ვენეციის კინოფესტივალის ორი ჯილდოს მფლობელი, ბუნტით და რევოლუციური სულისკვეთებით განმსჭვალული, რომენ გავრასის ექშენი-დრამა.
ეთნიკური არაბებით სავსე პარიზის გარეუბანში, სადაც უამრავ კრიმინალს მოუყრია თავი, უბედური შემთხვევა ხდება, რასაც არეულობა მოჰყვება. პოლიციელების მიერ მოკლულია არასრულწლოვანი. მას სამი ძმა დარჩა, რომლებიც ერთმანეთთან ვერაფრით ვერ რიგდებიან და სრულიად განსხვავებულ ცხოვრებას ეწევიან. უფროსი – მოკტარი ნარკოდილერია, რომელიც არეულობის დროს იარაღის და ნარკოტიკების გაყიდვას ცდილობს, შუათანა – აბდელი სამხედროა, რომელიც ყოველ ღონეს ხმარობს დააწყნაროს სიტუაცია და უმცროსი – ქარიმი, რომელიც მოთავეა კვარტალში დაწყებული ამ ქაოსისა.
პარიზული რეალობიდან პირდაპირ გადმოხატული უბანი, მისი სახელი და მასში განვითარებული მოვლენები რამდენადაც სწორხაზოვანია, იმდენად მრავლისმეტყველი. პირველ რიგში ომის ქალღმერთის სახელი როგორც არასდროს აქ დროულია, რადგან მთელ ფილმს სამოქალაქო ომის აჩრდილი დაყვება, მეორეც- ანტიკური დასახელება და ძმებს შორის შუღლი ძველი ბერძნულ ტრაგედიებისკენ მიგვანიშნებს, მესამეც- რომან გავრასი(რეჟისორ კოსტა გავრასის შვილი) ბერძენია ფესვებით, და ,,ათენის” გადაღებაც ვის თუ არა მას უნდა აეღო თავის თავზე. ,,ათენაში” ბატალური სცენების მთელი კასკადია, რომელიც რთული ქორეოგრაფიითაა დადგმული და სადაც ასეულობით სტატისტი იღებს მონაწილეობას, რისი სწორედ აღბეჭდვაც კარგი რეჟისურის და ოპერატორების უდიდესი ძალისხმევის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა.