რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ანტივირუსული (Antiviral)

დიდება, შიში და ფატალური ვირუსები: შემაშფოთებელი რეალობა ბრენდონ კრონენბერგისგან

ბრენდონ კრონენბერგი, ლეგენდარული კანადელი რეჟისორის, ბოდი ჰორორის სუბ ჟანრის ოსტატის – დევიდ კრონენბერგის შვილია. ბრენდონის მცირე კატალოგში მხოლოდ 3 ფილმია – Antiviral, Possessor და Infinity Pool. ხოლო Antiviral მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმია. კრონენბერგმა განაცხადა, რომ ფილმის იდეა მოუვიდა მაშინ, როცა მან ვირუსული ინფექცია გადაიტანა. უფრო ზუსტად კი, “ცენტრალური იდეა სწორედ სიცხიანობისა და ავადმყოფობის დროს მოვიდა”. ბრენდონი აგრძელებს: “ბოდვაში და ავადმყოფობის ფიზიკურობაზე ვიყავი შეპყრობილი, იმ ფაქტმა, რომ ჩემს სხეულში და ჩემს უჯრედებში იყო რაღაც სხვისი სხეულიდან, დამაწყებინა ფიქრი, იმაზე რომ, ამ ყველაფერში რაღაც უცნაური ინტიმური კავშირი იყო. შემდეგ ვცდილობდი მეფიქრა პერსონაჟზე, რომელიც ასე დაინახავდა დაავადებას და ვფიქრობდი: ცნობილ ვარსკვლავზე შეპყრობილი ფანი, თაყვანისმცემელი. ცნობადი ვარსკვლავების კულტურა მთლიანად სხეულზეა ორიენტირებული – ვის აქვს ყველაზე მეტი ცელულიტი, ან ფეხზე სოკო? ვარსკვლავთა კულტურაში მთლიანად სხეულის ფეტიშიზაცია მიდის და ამიტომ ვფიქრობდი, რომ ფილმმა ასევე უნდა მოახდინოს სხეულის ფეტიშირება – ყველაზე გროტესკული გზით” იდეა უფრო განვითარდა, როცა ბრენდონმა სარა მიშელ გელარის ერთ-ერთი ინტერვიუ ნახა ჯიმი კიმელის გადაცემაში. ის გააკვირვა შემდეგმა: “მან თქვა, რომ გაციებული იყო და თუ დააცემინებდა, ხელს ან ხელსახოცს არ აიფარებდა, მთელ აუდიტორიას გადასდებდა. ამაზე კი ყველამ ერთხმად გაიცინა”.

ცენტრალური იდეა სწორედ სიცხიანობისა და ავადმყოფობის დროს მოვიდა

ბრენდონ კრონენბერგი

პირადად მე, ძალიან მიყვარს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმები, სადაც ისტორია ვითარდება ბუნდოვან, ნიჰილისტურ უტოპიებში და Antiviral სრულებით აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს. მსგავს უტოპიურ სამყაროებზე შეგვიძლია გავიხსენოთ ნაკლებად ცნობილი, ფრანგული sci-fi, სახელად The Immortal (2004), სადაც დედამიწა დასახლებულია უძველესი ღმერთებითა და გენმოდიფიცირებული ადამიანებით. კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ნამუშევარი ასევე მსგავს მოცემულობაზე, ფრანგული ვიდეო თამაში სახელად Remember Me (2013), რომელიც მოგვითხრობს ამბავს ვინმე მეხსიერებათა “მონადირეზე”, ნილინზე და მიწისქვეშეთში მცხოვრებ აჯანყებულებზე. Antiviral ამ მსგავსებათა თემატურ ელემენტებს იზიარებს, მაყურებელი უფრო და უფრო იძირება ამ საინტერესო, ცივ სამყაროში და კომენტარიც, კრიტიკა – “სელებრითი” კულტურაზე, მოწოდებული სატირულ ფორმაში – აღმაშფოთებელ ემოციას იწვევს. ფილმს მიმზიდველობას ჰმატებს წყნარი, მინიმალისტური, ე.წ. კლინიკური ესთეტიკა, სადაც ძირითადად თეთრი ან შავი ფერი დომინირებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამყაროში კლინიკები ყიდიან დაავადებებს/ინფექციებს ცნობილი ადამიანებისგან – შეპყრობილ გულშემატკივრებზე. ამ მხრივ ადამიანური მოთხოვნილებებისა და კავშირების გამოკვლევა ერთდროულად გიჟური და დამაინტრიგებელია. ფილმის ძირითადი აქცენტი კანზე ან კანის უჯრედებზეა გაკეთებული, რამაც ბრენდონის მამის – დევიდის ასევე უტოპიური, ადრინდელი ნამუშევარი Crimes Of the Future გამახსენა 1970-იანებიდან, (არ აგვერიოს ამავე სახელწოდების ფილმში, რომელიც დევიდმა 2022-ში გადაიღო) სადაც მოქმედი გმირი ვინმე ადრიან ტრიპოდია, House Of Skin-ის დერმატოლოგიური კლინიკის დირექტორი, რომელიც თავის გაუჩინარებულ მასწავლებელს ეძებს.

