ჯონ პატონ ფორდის სადებიუტო კრიმინალური თრილერი ქალზე, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს და ვა-ბანკზე მიდის.
სიუჟეტი ახალგაზრდა ქალზე გვიყვება, რომელიც ბანკის ვალებში გაიჭედა. ემილი ნორმალური სამსახურის ძებნაშია, რათა მატერიალური პრობლემებიდან გამოძვრეს და მის საყვარელ საქმიანობას – ხატვას დაუთმოს მეტი დრო, მაგრამ წარსულში კანონთან პრობლემების გამო მას ყველგან იწუნებენ. დროებით კი იგი იძულებულია ადგილზე მიტანის სამსახურში ,,გროშებზე” იმუშაოს.
ერთხელაც თანამშრომელი მას ტელეფონის ნომერს აძლევს, სადაც ერთსაათიან სამუშაოში 200$ უხდიან. თუმცა რა ტიპის სამუშაოა იგი არ აკონკრეტებს. ემილი მიდის დათქმულ შეხვედრაზე, და აქ ხდება მისი გაცნობა დანაშაულებრივ სამყაროსთან, რომელსაც აზიიდან ემიგრირებული ბანდიტები კურირებენ..
მთავარი როლის შემსრულებელი ობრი პლაზა ფილმის ცენტრალურ როლს კარგად უძღვება. მისი თვალის დევნება არავითარ შემთხვევაში არ მოგბეზრდებათ, რაც რა თქმა უნდა არა მარტო მისი, რეჟისურის და ოპერატორის უდაო დამსახურებაცაა. ფილმი დინამიურია და ექშენის საკმაო დოზითაა დატენილი. მისი პრემიერა 2022 წლის იანვარში სანდენსის კინოფესტივალზე შედგა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.