სამყაროს დასასრული მობილური კავშირის გაწყვეტით იწყება…
ბრუკლინური წყვილი ნიუ-იორკიდან (ჯულია რობერტსი და იტან ჰოუკი), გადაწყვეტენ უიქენდის ქალაქგარეთ გატარებას. ლონგ აილენზდე ისინი ფეშენებელურ ვილას ქირაობენ და თავის შვილებთან ერთად სასიამოვნო დროის გასატარებლად ემზადებიან. პლაჟზე გატარებული დღე უცნაური შემთხვევით მთავრდება: უმართავი უზარმაზარი ტანკერი ხმელეთს მოასკდება და პირდაპირ ნაპირზე ამოდის. საღამოს კი ისედაც შეშფოთებული ოჯახი (მობილური კავშირი და ინტერნეტი მოულოდნელად ითიშება) უცნაურ სტუმრებს იღებს: სმოკინგში გამოწყობილი შავკანიანი მამაკაცი და მისი ქალიშვილი ირწმუნებიან, რომ ეს მათი სახლია და ღამის გათევას ითხოვენ…
თანამედროვე ამერიკული კინო აპოკალიფსური სიუჟეტების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, თუმცა ცოტაა სადაც მომავალი კატასტროფა უფრო პოლიტიკურ-სოციალური პრობლემების ჭრილშია განხილული და ურა-პატრიოტიზმს და განსაკუთრებულ პათოსს მოკლებულია. სემ ესმეილი არც მისტიურობის ელემენტებს აშორებს სიუჟეტს და არც ლოგიკურობის ფარგლებს გარეთ გამოდის. მანქანების აჯანყება? ტერორისტები? ომი? ბუნებრივი კატაკლიზმები? – ეს ის კითხვებია, რომელსაც ფილმის გმირები ცდილობენ რაღაცნაირად პასუხი გასცენ და მომხდარს ახსნა მოუძებნონ. თუმცა მათი პირველი და მთავარი ჩივილი ინტერნეტის და მობილური კავშირის არქონაა. როგორც ჩანს, თანამედროვე ადამიანი უძლურია ამ კომუნიკაციების გარეშე და მისი აპოკალიპსიც აქ იწყება.
My movie LEAVE THE WORLD BEHIND is now streaming on Netflix. https://t.co/29d29ZSF7c
— Sam Esmail (@samesmail) December 9, 2023
რუმან ალამის ახალი რომანის მიხედვით გადაღებული პოსტაპოკალიპტური ფილმი 46 წლის სემ ესმეილის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. მან პროექტში მაღალი დონის ვარსკვლავების შეკრება შეძლო, რომლებმაც სამუშაოს თავი შესანიშნავად გაართვეს და თითოეულ პერსონაჟში მათი წილი ქარიზმა შეიტანეს. მათ მიერ განსახიერებული სამყაროს მოწყვეტილი გმირები დიალოგებს მართავენ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიც პრივილეგიები, ნდობა-არნდობა, ფობიები და სოლიდარობაა, თუმცა არა მოსალოდნელი კატასტროფა ვინ იცის რაზე ესაუბრათ ან ემსჯელათ ამ ადამიანებს. გამოდის, ღირებულ და მარადიულ თემებზე დასაფიქრებლად, გასაანალიზებლად და სასაუბროდ ცუდი არ იქნებოდა ზოგჯერ სამყარო უკან მოგვეტოვებინა…
დატოვე სამყარო უკან ! (Leave the World Behind)
რეჟისორი: სემ ესმეილი
2023 წ. (აშშ)
ხანგრძლივობა: 2 საათი 18 წუთი