გარდა კლინიკური ვიზუალური სტილისა, ფილმის გამორჩეული ელემენტია მისი მთავარი გმირი, სიდ მარჩი, რომელსაც განასახიერებს ნიჭიერი ქელებ ლენდრი ჯონსი, რომელიც შეიძლება გახსოვდეთ ბოლოდროინდელი როლით ლუკ ბესონის 2023 წლის ფილმიდან – Dogman. სიუჟეტი ძირითადად ტრიალებს სიდის ყოველდღიური რუტინის გარშემო, რომელიც ძირითადად მოიაზრებს კლიენტებზე დაავადებათა მიყიდვას, რომლის შეყვანა კანში ნემსის საშუალებით, სულ რაღაც ორიოდე წამში ხდება. რათქმაუნდა, კომპანიას, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას (და ასეთი კომპანია არაერთია), სჯერა, რომ “ვარსკვლავები არ არიან ადამიანები, ისინი უბრალოდ ჯგუფურ ჰალუცინაციებს წარმოადგენენ”. ამ რწმენას/იდეას კი თავის სასიკეთოდ იყენებენ, რათა პარატიზირება მოახდინონ კლიენტთა სურვილებზე – იგრძნონ კავშირი თავიანთ “კერპებთან”. ასეთი ბნელი, დისტოპიური რეალობის ასახვა კი ხაზს უსვამს იმას, თუ რა გზას გადის ადამიანი, ოღონდაც თავისი სურვილი და ლტოლვა დაიკმაყოფილოს.

“ვარსკვლავები არ არიან ადამიანები, ისინი უბრალოდ ჯგუფურ ჰალუცინაციებს წარმოადგენენ”

დორიანი

“არ მესმის, როგორ არ ითვლება ეს კანიბალიზმად.” უკვირს სიდს, როცა უყურებს და აკვირდება მუშაობის პროცესში გართულ არვიდს, ასტრალური სხეულების ხორცის ბაზრის მფლობელსა და მიწისქვეშა ვირუსების მოვაჭრეს. “ეს მხოლოდ კუნთოვანი უჯრედებია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა უშუალოდ ადამიანის ხორცი ამ მასალაში. ახლა კანონი უფრო რელიგიური მიზნისკენ არის მიმართული, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება, როცა ცნობილი სახეების უჯრედების, სტეიკების გაშენებიდან, სრულ, სხეულთა ზრდაზე გადავალთ.” – მონოტონურად და აუღელვებლად პასუხობს არვიდი. ეს საუბარი ნათლად წარმოაჩენს საზოგადოების აღფრთოვანებას ადამიანური ხორცის სარგებლობისთვის, სულიერი და ეთიკური საზრუნავის უგულებელყოფის გამოვლენით. სამაგიეროდ, ყველა მათგანს აინტერესებს სხეულის კაპიტალიზაციის ახალი გზების შემუშავება. დოქტორი აბენდროთი, კიდევ ერთი პერსონაჟი ამ ისტორიაში, (ნათამაშები გენიალური მალკოლმ მაკდაუელის მიერ) ჰანა გეისტის (ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი გმირი) პერსონალური ექიმი ეხმიანება ამ სენტიმენტს დიდი ენთუზიაზმით ამაყობს ცნობილი ადამიანების კანის ნიმუშებიდან გამოყვანილი გრაფტებით მარცხენა ხელზე. ის ასევე აღფრთოვანებულია ჰანათი, და ამბობს – “ღმერთის რწმენა, ეს სახიფათო ინფანტილიზმის ნიშანია.”

