რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ლიზა ფრანკენშტეინი (Lisa Frankenstein)

თინეიჯერული სიყვარულისა და რეანიმაციის უკუღმართი ამბავი ზელდა უილიამსის სადებიუტო ფილმში

როგორც ჩანს, ფრანკენშტეინის ადაპტირება ბოლო დროს განმეორებადი თემა გახდა. ჯერ Poor Things, შემდეგ Lisa Frankenstein და სამომავლოდ Bride Of Frankenstein-ის რემეიქი, რომლის სათავეში ჯეიკ ჯილენჰოლის და, მეგი ჯილენჰოლია. ეს საინტერესო ტრენდია, რომელიც , სულ უფრო მატულობს. (როგორც მაგალითად თავის დროზე, 90იანებში, კერძოდ კი Frankenstein Unbound, Mary Shelley’s Frankenstein და Frankenstein and Me) თუმცა, ამ უცნაური ბნელი კომედიის/საშინელებისა და დრამის ნაზავის შემთხვევაში, იგრძნობა, რომ თითქოს მას დაკარგული აქვს იდენტობა და შესაძლოა PG-13 რეიტინგზე წასვლის გადაწყვეტილებამაც ცალსახად ხელი შეუშალა მის პოტენციალს.

ზელდა უილიამსის (ყველასთვის ცნობილი და საყვარელი რობინ უილიამსის შვილი) სარეჟისორო დებიუტი საინტერესო იდეების ტორნადოა. Lisa Frankenstein მოგვითხრობს თინეიჯერ გოგონაზე, რომელიც შემთხვევით აცოცხლებს 100 წლის წინ გარდაცვლილ მარტოსულ გვამს. მთავარი გმირი ლიზა სვოლოუზი (ქეთრინ ნიუტონი) თითქოს უბრალოდ სცენარისტის ახირებებით არის ჩამოყალიბებული, რომელსაც არანაირი დამაჯერებლობა არ აქვს, არ გააჩნია მოტივაცია და მიზანი. ხოლო მეორე “გმირი” თითქმის საერთოდ არ ლაპარაკობს და სიტყვაძუნწია. 45 წლის დიაბლო კოდიმ ექსცენტრულ იდეათა სერია ისე გააერთიანა, რომ არ გაითვალისწინა თუ როგორ ესაბამება ისინი ერთმანეთს.

მიუხედავად მისი სათუთი და ინტროვერტული ბუნებისა, ლიზას მაინც უჭირს თავის თანატოლებში გარევა, გარიყულად გრძნობს თავს, უხერხულად იქცევა წვეულებებზე და ახალი მეგობრების გაცნობაც დიდად არ ეხერხება. მისი თანაკლასელები ლიზას არ აბულინგებენ, თუმცა არც დიდად ეხატებათ გულზე. ამ ყველაფერს კი ემატება დედის გარდაცვალებასთან გამკლავება და მამის სწრაფი დაქორწინება სხვა ქალზე, რომელსაც ლიზას ასაკის ქალიშვილი ჰყავს, რაც სიტუაციას დიდად არ აუმჯობესებს. მისი ნახევარდა – ტეფი (ლიზა სობერანო) მთავარ გმირს ყველაფერში სჯობნის და ფაქტიურად მისი საპირისპიროა – პოპულარულია სკოლაში, ჩირლიდერია (გულშემატკივარი), საკუთარ გარეგნობაში დარწმუნებული და საკმაოდ მომხიბვლელია. მიუხედავად მისი მცდელობისა ლიზას ხალხში გარევისა, მის სოციალურ წრეში ინტეგრაცია კვლავ რთულ ამოცანას წარმოადგენს. ყოველი მცდელობა ლიზას სოციალიზაციისა მთავრდება იმედგაცრუებით. რაც ცხადია, მის ზურგს უკან ჭორებისა და ჩურჩულების საბაბს აძლიერებს. სახლში არსებული ატმოსფეროც ნაკლებად კომფორტულია, ინდიფერენტული მამა და დედინაცვალი რომელიც მთავარ პერსონაჟს გამუდმებით აკრიტიკებს. შაბათ-კვირის სამსახურიც (სკოლის გარეთ) ლიზასთვის მოსაწყენი და მიზერული სივრცეა.

ცალსახად რთული გასაგებია დიაბლო კოდის (Jennifer’s Body, Juno) სცენარის ნამდვილი განზრახვა ან მიზანი. ფილმი გადადის მკვდრეთით აღმდგარი კაცის მიმართ ლიზას ორაზროვანი გრძნობების შესწავლიდან უფრო ჩვეულებრივ ახალგაზრდულ საშინელებათა თხრობაზე, რომელიც მხოლოდ უკვე დასასრულისკენ უბრუნდება თავდაპირველ კონცეფციას. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, შეუხედავი გვამის დამალვის პროცესი და დამეგობრება ლიზას ამხნევებს – ხდება სრულიად ახალი პერსონა, იცვამს ექსცენტრულად, მის ჩაცმულობაში ჭარბობს შავი ფერები და გულგრილი ხდება იმის მიმართ თუ როგორ აღიქვამენ მას თანატოლები. გადამწყვეტი მომენტი კი დგება მაშინ, როცა მეორე მთავარი გმირი ან უფრო სწორედ “არსება” მოულოდნელად იწყებს ლიზას დაცვას, ტოვებს თავის თავდაპირველ გვამს და მის მიმართ ნელნელა გრძნობებიც უჩნდება. ფილმის სათაურიც, “ფრანკენშტეინი”, ამ პრინციპის გაგრძელებას მოიაზრებს, რაც მიუთითებს პოტენციურ მსხვერპლებზე და მკვლელობებზე, რათა “არსებამ” შეძლოს საკუთარი თავის შენარჩუნება დაკარგული ორგანოებით.

