კერტის დევიდ ჰარდერის ტროპიკული თრილერი.
,,ინფლუენსერი” გოგონა მედისონი ტაილანდის ზღაპრულ კურორტზე მარტო ჩადის დროის გასატარებლად, რადგანაც ბოლო მომენტში მის მეგობარ ბიჭს საქმეები გამოუჩნდა. სასტუმროს ბარში იგი გოგონას გაიცნობს, რომელიც კარგად იცნობს აქაურობას. თავის ახალ მეგობართან ერთად მედისონი გადაწყვიტავს ადგილობრივი ღირშესანიშნაობები მოინახულოს და ბლოგიც აწარმოოს. ახალი შეგრძნებების მოლოდინში გოგოები გადაწყვიტავენ უკაცრიელ კუნძულზე გაემგზავრონ და ღამე იქ გაატარონ…
ინფლუენსერების უდარდელი და ფეშენებელური ცხოვრების უკან რომ შესაბამისი გარჯა დევს არავისთვის საიდუმლო არ არის, თუმცა ყოველ ,,მშვენიერ” დღეს პოზიტიური ენერგიით ავსება და ამის გადმოფრქვევა გარემოებების და განწყობის მიუხედავად ზოგჯერ ჯოჯოხეთურ შრომას და განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს. ამის გარდა კერტის დევიდ ჰარდერის თრილერში არის ნიუანსები, რაც შეიძლება ბევრისთვის სიახლე იყოს. ტროპიკული სამოთხე, ტაილანდის კუნძულების ულამაზესი ხედები, ბარები, ლამაზი გარუჯული სხეულები შესანიშნავი ფონია არამარტო ბლოგებისთვის და ცოცხალი ჩართვებისთვის, არამედ საზაფხულო თრილერისთვისაც, რომელიც თანამედროვე სოციალური ქსელების ტრენდებთან ერთად ამ სამყაროში არსებულ დანაშაულებრივ საქმიანობასაც გვაზიარებს.