უცნაური კინო უცნაურ ადამიანებზე…
მაჯის საათების გამყიდველი იმის შემდეგ, რაც შემთხვევით საფრანგეთში მიმავალ გოგონას გაიცნობს, შეპყრობილია იდეით, რომ ტაივანში ყოველი საათი პარიზის დროზე გაასწოროს. დედამისი, რომელმაც ქმარი დაკარგა, შეპყრობილია იდეით, რომ მისი მეუღლე სიკვდილის შემდეგ თევზში ჩასახლდა და მის სულთან დაკავშირებას ცდილობს. გოგონა, რომელიც პარიზში მიდის, განიცდის მარტოობას და უშედეგოდ ცდილობს უცხო ადამიანებთან კონტაქტს . მისი ყოფა საფრანგეთში და ახალგაზრდა საათების გამყიდველის ტაივანში რაღაც უხილავი ძაფებით ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ამ კავშირის არსებობას ტაივანელი რეჟისორი მხოლოდ სიმბოლოებით გვანიშნებს.
ძალზედ უცნაური ფილმი, სადაც სიმბოლოებს დასასრული არა აქვს. ფილმი სადაც თითქოს ბევრი რამეა ნაჩვენები და კონკრეტულად კი არაფერი. კინო დროზე და მის პირობითობაზე, მონატრებაზე, მარტოობაზე, რელიგიურ რიტუალებსა და რეინკარნაციაზე, ადამიანურ სევდაზე. 2001 წლის კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტოს ნომინანტი.