დადებითი მხარეები ფილმში გარკვეულწილად არის. ფილმი გამოირჩევა ტიმ ბარტონის შთაგონებული ვიზუალითა (მაგალითად Edward Scissorhands) და ნაკლებად ჭკვიანური, მაგრამ სახალისო იუმორით. დიაბლო კოდის უნარი ჩანერგოს დიალოგებში 80-იანი წლების პოპ-კულტურის “რეფერენსები” მატებს მეტ სიღრმეს და სულაც არ იწვევს ბანალურ ნოსტალგიურ შეგრძნებას. კეტრიუნ ნიუტონი მშვენივრად ირგებს ექსცენტრული ლიზა სვოლოუზის როლს, ჰმატებს ერთგვარ სიცოცხლეს მთელ ამ მელანქოლიურ სპექტაკლს და კარგ კომპანიონობას უწევს მის მდუმარე მეწყვილეს (ქოულ სფრაუზი), რომელიც არ არის მკაცრად ტრადიციული ფრანკენშტეინის ურჩხული და ლაპარაკის მაგივრად უბრალოდ ღმუის, გამოირჩევა კომიკურობით, ინტრიგით და თავისი ჟესტიკულაციით, პანტომიმის თეატრის მსახიობს მოგვაგონებს. გამოვარჩევდი გახსნით სცენას, რომელიც გადაწყვეტილია თოჯინების თეატრის მხატვრულ სტილში, რომლის საშუალებითაც ამ მდუმარე ურჩხულის ისტორიას ვიგებთ, რაც საკმაოდ კრეატიულია და ეფექტურად ქმნის ტონს. 80-იანი წლების ესთეტიკა Lisa Frankenstein-ში აღვიძებს ჯონ ჰიუზის (The Breakfast Club, Weird Science, Curly Sue) ფილმების სულისკვეთებას და სთავაზობს მაყურებელს საინტერესო “განშორებას” ტიპური საშინელებათა ან თინეიჯერული სლეშერისგან. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი არ არის დამძიმებული სისხლითა და სისასტიკით, ის უფრო თავშეკავებულ მიდგომას ირჩევს, როგორც მაგალითად Freaky (რომელშიც ასევე ქეთრინ ნიუტონი თამაშობს) და ახერხებს დაძაბულობის/ინტრიგის შენარჩუნებას ზედმეტი ძალადობის გარეშე. აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მუსიკასაც და ვხვდებით შესაბამისი პერიოდის ისეთ ჰიტებს როგორიცაა – Pixies – Wave Of Mutilation, ისევე როგორც ჯეფრი ოსბორნის On the Wings Of Love, სხვა იმდროინდელ ცნობილ ჰიტებთან ერთად და როგორც იტყვიან – “სულში წავიდა”.

მთლიანობაში, ზელდას დებიუტი შავ კომიკურ საშინელებათა ტერიტორიაზე არც ისეთი საშინელია, მაგრამ სამწუხაროდ ფილმს თითქოს რაღაც აკლია. Lisa Frankenstein-ს აქვს რამდენიმე დახვეწილი იდეა, წარმავალი ეპოქის ნოსტალგიები, ომაჟები სხვადასხვა იმდროინდელ ფილმებთან, თუმცაღა ბევრი მაყურებელი ალბათ მალევე შეამჩნევს რეჟისორის და სცენარისტის არც ისე წარმატებულ მცდელობას შეაჯვაროს Heathers და Edward Scissorhands ერთად და მისი თანამედროვე ვერსია შემოგვთავაზოს. ამ ყველაფრისდა მიუხედავად, Lisa Frankenstein სულელური, სასიამოვნო მელანქოლიური რომანტიული ფილმია, თუ მკაცრად არ მიუდგებით, დატკბებით 80-იანი წლების tribute-ბით და დამღლელი საღამოს შემდეგ მისცემთ თავს საშუალებას, რომ გაერთოთ.

ლიზა ფრანკენშტეინი (Lisa Frankenstein)
რეჟისორი: ზელდა უილიამსი (Zelda Williams)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 41 წუთი



65/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Kim Gordon – “BYE BYE”

Kim Gordon – “BYE BYE”

| Album: The Collective

შემდეგი
გამოჩენა (Showing up)

გამოჩენა (Showing up)

| მიშელ უილიამსი კელი რეიხარდტის კომედიაში პორტლენდსა და ორეგონის კოლეჯის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share