რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

შენ ვერასდროს მიპოვი (You’ll Never Find Me)

ერთი ლოკაცია, ორი პერსონაჟი და მუდმივი შიშის, გაურკვევლობის განცდა ახალ ავსტრალიურ კამერულ თრილერში

You’ll Never Find Me ჯოშუა ალენისა და ინდიანა ბელის სარეჟისორო დებიუტია, სადაც მათ ასევე შეითავსეს სცენარისტის, პროდიუსერობისა და მონტაჟიორის ამპლუაც. თუმცა ფილმს თითქოს არ აქვს მკაფიო იდენტურობა, მოკლებულია უნიკალურ ელფერს და დასამახსოვრებელ ნიუანსებს, როგორიც იყო მაგალითად ნატალი ერიკა ჯეიმსის Relic-ში, ან ჯორდან პილის, რობერტ ეგერსის, ოზ პერკინსის და სხვა მსგავსი ჟანრის ფილმებში. ამის ნაცვლად ხელში გვრჩება კიდევ ერთი “გაპრიალებული”, სტერილური, მაგრამ ფორმულირებული კინო “ნელ” (slowburn) ან “ამაღლებული” (elevated) საშინელებათა ფილმების ტალღაში, რომლებმაც პოპულარობა მოიპოვეს ბოლო წლებში.

ფილმი წარმოადგენს ე.წ. კამერულ თრილერს, სადაც 95% ისტორიისა ოთხ კედელს შუა, ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე მიმდინარეობს, მხოლოდ ორად ორი პერსონაჟის მონაწილეობით. ხოლო ბნელი ნარატივის გაშლა იწყება მაშინ, როდესაც ვხვდებით ვინმე მოღუშულ, ლურჯ ფერებში მცხოვრებ სოფლის ბინადარს, რომელიც ბანალურ ტრაილერ პარკში ცხოვრობს და ახრჩობს თავის დარდებს ვისკში. ერთ საღამოს, მის კართან იდუმალი ახალგაზრდა ქალი მიდის დახმარების სათხოვნელად, თუმცა მისი ქცევა გარკვეულ ეჭვს იწვევს.

ამ ფსიქოლოგიურ თრილერ/საშინელებათა ფილმში, ამბავი ვითარდება როგორც თეატრალური სპექტაკლი, ნარატივით მჭიდროდ ორიენტირებული მხოლოდ ორ პერსონაჟზე. ორივე პიროვნება ასხივებს უნდობლობის აურას, რის გამოც მაყურებელი მუდმივ გაურკვევლობაშია და არ იცის ვის დაუჭიროს მხარი. მომხიბვლელი 90 წუთის განმავლობაში მაყურებელი ჩაძირულია გაძლიერებული პარანოიის სამყაროში, სადაც შიში კარგად ერწყმის შემაშფოთებელ დაძაბულობას, ქმნის ატმოსფეროს, რომელმაც შეიძლება მოგაგონოთ საშინელი კოშმარი ან სულაც, დაუსრულებული, არასასიამოვნო სიზმარი.

მიზანმიმართული ტემპი, მელანქოლიური ხმოვანი პეიზაჟები და სეპიას ტონით გაჟღენთილი ვიზუალი ქმნის სასოწარკვეთის სურათს, წინასწარმეტყველებს გარდაუვალ საფრთხესა და უიმედობის განცდას. ფილმი საინტერესოდ აღძრავს პირველყოფილ შიშს, რომელიც წააგავს გააფთრებულ ჭექა-ქუხილს და სახურავზე ხმაურიანი წვიმის დაცემის ხმას, რაც ხელს უწყობს უხერხულობისა და დაბნეულობის გრძნობის გაღვივებას. You’ll Never Find Me-ის თხრობა ვითარდება როგორც დაძაბული კატა-თაგვობანას თამაში, რომელიც ბოლო მომენტამდე მოცულია ბუნდოვანი ატმოსფეროთი და ამასთანავე დატვირთული უხილავი ბოროტებით, რომელიც ჰაერში რჩება.

