სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს: ტიმ ბარტონის საკულტო კლასიკის გაცოცხლება
დიცის ოჯახის სამი თაობა მოულოდნელი ოჯახური ტრაგედიის შემდეგ ბრუნდება სახლში, უინტერ რივერში. ჯერ კიდევ ბითლჯუსით გატანჯული, ლიდიას (ვაინონა რაიდერი) ცხოვრება მალევე დგება თავდაყირა, როდესაც მისი მეამბოხე თინეიჯერი ქალიშვილი, ასტრიდი (ჯენა ორტეგა) აღმოაჩენს იდუმალ პორტალს საიქიოში. ხოლო როცა ვინმე ბითლჯუსის სახელს სამჯერ წარმოთქვამს, ბოროტი დემონი სიხარულით ბრუნდება რათა ქაოსი და არეულობა გამოიწვიოს თავის სტილში.
თუკი ქენდიმენის (კაუჭიანი მანიაკი კლაივ ბარკერის ფილმებიდან) გამოძახებას მისი სახელის ხუთჯერ წარმოთქმა სჭირდება, მხიარული, მზაკვარი დემონის – ბითელგეიზეს სულ რაღაც სამჯერ დაძახებაც საკმარისია. 5 სექტემბერს, საქართველოს კინოთეატრებში შედგა ცნობილი საკულტო კლასიკის “ბითლჯუსის” სიქველის პრემიერა, თუმცა მანამდე მეორე ნაწილმა დღის შუქი ვენეციის კინოფესტივალზე იხილა, კერძოდ კი 28 აგვისტოს. მთავარ როლებში: მაიკლ კიტონი, ჯენა ორტეგა, უილემ დეფო, მონიკა ბელუჩი, კეტრინ ო’ ჰარა, ვაინონა რაიდერი და ჯასტინ თეროუ.
პირველი ნაწილიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა. წამოზრდილი ლიდია თავისი საავტორო შოუს ვარსკვლავია, რომელიც იკვლევს პარანორმალურ მოვლენებს, დაწყევლილ სახლებს, სულებს და ა.შ., დილია დიცი როგორც ყოველთვის ცდილობს დარჩეს თანამედროვე ხელოვნებაში, კერძოდ კი ავანგარდში. ლიდიას ასევე წამოეზარდა ქალიშვილი, ასტრიდი რომელიც დედასავით მარტოსულია, წაკითხული აქვს დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელი” სამჯერ და მისტირის მამას, რომელიც ამაზონის ჯუნგლებში დაიღუპა. ლიდიამ ჯერ კიდევ ვერ გადაამუშავა წინა ფილმის მოვლენები, კერძოდ კი ბითლჯუსი, რადგან ყოველი შავ-თეთრი ზოლის დანახვისას მას მწრაფლ ეს საზარელი დემონი ახსენდება. რაც შეეხება ლიდიას მამას, ჩარლზს, ის უეცრად გარდაიცვალა. (“მამა, ქმარი, ჩიტებზე დამკვირვებელი” ასე ეწერება მისი საფლავის ქვაზე, რომელსაც ზვიგენის წვეტის ფორმა აქვს მიღებული) გასაგები მიზეზების გამო, მსახიობი ვერ დაბრუნდა, შესაბამისად ბარტონმა მისი “არყოფნა” ორიგინალური მეთოდით გაამართლა და სცენარსაც დაუკავშირა, claymation (თიხის და პლასტელინის გამოყენებით შექმნილი ანიმაციის სტილი) ტექნიკით, პატარა ფლეშბექში, რომელსაც დილია უყვება ლიდიას. ეს მოვლენა კი ოჯახს ისევ ერთად შეკრებს, ხოლო ქვევით, საიქიოში გახიზნული ბიტელგაიზესთვის ეს მორიგი შანსია რომ ნამდვილ სამყაროში დაბრუნდეს, მოშორდეს საოფისე საიქიოს ბუღალტერიას და დაგეგმოს თავისი გაქცევა.
