რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ღამის ცურვა (Night Swim)

შიშში დახრჩობა: ბრაის მაკგუაირი მაყურებელს დაუნდობელი საშინელების სიღრმეში ჩაძირავს

დეგენერაციული დაავადების (კერძოდ კი სკლეროზის) გამო, ბეისბოლის, უმაღლესი ლიგის ყოფილი მოთამაშე – რეი უოლერი, ნაადრევ პენსიაზე უწევს გასვლა. რეი ცოლთან და ორ შვილთან ერთად ახალ სახლში გადადის, რომლის უკანაც დიდი საცურაო აუზია. წყვილი იმედოვნებს რომ აუზი ბავშვებისთვის სახალისო იქნება, ხოლო ცოლ-ქმარს კი ერთგვარ ფიზიკურ თერაპიას გაუწევს. თუმცა, სახლის წარსულის ბნელი საიდუმლო მალე ათავისუფლებს ბოროტ ძალას, რომელიც ოჯახს გარდაუვალი შიშის სიღრმეში ჩაიყოლებს.

ასეთი სიუჟეტით ცდილობს Night Swim იყოს გამორჩეული სხვა ჰორორ ფილმებისგან, უცნაური კონცეპციით – “რა მოხდებოდა რომ საცურაო აუზი დაწყევლილი იყოს და ხალხს ჭამდეს”. კონცეპცია, რომელიც თავიდან 2014 წელს – მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახით დაიბადა და თითქმის 10 წელი “ცხვებოდა”, სანამ სრულმეტრაჟიანში არ გადაიზარდა. პროდუსერებად Night Swim-ს ცნობილი საშინელებათა ფილმების სტუდია Blumhouse და ამავე ჟანრის ტიტანი – ჯეიმს ვანი მოევლინა. მსგავსი სიუჟეტით ალბათ სტივენ კინგი შეთხზავდა მცირე 15-20 გვერდიან მოთხრობას და რაიმე კრებულში შეიტანდა, როგორც სჩვევია ხოლმე, თუმცა რამდენად გაამართლა საათნახევრიანი ფილმის ფორმატმა – ეს უკვე სხვა საკითხია.

რა საკვირველია, ბევრჯერ გვინახავს ისეთი ფილმები სადაც ცენტრალური ფიგურა – დაწყევლილი სახლი ან სულებით შეპყრობილი შენობებია, მაგრამ “ბოროტი აუზი”, რაღაც ახალია. თუმცა ამ იდეიდან ფილმის გაშლა რეალურად რთული ამოცანას წარმოადგეს, რაც უშუალოდ ფილმის პრობლემაა. უპირველეს ყოვლისა, საკმაოდ დიდი დრო მიაქვს გარემოებისა და პერსონაჟების გაცნობას, რის შედეგაც ფილმში თითქოს არაფერი ხდება. დაამატეთ ამას რბილი, სუსტი სასპენსის შექმნის მცდელობა და მთლიანი რიტმი უფრო მდორე ან ნელი გახდება. მიუხედავად ამისა, საინტერესო სანახავია რეჟისორის ე.წ. კამერის “ხრიკები”, რომელსაც იგი იყენებს რომ დაგვანახოს აუზის სიღრმე, შექმნას მომნუსხველი ატმოსფერო, კლაუსტროფობიული მოლოდინის განცდა და სამყარო, სადაც ყოველი შხეფი ან წვეთი – საფრთხის შემცველია.

სანამ ფილმი ამ სუსტ სასპენსზე “დგას”, მანამდე ინტრიგა მაყურებელში ნელნელა ღვივდება, მაგრამ საკმარისია, რომ ეკრანზე გაჩნდენ (უკვე მეორე ნახევრისკენ) დემონები/მოჩვენებები და მთლიანი შიშის ფაქტორი ნულს ქვემოთ ეცემა, რაც უკვე სიცილსა და ღიმილში გადადის. ხოლო როგორც Blumhouse-ს ფილმებს სჩვევია, უმეტესი ნაწილი ფილმისა უაზრო და დამღლელ screamer/jumpscare-ებზე ოპერირებს. რის გამოც, ფილმის საათნახევრიანი ქრონომეტრაჟიც – მარადისობაზე ნელია, ისევ და ისევ ლოკოკინის მსგავსი ტემპის გამო.

