის ძმას ბობის, პოპულარობა მოუტანა. საუბარია ისეთ ფილმებზე როგორიცაა – Dumb and Dumber, There’s Something About Mary იმდროს კი, ვერავინ იწინასწარმეტყველებდა რომ ასეთი კომედიების რეჟისორი გადაიღებდა ისეთ ფილმს როგორიც Green Book-ია.

იმის გასაგებად, თუ რა ელოდება მაყურებელს მომდევნო ორი საათის განმავლობაში, საჭიროა მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდის ყურება. ფილმი იხსნება სცენით, კერძოდ კი flashback-ით, სადაც სკოლის მოსწავლეები დინი, ჯეითი და უესი ცდილობენ მეზობლის ვერანდაზე განავლით სავსე ქაღალდის პაკეტს ცეცხლი წაუკიდონ. სწორედ ამ უცნაური ხუმრობის დროს იგონებენ ბავშვები რიკი სტენიკის, წარმოსახვით განტევების ვაცს, რომელზეც შეუძლიათ გადააბრალონ აბსოლუტურად ყველაფერი და გამოძვრნენ. ამ ეპიზოდიდან თხრობა უკვე აწმყოში გადადის, სადაც ტრიო უკვე ზრდასრული ადამიანები არიან, აქვთ სამსახურები, ოჯახები და ცხოვრებას დიდად არ უჩივიან.

თუმცა ერთ-ერთი “გაპარვის” შემდეგ, როცა სამეული კონცერტზე მიდის, იმის მაგივრად რომ ვითომ გამოგონილი რიკი სტენიკის კიბოს ოპერაციას დაესწრონ ალბანეთში, მათ ტყუილში ნელნელა ეჭვი შეაქვთ მთავარი გმირის ახლობლებს. სწორედ ამ დროს, ატლანტიკ სიტიში გაცნობილ ვინმე როდს, რომელიც ერთ-ორ კაპიკს ძლივს შოულობს და ძირითადად გამოდის საკუთარი ნომრებით, რაც მოიაზრებს კლასიკური როკ სიმღერების შესრულებას, სადაც სტრიქონები, მისამღერები შეცვლილია უხამსი სიტყვებით. ბილი აიდოლი და მადონა ალბათ შოკში იქნებოდნენ ამ სიმღერების მოსმენის შემდეგ. გარდა ამისა, როდის დამატებითი სერვისი – მსახიობია დაქირავებით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ტრიოს გენიალური აზრი მოუვა თავში: გამოიყენონ როდი და “ათამაშონ” რიკი სტენეკის როლი, სულ რაღაც ერთი დღით, რათა ახლობლებს დააჯერონ მისი არსებობა. ფარელის ფილმები როგორც წესი, სავსეა უცნაური იუმორითა და ვულგარული ხუმრობებით, რომელიც შეიძლება ყველასთვის შესაფერისი არ იყოს. არც “რიკი სტენეკია” გამონაკლისი.

მსგავსი კომედიებიდან მორალის ამოღების ან ფილოსოფიური სიღრმის ძიება შეიძლება არ იყოს ყველაზე გონივრული მიდგომა, რადგან რეჟისორის განზრახვა, როგორც წესი არის გართობა და არა მორალის კითხვა. Ricky Stanicky კარგად ასახავს სამ ინფანტილურ პერსონას, რომლებიც თავის არიდებენ სერიოზულ საუბრებს ცოლებთან, დედებთან, დედამთილებთან და ყოველთვის ირჩევენ დროის სასიამოვნოდ გატარებას მეგობრების წრეში. ბუნებრივია, მათი ე.წ. “სიცრუის ქსელი” საბოლოოდ იშლება და ამდენი ხნის დაგროვილ ტყუილებთან დაპირისპირება რთულ ამოცანას წარმოადგენს. თუმცა, ფარელი მოტყუების მძიმე შედეგებს მსუბუქად წარმოაჩენს და მას უფრო უწყინარ სისულელედ “ჰხატავს”, ვიდრე რაიმე სერიოზულ დანაშაულს.

