რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მგზავრი (The Passenger)

გადარჩენა ზღვარზე: შიშისა და გამოსყიდვის მომხიბვლელი ამბავი

ამერიკელი რეჟისორი კარტერ სმიტი საინტერესოდ შემოიჭრა 2000-იანების ბოლოსკენ საშინელებათა ფილმით The Ruins, შემდეგ უეცრად გაქრა, 2014-ში კიდევ ერთი თრილერ/დრამა – Jamie Marks Is Dead გადაიღო და ისევ დაიკარგა. ხოლო 2023-ში, მოულოდნელად დაბრუნდა აწ უკვე ორი ფილმით (The Passenger და Swallowed), რომლიდანაც ერთ-ერთზე დღეს მინდა ვისაუბრო. The Passenger – წარმოადგენს “როუდ მუვის”, თრილერის ელემენტებით, დაძაბული ატმოსფეროთი და მოხერხებული სცენარით.

სიუჟეტის ცენტრშია ვინმე რენდოლფ ბრედლი – მორცხვი, ჩაკეტილი, ინტროვერტი ბიჭი, რომელიც თითქმის 1 წელია მუშაობს სწრაფი კვების ობიექტში ლუიზიანას შტატში. რენდიზე დიდ გავლენას ახდენს ბავშვობაში მომხდარი ინციდენტი, რომლის შესახებაც ფილმის დასაწყისიდანვე ვიგებთ. შედეგად, ეს უკანასკნელი ვერ იცავს საკუთარ თავს, თვლის რომ უმოქმედობა სიტუაციას გააუარესებს. სამწუხაროდ რენდოლფი ხშირად ხდება ბულინგის მსხვერპლი ერთ-ერთ თანამშრომლისგან და ამას უბრალოდ უპრობლემოდ ეგუება. რენდის გარდა, სიუჟეტში ვხვდებით – ბენსონს, მის კიდევ ერთ კოლეგას, რომელიც “შენელებული ბომბივითაა”, ყოველთვის მზად, რომ აფეთქდეს და გამოუშვას თავისი ძალადობრივი ფანტაზიები. რენდის ბულინგი კი ბოლო წვეთი აღმოჩნდა; ბენსონი ცოტახნით გადის გარეთ, იღებს სანადირო თოფს საკუთარი მანქანის საბარგულიდან, ბრუნდება ობიექტში და იმპულსურად კლავს რენდის ორ თანამშრომელს და მენეჯერს. უცნაურია ისიც, რომ ბენსონს ეს ყველაფერი დაგეგმილი არ ჰქონდა, აი ასე უბრალოდ აიღო ხელში თოფი და სამი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. ბენსონი რატომღაც შეიწყალებს შეშინებულ ბრედლის, რადგან თვლის, რომ მას შეუძლია დაეხმაროს ბიჭს უკეთესობისკენ შეცვლაში. აი აქედან კი იწყება ჩვენი ორი მთავარი გმირის ოდისეა, ცხოვრების “გამოსასწორებლად”.

როგორც წესი, ცნობილი კომპანია Blumhouse უმეტესწილად საშინელებათა ჟანრის ფილმებს აწარმოებს და აფინანსებს, მაგრამ The Passenger უფრო თრილერი/დრამაა ვიდრე საშინელება; თუმცა კაილ გალნერი (ბენსონი) თამაშობს ისეთ უსუსურ და არაპროგნოზირებად ძალადობრივ პერსონაჟს, რომ შედეგად ვიღებთ საკმაოდ კონტრასტულ ბოროტმოქმედს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება სხვა ჰორორ ფილმების ანტაგონისტებს. რენდოლფისა და ბენსონის ქიმია, რომელიც უფრო დაძაბულობის თხელ ხაზზე ბორძიკობს, ფილმს ერთგვარ ინტერესს და ხიბლს სძენს. “სტოკჰოლმის სინდრომით” დაავადებული რენდი თავიდან საკმაოდ ჩაკეტილია, ბოლომდე ვერ იაზრებს მომხდარს, ცდილობს ჩუმად იყოს, თუმცა საშინლად ექსტროვერტი ბენსონის წყალობით, ნელნელა ალაპარაკდება. შესაბამისად, ეს უკანასკნელი სთავაზობს რენდოლფს ეწვიონ იმ ადამიანებს, რომლებმაც მას ცხოვრებაზე ნეგატიური შეხედულება ჩამოუყალიბეს. (თითქოს რენდის რამე სხვა არჩევანი ჰქონდეს)

