მოგზაურობა ვარსკვლავების მიღმა და საკუთარ თავში
შორეული კოსმოსი. სიცივე. სიმარტოვე. გრძელი კოსმოსური მისია, რომელიც აგერ უკვე 189 დღეს ითვლის. დაღლილი, ძალაგამოცლილი კოსმონავტი იაკუბ პროზაჩკა (ადამ სენდლერი) მიუხედავად მორალური და ფიზიკური დაღლილობისა, მაინც მიისწრაფვის იუპიტერისკენ, იდუმალი ჩოპრას ღრუბლის შესასწავლად. ამას ემატება, არეული ძილის რეჟიმი, კოსმოსური ხომალდი, რომელიც დრო და დრო რემონტს საჭიროებს და უკეთეს მდგომარეობაშიც ყოფილა. თუმცაღა იაკუბს ყველაზე მეტად მისი მეუღლე ლენკა ენატრება, აღელვებს მისი სიჩუმე, რომ ამდენი ხნის მანძილზე კონტაქტზე თითქმის არ გამოსულა. მიუხედავად ამისა, იაკუბის მეგობარი, ფიზიკოსი (კუნალ ნაიარი) და კომისარი ტუმა (იზაბელა როსელინი) მაქსიმალურად ცდილობენ დაამშვიდონ აღელვებული ასტრონავტი, რათა მისია ბოლომდე მიიყვანოს, თუმცა იაკუბი მაინც ხვდება რომ რაღაც რიგზე არაა. ამ მელანქოლიას კი იაკუბის ხომალდში უეცრად გაჩენილი გიგანტური, საშიში უცხოპლანეტელი ობობა – ჰანუში (გახმოვანებული პოლ დანოს მიერ) ემატება. გადაღლილი კოსმონავტი კი ვერ ხვდება, არაქნიდი რეალურია თუ უბრალოდ გადაღლილობისგან გამოწვეული ჰალუცინაციის ნაყოფი. ობობის დახმარებით კი, იაკუბს შანსი ეძლევა საიდუმლოებები გაიგოს როგორც საკუთარ თავზე, ისე სამყაროზეც.
“Spaceman, I always wanted you to go into space, man! (intergalactic Christ)” – მღერის ჯას მენი, Babylon Zoo-ს სოლისტი, თავიანთი ცნობილი ჰიტიდან – Spaceman, რომელიც ძირითადად იზოლაციისა და ემოციური განცალკევების მეტაფორას წარმოადგენს. მსგავსი თემით წარმოგვიდგა ამავე სახელწოდების ახალი ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ადამ სენდლერი, დეპრესიასთან მებრძოლი მარტოხელა ასტრონავტი. ფილმი კი დაფუძნებულია იაროსლავ კალფარის 2017 წლის წიგნზე, “Spaceman Of Bohemia”.
Spaceman-ის რეჟისორი იოჰან რენკი, რომლის დებიუტი კინოში შედგა დევიდ ბოუის კლიპებისა (და არამარტო) და სერიალ “ჩერნობილის” გადაღების შემდეგ, გადაწყვიტა დაბრუნება კოსმოსური დრამის ჟანრში, რომელიც აქამდე შესწავლილია თითქმის თავიდან ბოლომდე. ჩვენ უკვე ვნახეთ მსგავსი დამღლელი (კარგი გაგებით) ვიზუალური ატრაქციონები, როგორიცაა მაგალითად, ალფონსო კუარონის Gravity ან კრისტოფერ ნოლანის Interstellar, შესაბამისად სამყაროს ვიზუალურ სურათზე Spaceman-ში, ლაპარაკი სრულიად უაზრო გამოვა, (ცხადია, ამ მხრივ რენკის ფილმი არანაირად არ გამოირჩევა კუარონისა და ნოლანის ნამუშევრების ფონზე) ამიტომ უფრო საინტერესოა იმის გაგება თუ როგორ არის აგებული მელოდრამატული სიუჟეტი Spaceman-ში.
სიმპატიური, შავტუხა და ამავედროს შიშის მომგვრელი უცხოპლანეტელი ჰანუში იაკუბის მოგონებებში ჩადის ღრმად და უბიძგებს მას დაუპირისპირდეს წარსულის რთულ მომენტებს, როგორიცაა – დაძაბულობა მეუღლესთან ორსულობასთან დაკავშირებით და მამის რეპრესირებული მოგონებები, რომელიც დისიდენტებს აწამებდა კომუნისტების დროს, ცხადჰყოფს გმირის შიშს, რომ მამა გახდეს. ირონიულია ისიც, რომ მამაკაცს (ამ შემთხვევაში მთავარ გმირს) სურს გაიაროს დედამიწიდან ასობით ათასი კილომეტრი, რათა თავიდან აიცილოს ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი, რაც ჭკვიანურია, თუმცა ლენკას მეუღლის პორტრეტი შეიძლება ცალსახად ჩაითვალოს პრობლემატურად.
