რა ხდება მაშინ, როცა მასკულინური კაცები ერთად ცხოვრებას იწყებენ?
2017 წელს ინტერნეტ კულტურებისა და მემარჯვენე ორგანიზაციების შესახებ ანჯელა ნეიგლი წერს წიგნს “Kill All Normies”, სადაც ერთ თავს უთმობს ე.წ. Manosphere-ის აღწერას. ტერმინი manosphere ისეთი საიტების გაერთიანებაა, სადაც ჰეტეროსექსუალი კაცები ცდილობენ მასკულინობის დემონსტრირებას, ქადაგებენ ფემინიზმის საწინააღმდეგო იდეებსა და იმართებიან მიზოგინური ვნებით. სწორედ ამ ერთობაზე დაკვირვებაა ჯონ ტრენგოვის 2023 წლის ფილმი Madondrome. “მან [წიგნმა] იმდენად ძლიერი ნაპერწკალი გააღვივა ჩემში, რომ 5 წლის შემდეგაც კი ამ წიგნით ინსპირირებულ ფილმზე ვლაპარაკობთ,” – ამბობს რეჟისორი.
Madondrome-ის მთავარი პერსონაჟი უბერის მძღოლი რალფია, რომელიც ცნობისმოყვარეობით აკვირდება მგზავრებს. დასაწყისშივე ისეთი ატმოსფეროა თითქოს Taxi Driver-ის გახსნის სცენას ვუყურებთ და ველოდებით, როდის დაიწყებს რალფი მარტოობაზე და ადამიანების სიბინძურეზე ლაპარაკს. მნიშვნელოვანია ის, რომ რალფი ამოვარდნილია მასკულინური ალფა კაცის ვიზუალიდან და განასახიერებს წარუმატებელ ადამიანს, რომელიც ცდილობს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი სავარჯიშო დარბაზში (სხვა კაცებს შორის) ადგილი დაიმკვიდროს. რალფის უბედურების ცენტრშია ორსული შეყვარებული, ვისთვისაც რალფი არც ემოციური მხარდამჭერია (არც კი უსმენს, როდესაც თავის განცდებზე ლაპარაკობს) და ვერც ფინანსური.
ერთადერთ ხნსად რალფის მენოდრომი ესახება. ეს არის ადგილი, სადაც კაცები ასაკისა და სტაჟის მიხედვით “მამებად” და “შვილებად” კვალიფიცირდებიან და ცდილობენ ერთმანეთი ანუგეშონ. ამ გაერთიანების სათავეშია მამა დენი (ედრიენ ბროდი), რომელიც ერთგვარი ფსიქოლოგის როლსაც ითავსებს. თუმცა, იდეები, რითაც “მამები” “შვილებს” მართავენ იმდენად მავნებლურია, რომ მხოლოდ ერთადერთ ემოციას – ბრაზს, განადგურების სურვილს იწვევს მათში. პირველი ლაპარაკის დროს, რომელიც ჰიპნოზის სეანსს უფრო ჰგავს, რალფი ამბობს, რომ უპატივცემულობას გრძნობს, რაც აგიჟებს, საპასუხოდ კი დენისგან გამამხნევებელ რეპლიკებს იღებს, – “There’s a staggering beauty in you, cataclysmic power to create, annihilate.”
კაცები ერთმანეთს ეხებიან და გადასცემენ ენერგიას იმისთვის, რომ დიდი ხნის დაგროვებული ბრაზი ამოუშვან. მთელი ფილმის განმავლობაში იმდენად ინტენსიურია სექსუალური მიზიდულობა მათ შორის, დარწმუნებული ხარ, სადღაც აუცილებლად ამოხეთქავს. “მე დავინახე რაღაც არსებითად ჰომოსექსუალური და ქვიარული იმ იდეაში, რომ კაცები უარყოფენ ქალებს და აყალიბებენ ახალ მოძრაობებს,” – ამბობს ტრენგოვი. Manodrome-შიც ერთ-ერთი პირველი რჩევა რალფის მიმართ სწორედ სალთან, მის ორსულ შეყვარებულთან ანუ ქალთან, რომელიც მისი პრობლემების სათავეა, დაშორებაა.
Manodrome ტოქსიკურ მასკულინურ ჯგუფებზე დაკვირვებაა, თუმცა ზედაპირულია და აკლია კომენტარები რეჟისორის მხრიდან, მაგალითად საიდან მოდიან ან სად მიდიან მსგავსი ადამიანები, რისთვის იბრძვიან და რატომ უჩნდებათ სურვილი სხვა კაცებისგან მიიღონ მხარდაჭერა მაშინ, როდესაც უკვე ჰყავთ ადამიანი, ქალი, რომელიც მათ გვერდით დგას?
Manodrome-ის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.