“ბითლჯუს ბითლჯუსი” დახუნძლულია ბევრი ახალი პერსონაჟით, რომელთა შორის მიკროსკოპულ როლში თვით დენი დევიტოს იხილავთ, რომელიც აქ საიქიოს დამლაგებლის ამპლუაშია. დევიტოსთან ერთად საკმაოდ თვალწარმტაც მუსიკალურ ნოტაზე, კერძოდ კი Bee Gee-ის Tragedy-ს ფონზე ვეცნობით დელორესს, (მონიკა ბელუჩი) რომელიც ფილმის ერთ-ერთი ბოროტმოქმედია, გამოირჩევა სილამაზითა და სულების ამოწოვის ძალით. მალევე ვიგებთ რომ, დელორესი ბითლჯუსის ყოფილი ცოლია. უეცარი გაცოცხლების შემდეგ, იგი შურისძიების მწველი სურვილითაა აღსავსე. ვინ არის და რატომ მისდევს სტეპლერით “აწყობილი” მიცვალებული ქალი ბითლჯუსს, ამას ვხედავთ ორიგინალურ ფლეშბექში, რომელიც შესრულებულია შავ-თეთრ ფერებში და მარიო ბავას, იტალიური, გოთიკური ჰორორის სტილში, სადაც ბითლჯუსი იტალიურადაც კი ლაპარაკობს. (როგორც ჩანს, ბარტონი ბავას ნომერ პირველი ფანია) ფილმში ასევე ვხვდებით ვილემ დეფოს, ვერ შემდგარი ექშენ ფილმების ვარსკვლავის და შემდგომ საიქიოს დეტექტივად გადაქცეული პერსონაჟის როლში, რომელიც თავისი ქარიზმატულობითა და ghoul patrol-ით გამოირჩევა. (მიცვალებულთა პატრული)
ცოცხლების სამყაროშიც ვხვდებით ახალ პერსონაჟებს. ერთ-ერთი მათგანი რორია, ლიდიას შეყვარებული, პროდიუსერი, გამოირჩევა თმის “გადაწკეპილი” ვარცხნილობით და შეიძლება ითქვას რომ ლიდიას საპირისპიროა და ვერასდროს წარმოიდგენდით მის გვერდით. ასტრიდის გარდა ასევე ვეცნობით ჯერემის, (არტურ კონტი), რომელიც მალევე გამონახავს საერთოს ლიდიას ქალიშვილთან და ნაივური რომანსიდან, საინტერესო თავგადასავალში ეხვევა, რაც სიუჟეტს წინ წაწევაში ეხმარება. უინტერ რივერი მშვენივრად არის დახატული, ატმოსფერულია და შემოდგომის ფერთა პალიტრა თავისებურ ხიბლს სძენს მას, ისევე როგორც დენი ელფმანის უკვდავი მუსიკა. ადამი და ბარბარა (ალეკ ბოლდუინი და ჯინა დევისი) სამწუხაროდ ვერ დაბრუნდნენ სიქველში, თუმცა მათი “არყოფნა” უცნაურად, მაგრამ გასაგებად არის ახსნილი ლიდიას მიერ.
მაიკლ კიტონს ისევ არ აქვს საკმარისი საეკრანო დრო, თუმცა წინასთან შედარებით იგი თითქოს უფრო ხშირადაა კადრში. ყოველშემთხვევაში ცნობილ დემონს თავისი იუმორის გრძნობა და ექსცენტრულობა არსად დაუკარგავს, თანაც ასაკი, გრიმის მიღმა მას თითქმის არ ეტყობა. საიქიოს დეკორაციები ისევ არის გაფორმებული გერმანული ექსპრესიონიზმის სტილში, პრაქტიკული ეფექტების მაგიით და ქვიშის ჭიასაც კი ვხვდებით, რომელმაც შესაძლოა “დიუნის” ჭია გაგახსენოთ. გარდა ამისა, შემდგომი ცხოვრების დერეფნებსა და დარბაზებში ვხვდებით ე.წ. სულების მატარებელს – soul train-ს, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით არის გადმოტანილი და მოიაზრებს მუსიკალური ჟანრის – სოულის ვიზუალიზაცის, შავკანიანი მიცვალებულებით და რიტმული, ცოცხალი მუსიკით. ერთ მომენტში ქართულ ჩოხაში შემოსილ მკვდრებსაც კი ვხვდებით, ხოლო რა იყო ამის ინპირაცია ტიმ ბარტონისთვის, ჯერჯერობით უცნობია.
ჯენა ორტეგას პერსონაჟზე სცენარისტები დიდად არ გაიხარჯნენ და ასტრიდი თითქოს “ჩარჩა” უენსდეის ამპლუაში: ის ისევ ვერ პოულობს საერთოს თანაკლასელებთან, თავხედია უფროსების მიმართ, მოღუშული უყურებს ყველას და ყველაფერს, ოცნებობს ტრანსილვანიაში წასვლაზე და ერთ დღეს ცოტას ცეკვავს კიდეც. ცეკვაზე ლაპარაკისას, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მუსიკალური ნომრები, რომლებიც ამჯერად ბევრია, ახალისებს სურათს, შემოაქვს გარკვეული ნაპერწკალი და ხალისი, განსაკუთრებით ფინალისკენ, რომელიც მართალია ცოტა დიდიხანი მიდის მაგრამ მსახიობები იმდენად კარგად ირგებენ ამ მუსიკალურ ქაოსს, რომ რთულია თვალი მოწყვიტო ამ სანახაობას. სხვათაშორის, PG-13 რეიტინგისდა მიუხედავად ფილმში მრავლად შეხვდებით სხვადასხვა უცნაურ, გრაფიკულ სცენებს, რაც მიუთითებს რეჟისორის ოსტატობაზე ბოლომდე გამოწუროს რეიტინგი და ნახოს რისი “შეპარვა” შეიძლება და რისი არა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ლიდიას კვლავ უწევს “ბითელგაიზეს” გამოძახება დასახმარებლად, რათა თავის ქალიშვილი გამოიხსნას, რომელზეც ტიტულარული დემონი სიამოვნებით თანხმდება, quid pro quo-ს პრინციპით. ლიდია ისევ უნდა გაჰყვეს დემონს ცოლად, რაზეც ეს უკანასკნელი ამოხვნეშით თანხმდება და დასტურის ფურცელზე, სისხლით აწერს თავის სახელს. გაჰყვება თუ არა ლიდია “ბითლჯუსს” და გამოაღწევს თუ არა მატყუარა ანტიგმირი საიქიოს, ამას მაყურებელი გაიგებს ფილმის მსვლელობისას.