კერი მალიგანი კიდევ ერთხელ თამაშობს ცოლს, რომელიც ებრძვის ქმრის ქმედებათა შედეგებს, რომელზეც შეილება გავიხსენოთ Promising Young Woman, სადაც მან უფრო ძლიერი პერსონაჟი ითამაშა. Spaceman-ში მალიგანის გმირი წინასწარ გლოვობს თავის ქმარს, რომლისგანაც დაშორება სურს, ვინაიდან ვერც ის უძლებს ამ სიმარტოვესა და მორალურ წნეხს. ამასთანავე იქმნება ისეთი შთაბეჭდილება რომ, იოჰან რენკის მიერ მალიგანის პერსონაჟი მხოლოდ ქმრის გულისთვის არსებობს: მოსალოდნელია, რომ ის ან თავის შვილს გააჩენს, ანდაც შეინარჩუნებს კონტაქტს და მხარს დაუჭერს მარტოხელა ასტრონავტს. მიუხედავად ლენკას მცდელობისა, თავიდან აეცილებინა ეს უკანასკნელი და უარყო კიდეც პლანეტათაშორისი ექსპედიციის ლიდერის ტუმას (იზაბელა როსელინი) დაჟინებული თხოვნა, მისი მთელი სამყარო და მოტივაცია მამაკაცის გარშემო ტრიალებს.
ადამ სენდლერი, რომელსაც ხანდახან სერიოზულ როლებს ანდობენ, (Uncut Gems, Hustle მაგალითად) სიამოვნებით უმკლავდება იაკუბის როლს. ტირის ცრემლების გარეშე, სასიკვდილოდ დაღლილი თვალებით უყურებს საკომუნიკაციო ეკრანს და ნელ-ნელა გიჟდება მარტოობისგან ჰანუშთან ურთიერთობისას. უცხო არსება, რომელიც ერთგვარი შაბლონების კრებულს წარმოადგენს, ბევრად უფრო განვითარებულია ვიდრე ადამიანი და შესაბამისად, მხოლოდ პრეტენზიული, ბუნდოვანი ფრაზებით საუბრობს ყოფიერების სტრუქტურასა და ადამიანურ გრძნობებზე. ჰანუშის სიღრმის საპირისპიროდ, სცენარისტებმა მას მიმზიდველი დიზაინი უბოძეს, რომელიც მოიაზრებს გიგანტური ობობის ვიზუალს და მის სიყვარულს არაქისის კარაქის და ჟელეს მიმართ, რაც მის შიშისმოგვრელ აურას ცოტა იუმორს და მსუბუქ ტონს აძლევს.
იაკუბის პერსონაჟში შეიძლება დავინახოთ სევდიანი მეტაფორა მიწიერი უბედურებით დაღლილი ადამიანისა, რომელიც ნუგეშს ვარსკვლავებში და კოსმოსში ეძებს. თუმცა, რეჟისორი განსხვავებულ მიდგომას არჩევს. მამობის ხაზით, იოჰან რენკი განადიდებს ტრადიციული ცხოვრების წესის ჭეშმარიტებებს და ბავშვების ფასეულობებს, სავარაუდოდ აგრძელებს მათი მშობლების ცხოვრებას და ოჯახი, როგორც ყველაზე ძლიერი კავშირი და იმედი. კოსმოსური სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი აყალიბებს მომავლის სურათს, აინტერესებს რა პრობლემები შეექმნება ადამიანებს და ასახავს თანამედროვე კონფლიქტებს. სამწუხაროდ, Spaceman იდეოლოგიურად წარსულშია ჩარჩენილი, ისევე, როგორც იაკუბის ბიოლოგიური ნარჩენები ტუალეტში, რომლის შეკეთებას ცდილობს მთელი ფილმის მანძილზე.
ფილმი ხელმისაწვდომია სტრიმინგზე
კოსმონავტი (Spaceman)
რეჟისორი: იოჰან რენკი (Johan Renck)
ხანგრძლივობა: 1 საათი და 49 წუთი