იდეა ფილმისა შესანიშნავია და სავსებით საინტერესო: თითქოს ფილმი გვამოგზაურებს მთავარი გმირის, პატრიკის (ბრენდან როკი) ფსიქიკაში, გვძირავს მისი სულის სიბნელეში და მისი ცოდვილი არსებობის ტანჯვაში. იგი იკვლევს ადამიანის თავისუფლების კონცეფციას და მის საზღვრებს, აჩვენებს თვითნების დესტრუქციულ გზას. ფილმი ვარაუდობს, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება, ყოველგვარი უმაღლესი მორალური ავტორიტეტის გარეშე, იწვევს თვითგანადგურებას და ვნებათა დამონებას. მთავარი გმირის ღრმა და სევდიანი მარტოობა ასახავს ჯოჯოხეთურ მდგომარეობას, სადაც ის იზოლირებულია ღმერთისა და ყველაფრისგან და მოქცეული ბანალური, მონოტონური ყოფა-ცხოვრების “ხაფანგში”.

მთლიანობაში, როცა ფილმი იწყება როგორც პერსპექტიული slow-burner-ი, იგი მალევე გადადის გამარტივებულ მეტაფორაში, რომელიც მის ერთადერთ ინტრიგას აფუჭებს და აცამტვერებს. მიუხედავად ამისა, You’ll Never Find Me-ს აქვს თავისი ძლიერი მხარეებიც, განსაკუთრებით ბრენდან როკის უნაკლო თამაშით, რომელიც კარგად ასახავს მარტოობისგან ტანჯულ ადამიანს, სრულიად დაცლილი ყველაფრისგან, მისი ერთი გამოხედვაც კი იმწამსვე იწვევს შიშს და არასასიამოვნო შეგრძნებას. ხოლო ფილმის უნარი – შეინარჩუნოს დაძაბულობა პერსონაჟთა უჩვეულოდ ნელი მეტყველების მანერის მიუხედავად – საკმაოდ კარგია. ეს ყველაფერი კი მიიღწევა შესანიშნავი ხმის დიზაინით და შესაბამისი, მუქი ფერთა პალიტრით. ფილმი რომ მაგალითად მხოლოდ ნახევარ საათზე ყოფილიყო ფოკუსირებული, ამჟამინდელი საათნახევრიანი ქრონომეტრაჟის ნაცვლად, შესაძლოა მსგავს “კამერულ” ჟანრში მორიგი შედევრი გვენახა. მაგრამ სამწუხაროდ, You’ll Never Find Me საბოლოოდ ერწყმის სტრიმინგ პლათფორმების – Shudder/Netflix-ის დაუსრულებელ მორევს და ვერ ახერხებს საკუთარი თავის მნიშვნელოვნად გამორჩევას. ამ ყველაფრისდა მიუხედავად, აღნიშნული ავსტრალიური თრილერი შესაძლოა არ იყოს ახალი The Lighthouse, მაგრამ ფილმი მეტნაკლებად მაინც იმსახურებს მაყურებლის ყურადღებას თუნდაც ერთი საღამოსთვის, ხოლო რამდენად კმაყოფილი დარჩება ფინალით, ეს მთლიანად მასზეა დამოკიდებული.

შენ ვერასდროს მიპოვი (You’ll Never Find Me)
რეჟისორი
: ინდიანა ბელი, ჯოშუა ალენი (Indianna Bell, Josiah Allen)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 36 წუთი

73/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
სილვერ ჰეიზი (Silver Haze)

სილვერ ჰეიზი (Silver Haze)

| სიყვარულის ამბავი და შერიგება წარსულთან

შემდეგი
Blow – Charmed

Blow – Charmed

| ნაწყვეტი ტედ დემეს ფილმიდან - 'Blow'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share