სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცერი დამნაშავეებთან სასიკვდილო თამაშში ერთვება, რომელიც მის წარსულს უკავშირდება
საფრანგეთის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ოფიცერი ფრანკ ლაზარევი სახელმწიფო სამსახურიდან გამოშვების შემდეგ იძულებულია ისეთ სამუშაოზე მოეწყოს, სადაც ასე თუ ისე მისი უნარჩვევები სჭირდებათ. მისი ორსული მეუღლე ლეო სულ უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს და ფრანკიც ცდილობს კარგ მეუღლედ წარმოჩნდეს, ყველგან იყოს და ყველაფერი მოასწროს. თუმცა ერთხელაც სახლში დაბრუნებულ წყვილს სახლის კარები გატეხილი და ოთახები ამობრუნებული ხვდება. ფრანკის სახეზე იკითხება, რომ მას წარმოდგენა უნდა ქონდეს მძარცველების საბოლოო მიზანზე, თუმცა ფეხმძიმე მეუღლეს არაფერს ეუბნება. მძარცველების მცდელობა ამით არ წყდება, ისინი კუდში უდგებიან ფრანკის ყოველ ნაბიჯს, რათა სასურველ შედეგს მიაღწიონ. მათი ქმედებები სულ უფრო სახიფათო და სასიკვდილო ხდება, რაც პროპორციულადაა დაკავშირებული საიდუმლოსთან, რომელსაც ფრანკი მალავს.
Ad Vitam, რომელიც ლათინურიდან იკითხება ,,სიცოცხლისათვის”, წარმოადგენს (საკმაოდ მარტივი სიუჟეტის) ექშენის მჭიდებით დატენილ თრილერს, რომელიც გაჯერებულია ჰეროიკული პერსონაჟებით, მათი სასოწარკვეთილი გმირობებით და შეტაკებების სცენებით. მარტივი სიუჟეტი ამ შემთხვევაში სულაც არაა ხელისშემშლელი ჟანრის გათვალისწინებით, რამდენად წინაპლანზე სანახაობა იწევს და არა ჩახლართული ისტორია. თუმცა როდოლფ ლაუგას ფილმი არც ამ ისტორიის თავისებურ მოყოლას და თანმიმდევრობასაც უჩივის.
სტრუქტურულად ფილმი ისეა აწყობილი, რომ თითქმის შუა ნაწილამდე მისული იგი უეცრად აკეთებს სიუჟეტურ ვირაჟს და მაყურებელს სთავაზობს მიმდინარე ამბის საკმაოდ ხანგრძლივ პრედისტორიას, რომელიც გაგვარკვევს ფილმის გმირების რთულ სიტუაციაში ყოფნის მიზეზებში. ფილმის შემქმნელები (ერთ-ერთი სცენარისტი მთავარი როლის შემსრულებელი გუილაუმე კანეა) მკვეთრად აგდებენ მიმდინარეობის ტემპს და მაყურებლის ყურადღება მძაფრი სიუჟეტიდან შედარებით რომანტიულ წარსულზე გადააქვთ, სადაც სპეცრაზმის წევრების ვარჯიშების და მათი დაახლოების ისტორიაა. ეს გარკვეულწილად აგდებს იმ მუხტს, რაც რეჟისორმა დასაწყისში შემოგვთავაზა, თუმცა როგორც კი ეს (საკმაოდ გრძელი) ნაწილი მორჩება, ,,ექშენი” ისევ იქცევა სიუჟეტის მამოძრავებელ ძალად, იძენს დინამიურობას და ფინალამდე ინარჩუნებს სტატუსს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას აქაც ბევრი რამ გარკვეულწილად გულუბრყვილოდაა გადმოცემული: საქმე ეხება მთავარი გმირის გზაზე განლაგებულ მაშველ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც (მოტოცილკლეტებიდან პარაპლანამდე) თითქოს მხოლოდ იმას ელოდებიან, როდის მიაღწევს მათთამდე მთავარი გმირი.
საბოლოოდ როდოლფ ლაუგას და გუილაუმე კანეს შემოქმედებითი ტანდემი ამართლებს. ფილმი (განსაკუთრებით ექშენ-სცენები) ინტერესით იყურება და დაძაბულობას ინარჩუნებს, არა რათქმა უნდა ნიჭიერი მსახიობების და მათი ქარიზმის გარეშე.
სიცოცხლისათვის (Ad Vitam)
საფრანგეთი 2025
რეჟისორი: როდოლფ ლაუგა
ხანგრძლივობა: 1 საათი 38 წუთი