ადრე მხიარული ვიყავი (I Used to be Funny) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

რეიჩელ სენოტისა და ელი პენკიუს კვლევა PTSD-ზე – როგორ ცვლის ტრავმა ადამიანს

I Used to be Funny ელი პენკიუს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ტრავმასთან გამკლავების, მისი გადალახვის განსხვავებულ გზას გვთავაზობს. ფილმის მთავარი პერსონაჟი სემია (რეიჩელ სენოტი), ახალგაზრდა სთენდაფერი, რომელიც დასაწყისში დეპრესიულ, უმოტივაციო და უხალისო ადამიანად გვევლინება, ვისთვისაც შხაპის მიღებაც კი პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, ეტაპობრივად მისი ფლეშბექებისა და მეგობრებთან დიალოგების შემდეგ ვუახლოვდებით მისი ცხოვრების იმ საკვანძო მომენტს, სადაც ის სხვა ადამიანად გარდაიქმნება. ადრე მხიარული იყო, თავის გამოსვლებში ხუმრობდა, აუდიტორიის ყურადღებას იპყრობდა და ახალისებდა მათ, ბედნიერებისა და ხალისის მომტანი იყო მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც, თუმცა, ახლა თითქოს იდენტობის ეს ნაწილი დაკარგული აქვს, აღარ შეუძლია იყოს მხიარული, რადგან მის ცხოვრებას ის კონკრეტულ შემთხვევა განსაზღვრავს და გარდა იმისა, რომ არ აქვს ძალა, ამავდროულად თვითონაც არ აძლევს თავს უფლებას ძველებურად გამოხატოს საკუთარი პიროვნება.

ჩემი აზრით, მსხვერპლებს ძალიან მაღალ სტანდარტებს ვუწესებთ.

ელი პენკიუ

“ჩემი აზრით, მსხვერპლებს ძალიან მაღალ სტანდარტებს ვუწესებთ. იქამდე სანამ სემს, როგორც სიცოცხლით სავსე ადამიანს გაიცნობენ, აუდიტორიას გამოწვევის წინაშე ვაყენებ, გამოხატონ ემპათია მის მიმართ, რადგან პირველად ყოველთვის არ ვეცნობით ადამიანის იმ ვერსიას, რომელიც ის რაიმე საშინელ შემთხვევამდე იყო,” – ამბობს ელი პენკიუ. დასაწყისში სემის ყურადღებას იპყრობს ახალი ამბავი, სადაც თინეიჯერი გოგოს, ბრუკის გაუჩინარების შესახებ იუწყებიან, რის შემდეგაც ვარკვევთ, რომ სემი მისი მომვლელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს პროტესტის ნიშნად, რადგან დედამისი საავადმყოფოშია და ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ის ვინმემ უნდა “ჩაანაცვლოს,” მისი მიღება არ სურს, სემი ახერხებს კეთილგანწყობის მოპოვებას და ძიძობისგან არასტანდარტულ, მეგობრულ ურთიერთობას აყალიბებს. სემი და ბრუკი, როგორც ოჯახის წევრები, დები ისე ატარებენ დროს, ერთმანეთს ეხუმრებიან, უყვებიან სიახლეებს საკუთარი ცხოვრებიდან, აცნობენ მეგობრებს. ბრუკი არა უბრალოდ მომვლელს, არამედ მეგობარს იძენს სემის სახით, რის ხარჯზეც უდიდეს ტრაგედიასთან, დედის გარდაცვალებასთან  გამკლავებას ახერხებს. 

სემის ცხოვრებას ბრუკის მამის, კამერონის მხრიდან  სექსუალური ძალადობის ისტორია ცვლის, რასაც გამოძიება, გამოკითხვები, სასამართლო, მისი პირადი ცხოვრებისა და კარიერის განხილვა, სთენდაფ გამოსვლების არასწორი ინტერპრეტაციები და ყველაფრის მასზე გადაბრალება მოყვება. მთავარი ბრუკის რეაქციაა, რადგან ძალადობის აქტის დასრულებისთანავე სემი მხოლოდ მასზე ფიქრობს, რამენაირად გაარიდოს მომხდარს, მისი პასუხი კი სემთან სახლში მივარდნა, ფანჯრების ჩამსხვრევა, მამის პოზიციის დაჭერა და გაუჩინარებაა. რეჟისორისთვის სწორედ შემდეგ მოქმედებებში გამოიხატება ტრავმისა და დეპრესიის ბუნება. მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერი გოგოს მოძებნა და მისი სახლში დაბრუნება თითქოს დიდ ძალისხმევასთან არაა დაკავშირებული, მისი აზრით, სწორედ ეს არის მთავარი, სემი, რომელიც სრულიად პასიურია და არათუ სხვის, არამედ საკუთარ ცხოვრებაში ჩართვაც კი უჭირს, ყველაფრის გადალახვას ახერხებს. “მინდოდა იმაზე მესაუბრა, რამხელა სიმამაცე სჭირდება თუნდაც ასეთი პატარა რაღაცების კეთებას, როცა ეს ყველაფერი უკვე შენგან შორს არის,” – ამბობს ელი პენკიუ.

მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი ტრაგიკულ ამბავს გვიყვება, რაც ახალგაზრდა ქალის ცხოვრებას ცვლის, თხრობის მანერა კომედიურია, რადგან ტრავმა სწორხაზოვანი არასდროს არის, “არ არსებობს დღე რომელიც სრულად ტრაგიკული ან კომედიურია, ყველაფერი ერთმანეთში ირევა, სწორედ ასე ვუყურებ სამყაროს,” – ამბობს ის. მნიშვნელოვანია, რომ ტრავმასთან გამკლავების და მისგან განკურნების პროცესი ყოველთვის შურისძიებაზე არ გადის და როგორც წესი ან ამ გზით პოულობენ შვებას პერსონაჟები ან ბოლომდე იძირებიან და ვერ ახერხებენ მის გადალახვას. სემისთვის ეს ტრავმა უბრალოდ არსებობს და მასთან ერთად იწყებს ცხოვრებას, როგორც რეჟისორი ამბობს “ეს არის ის შუალედური წერტილი, ნაცრისფერი მხარე, როგორ გამოიყურება გამოჯანმრთელების პროცესი,” ყოველგვარი ბრაზის გამოხატვის, შურისძიებისა და ვინმეს ცხოვრების განადგურების სურვილის გარეშე.

ადრე მხიარული ვიყავი (I Used to be Funny)
რეჟისორი: ელი პენკიუ

ხანგრძლივობა: 1 საათი და 45 წუთი

84/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
უცხო (Alien)

უცხო (Alien)

"კოსმოსში არავის ესმის შენი კივილი" - რიდლი სკოტის კლასიკა 45 წლის შემდეგ

შემდეგი
უცხო: რომულუსი (Alien: Romulus)

უცხო: რომულუსი (Alien: Romulus)

ნაცნობი ქსენომორფების დაბრუნება ფედე ალვარესის ახალ ნამუშევარში, სავსე სისხლით,

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share