ალეხანდრო ამენაბარის (Alejandro Amenábar) ისტორიულ-ბიოგრაფიული დრამა დიდი მწერლის – მიგელ და უნამუნოს ცხოვრების ბოლო დღეებზე, რომელიც 1936 წლის ესპანეთის სამხედრო გადატრიალების ფონზე მიმდინარეობს.
ესპანეთი. 1936 წელი. ქვეყანა მასშტაბური კონფლიქტის დაწყების პირასაა. ქვეყნის მეორე რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ ესპანეთის არმიის გენერალთა ერთი ჯგუფი გამოდის, რომელსაც მხარს ფაშისტთა ფალანგაც უჭერს.
ცნობილი მწერალი მიგელ დე უნამუნო, რომელიც ქალაქ სალამანკას უნივერსიტეტის რექტორია, ძალაუნებურად აჯანყებულთა მხარეს აღმოჩნდება, რადგან (,,წითლების” რეპრესიებით გაწამებული) ქვეყანაში წლების განმავლობაში არსებული ქაოსის დასრულების შანსს ხედავს. ამავდროულად გენერალი ფრანკო თავის პოზიციებს იმაგრებს როგორც გენერალიტეტში, ასევე ხალხში. მოხუც მწერალს მოუწევს ძალიან რთული არჩევანის გაკეთება, რომელზეც დამოკიდებული იქნება არამარტო მისი თავისუფლება და პრინციპების დაცვა, არამედ მისი და მისთვის ძვირფასი ადამიანების სიცოცხლე.
ფილმი 2019 წელს გამოვიდა ეკრანებზე, ამავე წელს მოხდა გენერალი ფრანკოს ნეშთის სხვაგან გადასვენება, სადაც იგი მანამდე ათწლეულები მადრიდის გარეუბანში მემორიალურ სასაფლაოზე ესვენა. შემთხვევითობაა თუ არა, არ ვიცით, მაგრამ სიმბოლური კი ნამდვილად არის ფრანკოს რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფილმის ეკრანებზე გამოსვლის და გადასვენების აქტის ერთდროულად დამთხვევა. და მიუხედავად საოცარი ოსტატობით აღდგენილი იმ პერიოდის ისტორიული მოვლენებისა, ამენაბარმა ფილმში მაინც მთავარი აქცენტი უდიდესი მწერლის და ფილოსოფოსის – დონ მიგელ დე უნამუნოს პარადოქსებით სავსე შინაგან სამყაროზე, მის პიროვნებაზე, მის ბრძოლებზე დასვა.