ბენსონის წარსულზე ბევრი არაფერი ვიცით, რატომ არის ასეთი ფეთქებადი, სასტიკი ან გაუწონასწორებელი. მხოლოდ და მხოლოდ მცირე ინფორმაცია, რომელიც მესამე კლასის მასწავლებელს მოიაზრებს და (რენდის მსგავსად) უცნაურ ინციდენტს. ამ მხრივ, ფილმი არ ცდილობს ზედმეტად ცხადი იყოს მაყურებლისთვის და ტოვებს ერთგვარ სივრცეს – ინტერპრეტაციისთვის. The Passenger შეიძლება ოდნავ შევადაროთ 1986 წლის კლასიკურ თრილერს – The Hitcher, მაგრამ ბენსონისგან განსხვავებით, რუტგერ ჰაუერის ანტიგმირი მთავარ პერსონაჟს მოსაკლავად არ დასდევს და უაზრო ბოროტების განსახიერება არ არის; თუმცა ამ ორ ინდივიდს მაინც აკავშირებთ ერთი რამ: იმპულსური ძალადობა ან სულაც მიდრეკილება ცუდი ქმედებებისკენ. მეორე ნახევრისკენ მთავარი გმირები ტანსაცმელს იცვლიან, ბენსონი გვევლინება მაისურში და ნაქსოვ ჟაკეტში, (დაახლოებით ისეთში, კურტ კობეინს რომ ეცვა MTV Unplugged-ის ლაივ კონცერტზე, 1994-ში), რამაც ერთ მომენტში ტაილერ დარდენი გამახსენა Fight Club-დან და ისიც ვიფიქრე, იქნებ რენდის ეს ყველაფერი ეჩვენება, მაგრამ საბედნიეროდ ფილმი ამ მიმართულებით არ მიდის და ბენსონი დღესავით ნათელი და რეალურია. აი რენდოლფი (ჯონი ბერხტოლდი) კი ძალიან მაგონებს მაიკლ სერას, ხოლო პროფილში – კრისპინ გლოვერს.

ინდი ფილმისა და მცირე ბიუჯეტის კვალობაზე, The Passenger-ში ხარისხი იგრძნობა; გადაღებულია საკმაოდ კარგად, ფერთა კორექციაც ნორმალურია და არ ტოვებს იაფფასიანი გამოსახულების შთაბეჭდილებას. როგორც მსგავსი ჟანრის ფილმებს სჩვევიათ, შუა ნაწილში შესაძლოა მაყურებელმა ოდნავ მოიწყინოს, სიუჟეტის ცოტათი ნელი განვითარების გამო, მაგრამ პირადად მე ერთი წამითაც არ მომიწყენია, რაც ვფიქრობ ორი მთავარი გმირის, განსხვავებული ხასიათების მქონე ინდივიდების დამსახურებაა. ინტრიგა და ინტერესი თუ როგორ განვითარდება ამბავი, შეძლებს თუ არა რენდი “გამოსწორებას” – მშვენივრად არის შენარჩუნებული. დავუმატოთ ამას სწორხაზოვანი, (ცოტა ზედაპირული) თხრობის სტილი, დინამიური რიტმი და ფილმის საათნახევრიანი ქრონომეტრაჟი სულ რაღაც ერთი თვალის დახამხამებაში გადის.

შესაძლოა მაყურებელი ოდნავ დაეჭვდეს რომ თითქოს რენდიმ მალევე გადალახა წარსულის ტრამვები და რომ ფინალიც ცოტათი “დატკბილული” ან “გაჰოლივუდურებულია”, თუმცა ფილმის მესიჯი – “თუ როგორ შეიძლება წარსულის შეკავებამ ადვილად მიგვიყვანოს უბედურებამდე ან სინანულამდე და რომ მხოლოდ ტრავმულ მოვლენებთან შეგუებით შეგვიძლია ვიპოვოთ გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისკენ” – ამას მეტნაკლებად აკომპენსირებს და საინტერესო სანახაობად ხდის. ვფიქრობ, The Passenger-ის წარმატების გასაღები ისევ და ისევ კაილ გალნერის მიერ დამაჯერებლად და უბადლოდ შესრულებელი – ბენსონის პერსონაჟია, როგორც აშკარად ჭკვიანი, მაგრამ გამოუსწორებლად დაზიანებული სული, რომელმაც ვერ მიიღო დახმარება, ნუგეში რაც მას ასე ძალიან სჭირდებოდა ბავშვობაში, რამაც შემდგომში გამოიწვია მისი ასეთი უკონტროლო მტრობა და აგრესია.

მთლიანობაში, თრილერისა და “როუდ მუვის” ჟანრის მოყვარულებს ვურჩევ მისცენ “მგზავრს” შანსი და ცოტახნით ჩაიძირონ ბენსონისა და რენდოლფის გიჟურ ოდისეაში. ფილმი ხელმისაწვდომია როგორც ციფრულად, ისე – პოპულარულ სტრიმინგ სერვისებზეც.

მგზავრი (The Passenger)
რეჟისორი: კარტერ სმიტი (Carter Smith)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 38 წუთი

70/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
A Quiet Place Part II – Death Angel Scene

A Quiet Place Part II – Death Angel Scene

| ნაწყვეტი ჯონ კრასინსკის ფილმიდან - "A Quiet Place Part II"

შემდეგი
Brittany Howard – What Now

Brittany Howard – What Now

| Album: What Now

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share