“ბითლჯუს ბითლჯუსის” აბსურდული სიუჟეტის გათვალისწინებით, ფილმს საკმაოდ უცნაური სიუჟეტი აქვს, არათანმიმდევრული ტემპით. თუკი პირველი ნახევარი სახალისოა ბარტონის შავი იუმორის წყალობით და მხიარული ვიზუალური სტილებით, ნარატივის თვალსაზრისით ძალიან ცოტა რამეა რომ მაყურებელი რაღაცას მაინც “მოეჭიდოს.” არ აქვს საკმარისი დრო დათმობილი ლიდიას და ასტრიდის ურთიერთობას, ბოლომდე ვერ ვიგებთ რა გახდა მათი გაუცხოების მიზეზი ერთმანეთთან, ვინაიდან მათ არც ისე ხშირად აქვთ ერთად სცენები, რის გამოც პირველი ნახევარი ფილმისა პერსონაჟთა და ნარატივის მხრივ – ცარიელია, რომელიც ამოვსებულია სხვადასხვა სახის ინფორმაციითა და ხუმრობებით. ამასთან ერთად როცა სიუჟეტი “იქოქება” და “რელსებზე დგება”, ფილმი სახალისო სანახავია, მაგრამ იმდენად სავსეა სხვადასხვა ბოროტმოქმედებით, რომ მათი ურთიერთქმედება და დაპირისპირება მთავარ პერსონაჟებთან ანტიკლიმატურია , არც არიან გახსნილები საკმარისად და უინტერესოები არიან. მაგალითად მონიკა ბელუჩის დელორესის “არყოფნით,” ფილმის სიუჟეტი დიდად არ დაირღვეოდა. შესაბამისად, სიქველის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ესაა, “ბითლჯუს ბითლჯუსში” საკმაოდ ბევრი რამე ხდება, სიუჟეტური ხაზები თითქოს ერთმანეთში იკარგება და არ ეთმობა საკმარისი დრო. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება რომ, ბარტონი ზედმეტად გაერთო სხვადასხვა მუსიკალური ნომრების შექმნითა და დაგეგმარებით. როცა პირველ ნაწილში, ტიმმა მარტივი, მაგრამ ლაკონური ამბავი შემოგვთავაზა, რომელსაც მკაფიო გადაწყვეტილება და მიზანი ჰქონდა. გმირებიც კარგად იყვნენ გააზრებულნი და სიუჟეტიც საკმაოდ მალ-მალე მიდიოდა წინ.
საბოლოო ჯამში, “ბითლჯუსის” გაგრძელების ნახვა ღირს. ფილმში შეხვდებით სახალისო, მხიარულ მომენტებს, ზოგ სცენაზე შესაძლოა ჩაგეღიმოთ და ჩაგეცინოთ კიდეც. დისნეის კლანჭებიდან გამოღწეული ტიმ ბარტონი მაინც ცდილობს თავისი კრეატიულობისა და ხედვის ჩაქსოვას ახალ ნაწილში და მაყურებლები კვლავ მოგზაურობენ საიქიოს სურეალისტურ დერეფნებში. ზემოაღნიშნული პრობლემების მიუხედავად, მხიარული, ფერად ფერთა პალიტრით შელამაზებული გოთიკური ჰორორი მაინც გამოირჩევა ცოტაოდენი ნაპერწკლით, სულით და გასართობი ატმოსფეროთი, რაც თავისთავად ძველი სამსახიობო დასის დაბრუნების წყალობით მიიღწევა. “ბითლჯუსი” უფრო “კეთილი” ხდება, ბევრს ეხმარება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მისი მატყუარა, მზაკვარი ბუნებაც. ხოლო ყველაზე უცნაური, აწყვეტილი, შექანებული ფინალური სცენები ბევრ შეკითხვას გაუჩენს აუდიტორიას.
ბითლჯუს ბითლჯუს (Beetlejuice Beetlejuice)
რეჟისორი: ტიმ ბარტონი
ხანგრძლივობა: 1 საათი და 44 წუთი