დრამატული თრილერი სახლში გამომწყვდეულ მძარცველზე უილიამ დეფოს (Willem Dafoe) შესრულებით.
როდესაც ძარცვა გეგმის მიხედვით არ მიდის, მძარცველი ულტრათანამედროვე სახლის შიგნით გამოკეტილი აღმოჩნდება. მისი თანამოაზრისგან მიტოვებული, იგი მარტო რჩება ჭკვიანი მოწყობილობებით და ხელოვნების ნიმუშებით გამოტენილი სახლის პირისპირ. მის პირველ საზრუნავს (როგორმე თავი დააღწიოს ტუსაღობას) მალევე ცვლის მეორე, უფრო მნიშვნელოვანი – წყლისა და საკვების მოპოვება…
ბერძენი წარმოშობის რეჟისორის- ვასილის კაცუპისის (Vasilis Katsoupis) ფილმი ფილოსოფიურ ნოტებზე აწყობილი ერთგვარი მსჯელობაა თანამედროვე ადამიანის შინაგან ტყვეობაზე (თვითონვე რომ მოუქცევია თავი), მის გაუცხოებაზე, მისი კავშირის გაწყვეტაზე გარე სამყაროსთან. ფილმის მთავარი გმირი ნემო- ერთგვარი რობინზონ კრუზოს და ჟიულ ვერნის ,,საიდუმლო კუნძულის” (იქ ერთ-ერთი პერსონაჟი უკვე მოხუცებული კაპიტანი ნემოა) პერსონაჟების სინთეზია, რომელიც შუა ნიუ-იორკში უკაცრიელ სახლში (კუნძულზე) გამომწყვდეული აღმოჩნდა.
ფილმის მთავარი და ერთადერთი მსახიობი უილიამ დეფოა. რთულია წარმოიდგინო ვინმე სხვა მის ადგილას ამ როლზე. მსახიობი, რომელსაც ნებისმიერი სირთულის დრამატული და კომიკური როლი აქვს შესრულებული, კიდევ ერთხელ ახერხებს ჩვენს განცვიფრებას, ყველაფრის (სცენარი იქნება თუ ოპერატორის ჩანაფიქრი) უკანა პლანზე გადაწევას და მხოლოდ მთავარი გმირის განცდებსა და მის ტრანსფორმაციაზე ყურადღების კონცენტრირებას.

