რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

შურისძიების ღამე (Silent Night)

“შურისძიების ღამე” ან მდუმარე იმედგაცრუება ვუს საოცრებათა სამყაროში

მაშ ასე, 5 წლის შემდეგ, მძაფრსიუჟეტიანი ექშენ ფილმებისა და ე.წ. “ტყვიების ბალეტის” ოსტატი – ჯუნ ვუ, ეკრანებს დაუბრუნდა, ახალი ექშენ ფილმით – “Silent Night”, საახალწლო თემატიკაზე. ჯონ ვუს სახელი ექშენ ფილმთა მოყვარულთათვის უცნობი არ უნდა იყოს, ვინაიდან მას ეკუთვნის ისეთი საკულტო კლასიკები როგორიცაა: “Hard Boiled”, “The Killer”, “Bullet In the Head”, “Hard Target”, “Face/Off” და სხვანი. მის ნამუშევრებში უხვად შეხვდებით სასტიკ სისხლისღვრას, ინტენსიურ სროლებს, პრაქტიკულ ეფექტებისა და აფეთქებების ხშირ გამოყენებას, მტრედების შენელებულ კადრებს მძაფრი ბრძოლების წინ, რომელიც რეჟისორის სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. (ზემოაღნიშნულ ფილმებშიც კი ხშირად შეხვდებით მათ)

“Silent Night” სთავაზობს მაყურებელს მსგავს გამოცდილებას, საინტერესო მექანიკით, სადაც მთავარ გმირს, მთელი ფილმის განმავლობაში საერთოდ არ აქვს რეპლიკები ან დიალოგები. მაქსიმუმ 1-2 ხაზი ან შორისდებული და სულ ეს არის. ფაქტიურად შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ რომ პერსონაჟი მუნჯია ან როგორც ფილმის სათაური იუწყება – მდუმარე. სამწუხაროდ მსგავსი “მექანიკა” საკმაოდ მალე ცვთება კინოს ქრონომეტრის – საათის და 40 წუთის მანძილზე. რათქმაუნდა ბრაიანი (მთავარი გმირი) დროდადრო თავის ცოლს ეკონტაქტება ხოლმე სმს-ების საშუალებით და უკანა ფონზე ოდნავი მუსიკაც შეგვიძლია გავიგონოთ ან თუნდაც პოლიციის რადიო საუბრები, მაგრამ როგორ გაეპარა ბატონ ჯონს ის ფაქტი რომ, ბოროტმოქმედები, რომლებსაც ბრაიანი კლავს, თითქმის ან ჩუმად არიან ან არც კი ილანძღებიან – უცნობია. სიუჟეტს რაც შეეხება, მსგავს ფილმებში მაყურებელი უმეტესწილად სანახაობით და დაძაბული სიტუაციებით ტკბება, მაგრამ “Silent Night” არ გამოირჩევა რაიმე სიღრმისეული დრამატურგიით. მე პირადად საკმაოდ ცნობილი “Death Wish”-ის ფილმების სერია გამახსენდა ოდნავ მსგავსი სიუჟეტით, სადაც უბრალო არქიტექტორი პოლ კერსი (ნათამაშები ლეგენდარული ჩარლზ ბრონსონის მიერ) სამართლის სადავეებს იღებს ხელში თავისი ინიციატივთ და სჯის ბანდიტებს მარცხნივ/მარჯვნივ. აქ კი, ბრაიან გოდლოკის მოტივი შურისძიებისთვის მდგომარეობს შემდეგში – ერთ-ერთი სასტიკი სროლის დროს ბანდებს შორის, ბრაიანის ოჯახი გარეთ, ეზოში იყვნენ გამოსულები, მათ მცირეწლოვან შვილთან ერთად. საუბედუროდ ერთ-ერთი გასროლილი ტყვია ბრაიანის შვილს ხვდება და ბუშტი რომელიც მას ხელში ეკავა, გაუფრინდება. სასოწარკვეთილი მთავარი გმირი მისდევს ბუშტს, რომ დაიჭიროს და შემდეგ თავის შვილს დაუბრუნდეს, მაგრამ ამაოდ. ბანდის ერთ-ერთი წევრი მას მოერევა, ესვრის ყელში და ფატალურად დაჭრის. სასწაულებრივად ჯოელ კინამანის პერსონაჟი გადარჩება (ხმის დაკარგვის საფასურად) და აქედან უკვე იწყება მისი დაუნდობელი რევანშის გზა. 