როგორც ჩანს, სცენარისტები აპირებდნენ რომ ფილმი უფრო ოჯახურ დრამაში “გადაეხარათ”, სადაც ოჯახი ავადმყოფი მამის დახმარებას ცდილობს, რომლის პარალელურად საცურაო აუზიდან ამოსული ბოროტი სულები აწუხებენ, მაგრამ როგორც ჩანს – ეს ორი იდეა ფილმში კარგად ვერ ერწყმის ერთმანეთს. რათქმაუნდა, მოგვიანებით ფილმში ვიგებთ თუ რატომ არის ტიტულარული აუზი “ბოროტი”, მაგრამ სიუჟეტი ბოლომდე ამ იდეის ერთგული არ რჩება, აიგნორებს და ძალიან ზედაპირულად მიჰყვება. შესაბამისად ის build-up, რომლითაც აუდიტორია მზადდება დამაკმაყოფილებელი ფინალისთვის – უსუსურია.

გარდა ამისა ფილმი სავსეა ადვილად შესამჩნევი სიმბოლიზმებით. ისტორიის ცენტრალური თემა წყალია – ყველაზე ძლიერი სიმბოლო, რომელსაც შეუძლია განასახიეროს მეორედ დაბადება, განწმენდა ან სულაც – ახალი დასაწყისი. თუმცა Night Swim-ში – უფრო განასახიერებს ფარულ საფრთხეს, წარსული ტრავმების ნიღბის ჩამოხსნას და საიდუმლოთა დამამძიმებელ მორევს. ხოლო აუზი კი, თავშესაქცევი/მოსასვენებელი ადგილიდან ე.წ. ქვეცნობიერის პორტალში გარდაიქმნება, რაც პერსონაჟთა არეულობას ასახავს. აი ფინალი კი საშინლად შაბლონური და სულელური გამოდგა, რაღაც – “ჰოო..ესეთი რაღაც გადაგვხდა თავს..არაუშავს, ცხოვრება გრძელდება..ჰო მართლა, ვინმეს საჭმელი ჰომ არ უნდა?” – მსგავსი.

მთლიანობაში Night Swim, უღიმღამო, საშინლად შესრულებული კონცეპტის და მოსაწყენი რიტმის მქონე მისტიური, საშინელებათ ფილმია. თუმცაღა – არც ისე ცუდი ატმოსფეროთი და რამდენიმე კარგი კადრებით აქა-იქ, ისევ და ისევ რეჟისორის კამერის “ხრიკების” გამო. აქვე დავამატებდი, რომ ფილმის რეიტინგი PG-13-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის ფაქტორი – ნულს უტოლდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიტყოდი რომ ფილმი მაინც – ყურებადია, თუ რათქმაუნდა მოგწონთ მსგავსი ნელი, მდორე რიტმის მქონე მისტიური ჰორორ ფილმები, რომლის უმეტესი ნაწილი – სუსტ სასპენსსა და მრავალჯერ გამოყენებულ jumpscare-ებს ეყრდნობა. ფილმი ხელმისაწვდომია როგორც ციფრულად, ისე პოპულარულ სტრიმინგ სერვისებზეც.

ღამის ცურვა (Night Swim)
რეჟისორი
: ბრაის მაკგუაირი (Bryce McGuire)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 38 წუთი

45/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
წინა
Future Islands – The Fight

Future Islands – The Fight

Album: People Who Aren't There Anymore

შემდეგი
წყევლა (The Curse)

წყევლა (The Curse)

| Uncut Gems-ის რეჟისორის, ბენი საფდის და ნეითან ფილდერის სერიალი, ემმა სთოუნთან

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share