პროფესიონალი მკვლელის სულიერი არქიტექტურა და შურისძიების დეტალები დევიდ ფინჩერის ფილმში.
წარუმატებელი სამუშაოს შემდეგ მაღალი დონის მაღალანაზღაურებადი ,,ქილერი” ცდილობს ყველა კუდი მოიშოროს და სადმე მიყუჩდეს. მისი გამუდმებული შინაგანი მონოლოგი, მეთოდურობა, დადგენილი წესების ურყევი დაცვა მას ამაში ძალიან ეხმარება. თუმცა სამშვიდობოს გასული იგებს რომ, შემკვეთებმა ის თავად შეუკვეთეს. იწყება დაუნდობელი ადამიანის მკაცრად გათვლილი შურისძიება…
ალექსის ნოულენთის კომიქსის ეკრანიზებას დევიდ ფინჩერი 20 წელი ოცნებობდა. ოსკაროსანი ,,მანკის” შემდეგ, გარკვეული ხნის ფიქრისა და ძიების შედეგად მისი არჩევანი აღნიშნულ პროექტზე გაჩერდა, რასაც წინ უძღოდა მაიკლ ფასბინდერთან რამოდენიმე შეხვედრა.
სტერეოტიპული და თითქოს ადვილად გამოსაცნობი სიუჟეტი ორმა გენიოსმა, რეჟისორმა და მთავარი როლის შემსრულებელმა დამაინტრიგებელ და საინტერესო სანახაობად აქციეს, რომელსაც ორი საათის განმავლობაში ვერ მოწყდები. ჰო, თითქოს ახალი არაფერია, არც გარკვეულ სიღრმისეულ შრეებზე შეიძლება გქონდეს პრეტენზია, მაგრამ როცა საჭესთან ფინჩერია ყველაფერი სხვაგვარია: წამებში და დეტალებში გათვლილი, როგორც მთავარი პერსონაჟის მოქმედება. არ შეიძლება არ აღინიშნოს ფილმის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლები, ოპერატორისა და მონტაჟორის მიერ შესრულებული საუცხოო სამუშაო. ვენეციის კინოფესტივალზე ფილმი წარდგენილი იყო ოქროს ლომის ნომინაციაზე.