პრისცილა – სოფია კოპოლას ყველაზე მარტოსული პერსონაჟი
მარტოობა და მარტოობით გამოწვეული სიცარიელის აღწერა სოფია კოპოლას კინოში ახალი არ არის. მისი შემოქმედების ცენტრში ყოველთვის არიან ისეთი ქალები, რომლებიც ცხოვრების გარდამტეხ მომენტში იმყოფებიან, საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებას ცდილობენ და გარდაიქმნებიან. სკარლეტ იოჰანსონის პერსონაჟს “თარგმანში დაკარგულებიდან,” მარია ანტუანეტას და ახლა უკვე პრისცილას, სამივეს აერთიანებს უხილავი მარტოსულობის განცდა, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს.
სოფია კოპოლა პრისცილათი წიგნიდან “ელვისი და მე” დაინტერესდა, როცა აღმოაჩინა, რომ ელვისისა და პრისცილას წყვილი და ურთიერთობა ისეთი ზღაპრული არ იყო, როგორიც ეკრანებზე ჩანდა. “ის [პრისცილა] ყოველთვის ამერიკული გლამურისა და სრულყოფილების სიმბოლოდ აღიქმებოდა და წარმოდგენა არ მქონდა მისი ცხოვრების დეტალების შესახებ, რამდენად იტანჯებოდა. წიგნის წაკითხვის შემდეგ ვიცოდი, რომ ამის გაკეთება მინდოდა, მისი ამბავი ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის.”
სოფია კოპოლას “პრისცილა” გერმანიაში წყვილის გაცნობით იწყება და სრულდება მაშინ, როცა პრისცილა ელვისის მიტოვებას გადაწყვეტს. პირველი შეხვედრის დროს პრისცილა 14 წლის იყო და ბუნებრივია 24 წლის ბიჭს, განსაკუთრებით კი ელვის პრესლის, რომელთან ურთიერთობაზეც ყველა ოცნებობდა, დიდი გავლენა ჰქონდა მასზე. დასაწყისში ელვისისთვის პრისცილა პედესტალზე აყვანილი წმინდა არსება იყო, რომელთანაც დიდი სულიერი კავშირი ჰქონდა და თითქოს არც კი უნდა შეხებოდა, რომ ეს სიწმინდე არ დაერღვია. მას ისე უნდა სცმოდა, როგორც ელვისს მოსწონდა, ისეთი მაკიაჟი და თმა უნდა ჰქონოდა, რითაც ელვისის ქალის სტანდარტებს დააკმაყოფილებდა და, რაც მთავარია, ყოველთვის მზად უნდა ყოფილიყო მისთვის. მაშინაც კი, როცა პრისცილა სამშობიაროდ წასასვლელად ემზადება, მაკიაჟის გაკეთებას იწყებს.
პრისცილას იდენტობა მთლიანად ელვისზე და მის წარმოდგენებზე იყო დამოკიდებული და ტრანზიციის პერიოდს, როცა ბავშვიდან ქალად უნდა ქცეულიყო, საკუთარი თავი უნდა ეპოვა, იმაში ხარჯავდა, რომ ელვისისთვის საინტერესო ყოფილიყო. ”ჩემთვის საინტერესო იყო ადამიანის ცხოვრების ისეთი ეტაპის აღწერა, როცა ის იდენტობის ჩამოყალიბებას ცდილობს და ისეთი ადამიანის გავლენის ქვეშ ექცევა, რომელსაც მკაცრი იდეები აქვს, როგორი უნდა იყოს ქალი,” – ამბობს სოფია კოპოლა.
პრისცილაზე საუბრისას რეჟისორი აღნიშნავს, – “ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ელვისი, როგორც ადამიანი ისე მეჩვენებინა და არა, როგორც ორგანზომილებიანი ბოროტმოქმედი, რადგან ის პრისცილასთვის ჯერ კიდევ ცხოვრების სიყვარულია. მინდოდა, რომ მათი ისტორია პრისცილას გადმოსახედიდან აღმეწერა და აუდიტორიისთვის საშუალება მიმეცა თვითონ გამოეტანა დასკვნები მათი ურთიერთბის შესახებ.” ამიტომაც “პრისცილა” სტანდარტული ბიოგრაფიული ფილმი არ არის, კოპოლას მიზანი არა მხოლოდ ამბის მოყოლა და პრისცილას ცხოვრების ქრონოლოგიურად დალაგებაა, არამედ იმ განცდების ჩვენება, რაც ისეთი ადამიანის სიყვარულს ახლავს, რომლისგანაც ვერაფერს ვერ იღებ მარტოსულობისა და სიცარიელის განცდის გარდა.
“პრისცილას” დასასრული სიმბოლურია, “You’re losing me to a life of my own” – ამ სიტყვებით ემშვიდობება პრისცილა ელვისს. კოპოლას აღაფრთოვანებს ქალი, რომელიც საკუთარ თავს ირჩევს და სიყვარულზე მაღლა აყენებს თავისუფლებას. “პრისცილას” დასკვნით მუსიკად რეჟისორი დოლი პარტონის “I Will Always Love You”-ს ირჩევს, სიმღერას, რომლისთვისაც ელვისი იბრძოდა, თუმცა ჩაწერის უფლება ვერასდროს ვერ მიიღო. დოლი პარტონის მიერ გაწეული წინააღმდეგობა ელვისი მიმართ და პრისცილას გადაწყვეტილება, უარი უთხრას მას, თანხვედრაშია და კაცის დომინაციაზე გამარჯვებას განასახიერებს. ““პრისცილა” ქალის ხმით უნდა დამთავრებულიყო და სიმღერაში სწორედ იმხელა სიყვარული, ტკივილი და გულისტკენაა, რასაც პრისცილა გრძნობდა ელვისის დატოვების დროს.”