ჩინელი რეჟისორის, ცზიუ ჩჟანკეს (Zhangke Jia) მიერ მოთხრობილი სიყვარულის ისტორია თანამედროვე ჩინეთის ჩამოყალიბების ფონზე.
2000-იანი წლების ჩინეთი. შანსის პროვინციის ინდუსტრიალურ ოლქში ცხოვრება თავისი დინებით მიდის. მეშახტეები და მუშები თავისუფალ დროს კაზინოს ტიპის სათამაშო სახლებში ატარებენ, სადაც მასპინძლები განსაკუთრებული გაგების ,,ძიანჰუს” მიმდევარი ხალხია. ახალგაზრდა და ენერგიული ციაო ადგილობრივ კრიმინალურ ავტორიტეტთან, ბინთან ერთად ამდაგვარ სახლს კურირებს. ისინი ერთად დიდ გეგმებს აწყობენ, მაგრამ ცხოვრებას თავისი გათვლები აქვს. ერთ-ერთი ბანდიტური გარჩევის დროს ბინის დასაცავად და თავდამსხმელების დასაშლელად ციაო პისტოლეტს იყენებს და ამის გამო ციხეში ხვდება. 5 წლის შემდეგ თავისუფლებაზე გამოსული იგი საყვარელი ადამიანის მოსაძებნად მიემგზავრება.
ჩჟანკესთვის კანის ფესტივალი სიახლე არაა, მას ჯერ კიდევ 2013 წელს მიღებული აქვს პრიზი საუკეთესო სცენარისათვის. მთავარ როლს ფილმში მისი მეუღლე ჩჟაო ტაო ასრულებს, რომლის ბრწყინვალე თამაშის წყალობით მთავარი გმირის შინაგანი და ფიზიკური ცვლილება წლების განმავლობაში ძალზედ ბუნებრივად გვეჩვენება.
ფილმი გადაღებულია რეჟისორისთვის ჩვეული მანერით, მაქსიმალურად რეალისტურად (ზედმეტადაც კი), ყოველგვარი შელამაზების გარეშე და წვრილმანების გათვალისწინებით, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მისი მხატვრული ღირებულება ამის გამო კნინდება. კრიმინალური ხაზი მხოლოდ გარეკანია იმ ფსიქოლოგიური დრამისა, რომლის მთავარი არსი სიყვარული, ერთგულება და ღირსებაა, რომელიც ესე დეფიციტშია ადრეც და ეხლაც, თანამედროვე სამყაროში.