რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სპექტაკლით უკმაყოფილო ადმაიანი – გზა მაყურებლიდან თავდამსხმელამდე

კვენტინ დეპიუსა და რაფაელ კენარის თანამშრომლობა პირველად ფილმში “Smoking Causes Coughing” შედგა, რომელიც თამბაქოთი დატენილ სუპერგმირებზე გვიყვება. დეპიუს ყველა ფილმი ჟანრობრივად და გამოხატვის ფორმებით განსხვავებულია, თუმცა, ყველასთვის საერთოა აბსურდულობის ხარისხი. Yannick-შიც გაუგებარია მოვლენების განვითარებას რატომ ვერ აჩერებს ვერავინ, მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟებს თითქოს ამის საშუალება პერიოდულად ეძლევათ, მაგრამ ეს დეპიუს ფილმია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას სურს. 

იანიკი მანქანების პარკინგზე მუშაობს კვირაში შვიდი დღე და მის ერთადერთ დასვენებაზე, რომლის მოპოვებასაც წინასწარი შეთანხმება და მისი ჩამნაცვლებლის მოძებნა სჭირდება, სტუმრობს პარიზის თეატრს, სადაც სპექტაკლს “Le Cocu”-ს აჩვენებენ. დადგმა იაფფასიანი კომედიური მელოდრამაა. უილიამი, ალის თქმით მისი პლატონური სიყვარული, ცოლ-ქმრის, პოლისა და სოფის ცხოვრებაში უეცრად ჩნდება, რის გამოც ისინი ერთმანეთს უნდა დაშორდნენ. დიალოგები პერსონაჟებს შორის მარტივი და არაფრისმომცემია და გამიზნული იმისთვის, რომ ადამიანებმა იცინონ, რასაც სპექტაკლი მეტ-ნაკლებად აღწევს, თუმცა, დადგმიდან რამდენიმე წუთში მაყურებლებიდან ხმა ისმის: “ბოდიში, რომ გაწყვეტინებთ, ვიცი, სწორი არ არის, მაგრამ დიდ დროს არ წაგართმევთ,” მოქმედება წყდება და ვისმენთ იანიკის მონოლოგს, რომელიც უკმაყოფილოა სპექტაკლის ხარისხით და რეჟისორთან გასაუბრებას ითხოვს. მაგრამ აღმოჩნდება, რომ მას არავინ ესწრება სამი მსახიობისა და მაყურებლების გარდა, რომლებიც დარბაზის ნახევარსაც კი ვერ ავსებენ.

იანიკი განცვიფრებულია, რადგან მის ერთადერთ დასვენებაზე, რომელიც ძლივს მოიპოვა, 40 წუთი მატარებლით და 10 წუთი ფეხით იარა, რათა თეატრამდე მისულიყო და თავისი ცხოვრება გაეხალისებინა, პირიქით, უარესად დამწუხრებულს უწევს სახლში დაბრუნება. მისთვის ბილეთის საფასურის დაბრუნებაც არ არის საკმარისი, რადგან ძლივს მოპოვებულ დროს ვერანაირი თანხით აუნაზღაურებენ, თუმცა, ბოლოს შეთავაზებას თანხმდება და დარბაზს ტოვებს. მოგვიანებით, გარდერობთან მისულს დარბაზიდან სიცილის ხმები ესმის, ამიტომ უკან ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ მსახიობები მაყურებლებთან ერთად იანიკს დასცინიან. სწორედ ამ მომენტიდან იძაბება სიუჟეტი. 

იანიკი იარაღით ხელში ჩნდება დარბაზში და მსახიობებს თავისი სახელის გამეორებას სთხოვს, თუმცა, რასაკვირველია მისთვის იმხელა მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ დასაწყისში, რომ სახელი დაემახსოვრებინათ. მოგვიანებით ამბობს, –  “ამ ქვეყანაში იარაღია საჭირო, რომ შენი სახელი დაიმახსოვრონ.” იარაღი ფილმში სწორედ ძალაუფლების სიმბოლოა, რადგან თავიდანვე ჩვენც და თეატრის დარბაზში შეკრებილი მაყურებელიც დარწმუნებულია, რომ ის არ გაისვრის. იანიკი ითხოვს ლეპტოპს, პრინტერს და საბოლოოდ ერთი ხელით (მეორეში იარაღი უჭირავს), ნელა, რადგან ბეჭდვა არ იცის, წერს სცენარს, რომლის მიხედვითაც სანახაობა უნდა შეიცვალოს და ადამიანებმა იანიკის დადგმულ პიესას უყურონ, რითაც მისი აზრით, ყველა კმაყოფილი და ბედნიერი დაბრუნდება სახლში. 

ამ ქვეყანაში იარაღია საჭირო, რომ შენი სახელი დაიმახსოვრონ.

იანიკი

ამოუცნობია იანიკის დამოკიდებულება თეატრში შეკრებილი ადამიანების მიმართ, ერთდროულად დასცნის, შეურაცხყოფას აყენებს და თანაუგრძნობს მათ, პერიოდულად უკვირს, როგორ შეიძლება საზოგადოება იმდენად დეგრადირებული იყოს, რომ ლეპტოპის პაროლად “Vaginal” და მთავარ ფოტოდ ნახევრად-შიშველი ქალი გყავდეს გამოსახული. ამ დამოკიდებულების მიუხედავად იანიკი მაინც ახერხებს ადამიანების გულის მოგებას და საბოლოოდ ღამის გასათევსა და საჭმელსაც მოიპოვებს სპექტაკლის შემდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა “ყველას გაუხალისებს საღამოს.”

იანიკი სპექტაკლის მაყურებელს მძევლებად აქცევს, თუმცა, კვენტინ დეპიუს სწორედ ამის თქმა უნდა, რომ ხშირად გაუაზრებლად, თავად ვექცევით ისეთ სიტუაციაში, სადაც რეჟისორები და დრამატურგები, კინოსა და თეატრის დარბაზებში გვამწყვდევენ და გვაიძულებენ ვუყუროთ იმას, რაშიც გადავიხადეთ ფული, დავხარჯეთ დრო და ვცდილობთ ვისიამოვნოთ იმით, რასაც გარკვეული დროის განმავლობაში თავს ვერ დავაღწევთ და მსვლელობისას უკმაყოფილებასაც ვერ გამოვთქვამთ, რადგან უპატივცემულობაში ჩაგვეთვლება და შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს, რომელსაც არავინ მოუსმენს. 

Yannick-ის მთავარი პერსონაჟის, იანიკის შემსრულებელი რაფაელ კენარი არამარტო თეატრში იპყრობს ყველას ყურადღებას, არამედ ფილმის მაყურებლებისთვისაც სრულიად მომნუსხველია თავისი შესრულების მანერით. ფილმს ლოკარნოს კინოფესტივალზე მოპოვებული აქვს European Cinemas Label Award ჯილდო. 

იანიკი (Yannick)
რეჟისორი: კვენტინ დეპიუ

ხანგრძლივობა: 1 საათი 7 წუთი

82/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
Nia Archives – Cards On The Table

Nia Archives – Cards On The Table

| Album: Silence Is Loud

შემდეგი
The Wolf of WallStreet – Quaalude/Lemmons

The Wolf of WallStreet – Quaalude/Lemmons

| ნაწყვეტი მარტინ სკორსეზეს ფილმიდან - 'The Wolf of WallStreet'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share