და-ძმა: იაკობი და მარი, ტყეში დატოვებულები უმუშევარი მამის მიერ. ზამთარი, უკაცრიელი ტყე და ჯიბეში ნაპოვნი ბიძის მისამართი, რომელიც ესპანეთში ცოვრობს და რომელიც სავარაუდოდ შეძლებს ობლების შეფარებას. ეს დიდი თავგადასავლის დასაწყისია, რომელსაც ძმები გრიმების ზღაპრებთან ალბათ ცოტა რამ აქვს საერთო, თუმცა რაც ფილმში ხდება ზოგჯერ ზღაპრულად არარეალურია.
ჰოლანდიელმა რეჟისორმა, ალექს ვან ვარმერდამმა ამ ჯერზეც შეძლო გაეკვირვებინა და მოეჯადოვებინა მაყურებელი, მისთვის დამახასიათებელი აბსურდისა და ირონიის ნაერთით. მისი ახალი ზღაპრული სამყაროს გმირები მართლაც ზღაპრულად კეთილები ან ბოროტები არიან, აქ ყველაფერი თითქოს პირობითია, თითქოს არასერიოზული, მაგრამ ამასთანავე გულუბრყვილოდ დამაჯერებელი.