ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანების კონფლიქტის ახალი ხედვა გარეთ ედვარდის ფანტასტიკაში.
არც ისე შორი მომავლის ცივილიზაცია თავისი განვითარების პიკს აღწევს, სადაც ხელოვნურ ინტელექტს წამყვანი როლი უჭირავს და სადაც სამყარო ჭკვიანი რობოტებითაა სავსე. გაუგებრობა და შეცდომა სისტემაში საშინელ აფეთქებას იწვევს და კატასტროფის წინაშე აყენებს ამერიკის მოსახლეობას. იწყება ომი რობოტების წინააღმდეგ, რომლებიც ძირითადად აზიის რეგიონს არიან შეფარებულები და რომელთაც ჰყავთ თავიანთი შემქმნელი, ხელოვნური ინტელექტის მოუხელთებელი არქიტექტორი სახელად ნირმატა. ნირმატა ამერიკელი სამხედროების ნომერ პირველი სამიზნეა, მასზე ნადირობაა გამოცხადებული. ჯოშუა გამოცდილი სამხედრო და ოპერატიული მუშაკია, რომელიც რობოტებთანაა შეგზავნილი ამერიკული სპეცსამსახურების მიერ. ფარულ აგენტს თავისი სამიზნე, ნირმატას სავარაუდო ქალიშვილი უყვარდება, ეს ფაქტი მას რთული არჩევანის წინაშე აყენებს: შესასრულებელი მისია, რომელმაც სამყარო უნდა იხსნას თუ საყვარელი ადამიანი..?
ტექნოლოგიური რევოლუცია ადამიანების თვითმყოფად კულტურას და ავთენტურობას რაღაც ფორმებით უკვე დიდი ხანია დაუპირისპირდა. მიუხედავად მეცნიერების ამ კეთილშობილური და პროგრესული მისიისა, რაც კაცობრიობის კეთილდღეობას ისახავს მიზნად, ჩვენს საუკუნეში ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა და ზოგიერთ შემთხვევაში უკიდურესი ფორმაც მიიღო.
ხელოვნური ინტელექტი ადამიანის სამსახურში თუ ზოგადად ადამიანის, მისი ინდივიდუალურობის წინააღმდეგ? იქნებ ისევ ადამიანი ადამიანის წინააღმდეგ..?
ეს კითხვები ხშირად გაიელვებს გარეთ ედვარდსის ფანტასტიკურ ფილმში საფრენი აპარატიდან გადმოტყორცნილი ბომბებივით, რომელიც ცდილობს გაანადგუროს ის სამყარო, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია სულიერება და თანაგრძნობა. ფილმში გარდა შთამბეჭდავი სპეცეფექტებისა და საინტერესო ისტორიისა, საკმაო დიდი დოზითაა პოლიტიკური მინიშნებები მილიტარიზმის და ჰეგემონიის დამანგრეველ, გამანადგურებელ ეფექტზე. არ შეიძლება არ აღინიშნოს მსახიობების დამაჯერებელი თამაში, ოპერატორის ბრწყინვალე ნამუშევარი და სპეცეფექტების ხარისხი (ასეთი მასშტაბის ფილმისთვის) საკმაოდ მოკრძალებული ბიუჯეტის მიუხედავად.
სანამ ფილმის გადაღებას შეუდგებოდა, სცენარისტი და რეჟისორი გარეთ ედვარდსი ვირტუალური რეალობის სტუდიას ეწვია, სადაც ნახა კედელზე გაკრული პლაკატი, რომელზეც დაწვრილებით ახსნილი იყო ფილმის შექმნის პროცესი. რეჟისორი დაინტერესდა რატომ იყო ესე დაწვრილებით ახსნილი ელემენტარული საგნები და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა უთხრეს, რომ პოსტერი თითქმის 100 წლის იყო. მაშინ ედვარდსმა გადაწყვიტა შეეცვალა გადაღების კონცეპცია: გადაღება მწვანე ეკრანის გარეშე და მეტი დრო ნატურაზე გადაღებულ სცენებს, პატარა ზომის კამერების და მცირებიუჯეტიანი კინოს მეთოდების გამოყენება, ხოლო სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტების დამატება ფილმში მოგვიანებით მოახდინა.