მეორე მხრივ, როდის, წარუმატებელი მსახიობის, რიკი სტენიკიდ ქცეული პერსონის ამბავი უფრო მეტ ინტრიგას სთავაზობს მაყურებელს. ჯონ სენას პერსონაჟი, რომელიც თავის სევდას, დეპრესიას ალკოჰოლში ახრჩობს, მოულოდნელად პოულობს მიზანს წარმოსახვითი ადამიანის ამპლუაში. ის არა მხოლოდ დავალებულ ფიქციურ გმირს თამაშობს, არამედ ბოლომდე შედის როლში, ისისისხლხორცებს მას, ხოლო თავისი შარმითა და მოსწრებული პასუხებით ახალისებს როგორც ტრიოს, ასევე მათ ახლობლებსაც და სამეგობრო წრესაც. როდისთვის რიკი სტენიკის პერსონა მეორე შანსი ხდება, ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება. ცხადია, ის აანალიზებს იმ პოტენციურ ზიანსაც, რომელიც მისმა ამ ახალმა ამპლუამ შეიძლება მიაყენოს მთავარ სამეულს, მაგრამ ამ ახლად აღმოჩენილი როლის მიმზიდველობას და მის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს რთულია გაუწიოს წინააღმდეგობა.

მიუხედავად იმისა, რომ Ricky Stanicky-ს ზოგიერთმა ხუმრობამ და ზოგადად იუმორმა შეიძლება გაგიჩინოთ ყურების დახშობის სურვილი, ფარელი ხშირად ახერხებს “მოარტყას მიზანში” და ზოგ მომენტზე კარგად გაგაცინოთ ან სულაც გაგაღიმოთ. რაც დღევანდელ დროში, 2024 წელს, სადაც მრავლადაა პოლიტკორექტულობა და ყველა ცდილობს ფრთხილად იყოს სენსიტიურ თემებზე ზედმეტის წარმოთქმისგან – იშვიათია და გასაკვირიცაა რომ ასეთი ხასიათის ფილმის გადაღება ისევ შეიძლება. პიტერ ფარელი Ricky Stanicky-თ მაყურებელს თითქოს წარსულში აბრუნებს, ორი-სამი ათწლეულის წინ, როდესაც კომედიები სავსე იყო უხეში, უხამსი ვულგარული იუმორით სასქესო ორგანოებზე ან განავალზე, რაც იმდროისთვის დრამატურგიის მწვერვალად ითვლებოდა. სენა, ეფრონი და სამსახიობო დასის დანარჩენი წევრები მშვენივრად თამაშობენ და დამაჯერებლად გადმოაქვთ თავიანტი ექსცენტრული პერსონაჟები, რის გამოც 2 საათიანი ქრონომეტრაჟი ერთ ამოსუნთქვაში გადის. ეს არის ფილმი, რომელიც არ საჭიროებს ჩაღრმავებას და ნარატივის ყოველ ნაწილზე გამოკიდებას, რაც სანახაობრივ სიამოვნებას მხოლოდ დააზინებს ან გააფუჭებს, შესაბამისად, რატომ უნდა გავიფუჭოთ ეს სიამოვნება? პირიქით, Ricky Stanciky ალბათ ამ გაზაფხულის ე.წ. სასიამოვნო “Guilty Pleasure” იქნება და იდეალური კანდიდატი დამღლელი საღამოს შემდეგ რამის საყურებლად.

რიკი სტენიკი (Ricky Stanicky)
რეჟისორი: პიტერ ფარელი (Peter Farrelly)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 53 წუთი

68/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
სასტუმრო როიალი (The Royal Hotel)

სასტუმრო როიალი (The Royal Hotel)

| კიტი გრინის სექსისტური ტრილერი ავსტრალიაში მაღაროელების გარესამყაროსგან

შემდეგი
Ford v Ferrari – Go Like Hell

Ford v Ferrari – Go Like Hell

| ნაწყვეტი ჯეიმს მენგოლდის ფილმიდან - 'Ford v Ferrari'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share