ფილმის მინუსებს რომ გადავხედოთ, “Silent Night”-ს უჭირს დინამიკაში – დიახ, საათი და 40 წუთი არც ისეთი დიდი დროა, მაგრამ რატომღაც რეჟისორმა გადაწყვიტა რომ ყოველ 5 ან 10 წუთში გაგვახსენოს მთავარი გმირის ე.წ. ფლეშბეკები, თუ როგორი ბედნიერი იყო თავისი ოჯახის და შვილის გარემოცვაში, თუ რათქმაუნდა დაგავიწყდათ ან ოდნავ მოადუნეთ ყურადღება. საინტერესო საყურებელია გოდლოკის მზადება რევანშისთვის, სწავლობს თავდაცვის ხერხებს, მანქანის ოსტატურ ტარებას, ეს ყველაფერი კი ცოცხალი მონტაჟის ფონზე. სხვა დანარჩენი, რა რიგ უცნაურიც არ უნდა იყოს – ძილის მომგვრელია. უცნობია რატომ დარჩა ყველა გაოგნებული “Silent Night”-ის ექშენ სცენებსა და დადგმაზე, როცა აქ ის რეალურად საკმაოდ საშუალოა, უსიცოცხლო ანდაც უღიმღამო. (CGI-ც ერთ ორ მომენტში საშინელია), თუმცაღა ძაანაც რომ არ დავაკნინოთ – ზოგი სცენა და კადრი – მშვენიერი იყო. ფილმის მესამე აქტი ამ მინუსებს თითქოს ოდნავ აქარწყლებს, განსაკუთრებით როცა ჯოელ კინამანი ერთ-ერთ სცენაში, ადის კიბეზე და მიყოლებით ხოცავს ბოროტ ბანდიტებს სტილისტურად, ცოცხალ ტემპში. მაგრამ ბოლო, ფინალური შერკინება მთავარ ბოროტმოქმედთან პირადად ჩემთვის, იმედგამაცრუებელია. ბოლომდე არ დავწერ დეტალებში რა და როგორ, სჯობს, თავად მაყურებელმა იხილოს და გამოიტანოს განაჩენი. ჯოელს ამ ფილმში კომპანიონობას უწევს ცნობილი რეპერი და (ამავედროს მსახიობი) – Kid Cudi, პოლიციელის როლში, რომლის 80% სამსახიობო თამაშისა – სკამზე ჯდომაა და მხოლოდ ბოლოსკენ გამოჩენა, საბოლოო დაპირისპირებაში მონაწილეობით. ცხადია, ჯოელ კინამანი ნიჭიერი მსახიობია, თუმცა იმის ყურება თუ როგორ იტანჯება ფილმის 90% და ჩუმად არის, არც ისეთი შთამბეჭდავი სანახაობაა, მიუხედავად ორიგინალური, საინტერესო მექანიკისა, რომელსაც ფილმი სთავაზობს აუდიტორიას. 

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ 77 წლის ჯონ ვუს კომპეტენცია აღნიშნულ ჟანრში ნელნელა ქვევით იწევს, ხარისხთან ერთად, თითქოს “ორთქლი დაკარგაო” როგორც იტყვიან და რატომღაც ბოლო 2003 წლის ექშენ ფილმის “Paycheck”-ის შემდეგ, ჩინური ისტორიული ეპოსების გადაღებას მიჰყო ხელი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, “შურისძიების ღამის” (როგორც ჩვენთან თარგმნეს, ქართულ კინოგაქირავებაში) შეხედვა შეიძლება, ცნობისმოყვარეობის გამოც, ან თუნდაც იმის ინტერესით რა გადაიღო ვუმ და როგორია მისი სავალალო დაბრუნება დიდ ეკრანზე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რამდენადაც ცდილობს რომ ფილმი გასართობი იყოს, იმდენად გადადის მოწყენაში და უჭირს ბალანსის დაცვა ან გაკონტროლება. “Silent Night” ხელმისაწვდომია როგორც ციფრულად, ისე მთავარ სტრიმინგ სერვისებზეც, როგორიცაა  – Apple TV, Amazon, Google Play, და ა.შ. 

შურისძიების ღამე (Silent Night)
რეჟისორი: ჯონ ვუ
აშშ 2023

ხანგრძლივობა: 1 საათი და 44 წუთი

Silent Night (2023) on IMDb
50/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
The 40 Year Old Virgin – Speed Dating Card

The 40 Year Old Virgin – Speed Dating Card

| ნაწყვეტი ჯად აპატოვის ფილმიდან - 'The 40 Year Old Virgin'

შემდეგი
პრისცილა (Priscilla)

პრისცილა (Priscilla)

პრისცილა – სოფია კოპოლას ყველაზე მარტოსული პერსონაჟი მარტოობა და მარტოობით

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share