კანის კინოფესტივალის ოქრო პალმის ნომინანტი, მელანქოლიური პატარა ვირის თავგადასავალი.
ნაცრისფერი ვირი იო ცირკში მუშაობს. მისი მომვლელი კასანდრა ძალიან ზრუნავს მასზე და კარგად უვლის, რასაც ვერ ვიტყვით ცირკის მფლობელზე. ერთ უიღბლო დღეს, ცხოველთა დაცვის ახალი კანონის თანახმად, იოს თავის მზრუნველ პატრონს აშორებენ და საჯინიბოს გზას უყენებენ, სადაც ცხენების კომპანიაში უწევს ყოფნა. იწყება გულუბრყვილო ვირის ხანგრძლივი და მომქანცველი მოგზაურობა ადამიანთა და ცხოველთა სამყაროში, სადაც ადგილი ექნება სიყვარულსაც, სიძულვილსაც, შემთხვევითობასაც და გარდაუვალ რეალობასაც.
პოლონური კინოს კლასიკოსმა ეჟი სკოლიმოვსკიმ რობერ ბრესონის 1966 წლის ,,წარმატება, ბალთაზარის” თავისებური, თავისუფალი რიმეიქი გადაიღო, სადაც მთავარი მოქმედი პირი ვირია.
სკოლიმოვსკიმ ვირის უბრალო ისტორიიდან ნამდვილი ვიზუალური ატრაქციონი შექმნა, სადაც ადგილი აქვს ცეცხლოვანი წითელი ფილტრებით დრონიდან გადაღებებს, ექსპოზიციურ ექსპერიმენტებს და ა.შ.
ფილმი, შეიძლება ითქვას სპეციფიურ მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა მასში ჩადებული აზრი სამყაროში არსებულ სისასტიკესა და სათნოებაზე ყველას და ყველაფერს ეხება. და რაღაც მომენტში არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს ადამიანის სიცოცხლეა თუ ვირის, მითუმეტეს ცხოველისთვის ხომ კიდევ უფრო რთულია იმ უსამართლობასთან ბრძოლა, რასაც მას ბედისწერა და ადამიანთა ცხოვრების წესი უმზადებს.