რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

3 სხეულის პრობლემა (3 body problem)

Netflix-ის ახალი Sci-fi სერიალი სამეფო კარის თამაშების შემქმნელებისგან

რამდენად ცუდადაც არ უნდა ფიქრობდეთ სამეფო კარის თამაშების დასასრულზე ან იმ ეპიზოდებზე, როცა მათ წიგნიდან გადაუხვიეს, ერთი რამ ნათელია, დევიდ ბენიოფმა და დიბი ვეისმა შექმნეს ისეთი სერიალი, რაც მიწვდა მასებს და მთავარი სალაპარაკო თემა იყო ყოველ კვირას, როცა ახალი ეპიზოდი გამოდიოდა. შესაბამისად, მათ მოახერხეს მიმზიდველი შოუს შექმნა რთულად ადაპტირებადი წიგნიდან. ამჯერად, ნეტფლიქსზე True Blood-ის სცენარისტ ალექსანდერ ვუსთან ერთად გვთავაზობენ ახალ სერიალს, ასევე საკმაოდ რთულად ადაპტირებადი წიგნის, “3 სხეულის პრობლემას”, რომელიც ჩინელი ინჟინერისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორის ლუ სიქსინის Remembrance of Earth’s Past ტრილოგიის პირველი რომანია. წიგნები მოიცავს ფიქციური წარსულის, აწმყოსა და მომავლის პერიოდებს, როცა დედამიწა უცხოპლანეტელ ცივილიზაციას ეკვეთება ახლოს მყოფ სისტემაში, სადაც მზის მსგავსი ვარსკვლავები ორბიტაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ არის განლაგებული, რაც ორბიტულ მექანიზმში 3 სხეულის პრობლემას განასახიერებს.

სერიალი იხსნება 1960-იანი წლების ჩინეთით, კულტურული რევოლუციის დროს. იე ვენჯი (Zine Tseng), ასტროფიზიკის კურსდამთავრებული ცინგუას უნივერსიტეტიდან მოწმეა იმისა თუ როგორ სცემენ სასიკვდილოდ მამამისს მის თვალწინ მასობრივი შეკრების დროს, რასაც წინ უსწრებს დედამისის მიერ საკუთარი მეუღლის დაგმობა. მოგვიანებით იე მოღალატედ გამოცხადდება და ციხეში ჩასვამენ. 

ამის შემდეგ ვინაცვლებთ 2024 წელს ინგლისში, სადაც ცნობილი მეცნიერები თავს იკლავენ, ან უბრალოდ ასე ჩანს. უცნაური და მოულოდნელი თვითმკვლელობის შემთხვევების გამოძიებას ყოფილი საიდუმლო სერვისის აგენტი და ში (Benedict Wong) უძღვება, რომელიც ელიტური და დაფარულ სპეც. სამსახურების უფროსს, თომას ვეიდს (Liam Cunningham) ემორჩილება. იე ვენჯის (Rosalind Chao) შვილის, მეცნიერ ვერა იეს (Vedette Lim) სიკვდილი მის ხუთ სტუდენტს აერთიანებს. ჯგუფს “ოქსფორდის 5” ჰქვია, რომელიც შედგება შემდეგი ადამიანებისგან: სოლ დიურანი (Jovan Adepo) ე.წ. ვერას ფავორიტი სტუდენტი, თეორიული ფიზიკოსი; ოგი სალაზარი (Eiza González) ნანომასალების მკვლევარი, რომელიც ნანობოჭკოვანი ტექნოლოგიაში დიდი აღმოჩენის წინაშეა; (სოლსა და ოგის არეული სასიყვარულო ისტორია აკავშირებთ), ჯინ ჩენი (Jess Hong) თავისი თაობის ყველაზე ნიჭიერი თეორიული ფიზიკოსი; უილ დაუნინგი (Alex Sharp) საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, რომელსაც უნივერსიტეტის პირველი დღეებიდან უყვარს ჯინი და ჯეკ რუნი (John Bradley), რომელმაც სხვებისგან განსხვავებით სწავლას თავი დაანება და 90 მილიონი ფუნტად შეფასებული სნექების კომპანია დააარსა. 