ღმერთის რწმენა, ეს სახიფათო ინფანტილიზმის ნიშანია.

Dr. Abendroth

მოგვიანებით ფილმში, სიდი ცდილობს სისტემა ბოროტად გამოიყენოს შავ ბაზარზე უჯრედთა ნიმუშების გაყიდვით, იმ იმედით რომ დამატებითი ფულს გამოიმუშავებს. თუმცა, მისი სქემა ერთ დღეს საბოლოოდ “ფუჭდება” , ხოლო სასოწარკვეთილ სიდს შეთქმულებისა და მოტყუების ქსელში ახვევს. მიუხედავად იმისა რომ, სიუჟეტი ცდილობს შექმნას ინტრიგა, თხრობის სტილი ცოტათი ზანტი, მოსაწყენი რიტმით მიდის, ამბავი არ არის კარგად შეკრული და ფილმი უფრო ეყრდნობა ცივ, სტერილურ ესთეტიკას. ზემოთხსენებული ნელ რიტმს კი ემატება პერსონაჟები, რომელთაც სიღრმე აკლიათ ან საკმარისად საინტერესოდ არ არის გაწერილი – ფილმის კიდევ ერთი მსუქანი მინუსი. საბედნიეროდ, ამ ყველაფრის კომპენსირება ხდება ვიზუალურად გასაოცარი კინემატოგრაფიით, სხეულის სითხეების გრაფიკული გამოსახულებებით, (რომელშიც მოიაზრება როგორც ნერწყვი, ისევე სისხლიც) და ქელების დამაჯერებელი სამსახიობო თამაშით, რომელიც საკმაოდ კარგად გადმოსცემს საშინელი დაავადებისგან გატანჯულ ადამიანს. მისი გარეგნობაც – ფერმკრთალი სახე, სხეულის ანდროგენული აგებულება ამ სანახაობას უფრო ავთენტურს ხდის. აღნიშვნას ასევე იმსახურებს E.C. Woodley-ის მომნუსხავი მუსიკა, ელექტრონიკის ჟანრში, რომელიც ფილმის ატმოსფეროს უფრო ამძაფრებს, ხოლო მისი მუსიკალური რიტმები კარგად აღძრავს გარემოს მექანიკურ/ბიოლოგიურ ასპექტებს.

საერთო ჯამში, Antiviral წარმატებით ასახავს ახლო მომავლის ბნელ, ცივ და პესიმისტურ ხედვას მცირე ბიუჯეტის ხარჯზე. რათქმაუნდა, აღნიშნული ისტორია თავისი მდორე ტემპით და სტილით უფრო ეფექტური იქნებოდა როგორც Black Mirror-ის 40 წუთიანი სერია მაგალითად, მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით Antiviral-ის ხორცის სამყაროში ჩაძირვა მაინც იწვევს გარკვეულ ინტრიგასა და ცნობისმოყვარეობას. ფილმი ხელმისაწვდომია ციფრულად.

ანტივირუსული (Antiviral)
რეჟისორი
: ბრენდონ კრონენბერგი (Brandon Cronenberg)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 52 წუთი.

65/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
მკვლელის პარადოქსი (A Killer Paradox)

მკვლელის პარადოქსი (A Killer Paradox)

| დექსტერი რომ სამხრეთ კორეელი სტუდენტი ყოფილიყო მეტი იღბლითა და დევიდ დიუნის

შემდეგი
მონსტრი (Monster)

მონსტრი (Monster)

| ჰიროკაძუ კორეედას მრავალთავიანი მონსტრი და სად ვეძებოთ ის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share