დრეიკ დორიმუსის (Drake Doremus) დრამა ნამდვილ თუ დროებით ურთიერთობებზე, ადამიანების მარტოობაზე, იშვიათ, მაგრამ მაინც არსებულ უსაზღვრო სიყვარულზე.
თანამედროვე სამყაროს ადამიანები ხშირად სხვადასხვა სახის ურთიერთობის აწყობას ონლაინ-შეხვედრის აპლიკაციების მეშვეობით ახერხებენ. განათავსე მასში შენი ფოტო, მიუთითე ასაკი, გატაცებები, მოძებნე განსაკუთრებული პარამეტრების მიხედვით შენთვის მისაღები ადამიანი და დაელოდე შენი პოტენციური პარტნიორის ანალოგიურ მოწონებას. მარტივია. თითქოს ასევე მარტივია ახლად გაცნობილ ადამიანს თავი მოაწონო და რამდენიმე საათი მასთან გაატარო. მთავარი ამოცანა იყო და რჩება აღმოცენებული გრძნობების გრადუსის და სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნება. ახალგაცნობილი წყვილი – გაბი და მარტინი ამ დილემის წინაშე დგებიან და ცდილობენ ის ლტოლვა და მიზიდულობა, რაც მათ შორის აღმოცენდა შეინარჩუნონ. მაგრამ რამდენად მზად არიან ისინი ამისათვის საკუთარი ინტერესები და ეგოიზმი გადალახონ?
დრეიკ დორიმუსის ფილმის ესთეტიური სილამაზე და სექსუალურობა მომნუსხველად მოქმედებს მაყურებელზე და თავიდანვე გვიპყრობს, მხოლოდ ისე, რომ არანაირად არ კვეთს ესთეტიურ ზღვარს და ეროტიზმის და სიყვარულის საოცარ ბალანს არ არღვევს.
თავზე მომხვევი ატმოსფერო მსახიობების შესანიშნავი თამაშით, ოპერატორის სწორი ხედვით, კარგი სცენარით და ძლიერი რეჟისურით მიიღწევა.
ფილმში მაქსიმალური სიალალით და სიცხადით არის სასიყვარულო ურთიერთობის ნიუანსები გადმოცემული. და რაც მთავარია იგი ცოცხალი, აქტუალურია, მას ეთანხმები მიუხედავად იმისა თუ რა აღმსარებლობის და ტრადიციების არ უნდა იყო. არა, იქნებ არც ეთანხმები, მაგრამ გმირების განცდების და ემოციების, მარტოობის კი ნამდვილად გჯერა და ენდობი.