შემდეგი დროითი ცვლილების დროს იე უკვე ციხეშია, რომელიც იან ვეინინგის და ლეი ჟიჩენის, სამხედრო ფიზიკოსების მიერაა აყვანილი სამუშაოდ. ისინი Red Coast-ის სახელით მოქმედებენ, რომელიც ჩინური საიდუმლო სპეც სამსახურების საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენს. Red Coast-ი მაღალი გამავლობის რადიო ტალღებს იყენებს მტრის სატელიტების დასახშობად. მათთან გარკვეული დროით მუშაობის შემდეგ, იე ხვდება, რომ აღნიშნული მიზეზი მათი რეალური განზრახვის ფარია, სინამდვილეში უცხოპლანეტური ცხოვრების კვლევას გულისხმობს. 

აღსანიშნავია, რომ სერიალის შემქმნელები წიგნიდან ადაპტაციისას, ზოგიერთ პერსონაჟს ცვლიან, არ ჯდებიან პირველი წიგნის ჩარჩოებში და Remembrance of Earth’s Past-ის ტრილოგიის სამივე წიგნიდან იყენებენ სხვადასხვა სცენებს. დაახლოებით ისე, როგორც “სამეფო კარის თამაშების” დროს, როცა მათ მოუწიათ წიგნიდან გადახვევა, რადგან მარტინს უბრალოდ არ ჰქონდა წიგნი დასრულებული. საბედნიეროდ ამ შემთხვევაში განსხვავება ისაა რომ ლუ სიქსინის წიგნები ბოლომდე დაწერილია და გამოცემული. 

სერიალი კარგი სამსახიობო გუნდით არის დაკომპლექტებული, გამორჩეულად კარგია ბენედიქტ ვონგი (Benedict Wong), ლიამ კუნინგემის (Liam Cunningham) და ჯონათან პრაისის (Jonathan Pryce) ყოველი გამოჩენაც ბრწყინვალეა.

სერიალს დრო სჭირდება იმისთვის, რომ მთელი ამბის სრული მასშტაბი მოიცვას და პასუხი გასცეს კითხვებს, ამიტომ ნარატიულად სერიალით დაინტერესება გარკვეულ მოთმინებას მოითხოვს, (რაც ასევე, შემქმნელებისგან სიახლე არ უნდა იყოს). მესამე ეპიზოდიდან კი უკვე, თუ სამეცნიერო ფანტასტიკის ყურება გიყვართ, სრულიად მოცული ხდებით მაშტაბური სპეცეფექტებითა და ამ ჟანრის საინტერესო ამბით, რომელიც 1960-იანი წლების ჩინეთიდან თანამერდოვე დროის ინგლისამდე მიდის. მოიცავს ვირტუალური რეალობის თამაშს, რომელშიც სამყაროს საიდუმლოს ამოცნობა ხდება, ყოველთვის გენიალური რამინ ჯავადის მუსიკის თანხლებით.

3 სხეულის პრობლემა (3 body problem)
შემქნელები: დევიდ ბენიოფი, დენიელ ბრეტ ვაისი და ალექსანდერ ვუ
2024 წელს დიდი ბრიტანეტი

8 სერია, სერიის ხანგრძლივობა 60 წთ

77/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
გზისპირა ბარი (Road House)

გზისპირა ბარი (Road House)

| 80-იანი წლების კლასიკური, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის განახლებული ვარიანტი დაგ

შემდეგი
სახიფათო ტერიტორია (Land Of Bad)

სახიფათო ტერიტორია (Land Of Bad)

| ლიამ ჰემსვორთის თავდაუზოგავი ბრძოლა გადარჩენისთვის ფილიპინების საშიშ ჯუნგლებში

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share