რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ამაღელვებელი ჯაშუშური ოდისეა, სადაც ფანტასტიკა და რეალობა ერთმანეთს ეჯახება

მეთიუ ვონი კინომანებისთვის არ უნდა იყოს უცნობი რეჟისორი, ვინაიდან მას ეკუთვნის ისეთი დასამახსოვრებელი ფილმები როგორიცაა – X-Men: First Class, Kick-Ass, Stardust, Kingsman-ის 3 ნაწილიანი ფრენჩაიზი და საკმაოდ ორიგინალი კრიმინალური თრილერ/დრამა – Layer Cake. Argylle მისი რიგით მერვე ფილმია და გვთავაზობს ორიგინალურ სიუჟეტს სადაც რეალობა და ფიქცია ერთმანეთს ეჯახება, კერძოდ კი ჯაშუშებისა და მზვერავების თემატიკაზე. მარკეტინგიც ფილმისა საკმაოდ ინტენსიური იყო, ისევე როგორც პოსტერი, სადაც გამოჭიმულნი არიან ცნობადზე ცნობადი მსახიობები – ჰენრი ქავილი, სემ როქველი, სემუელ ჯექსონი, ჯონ სინა, ბრაის დალას ჰოვარდი, ქეთრინ ო’ჰარა, ბრაინ კრენსტონი, არიანა დებოსი და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ გუნდს ამშვენებს ცნობილი მომღერალი – დუა ლიპა.

ამბავი მოგვითხრობს ვინმე მწერალ, ელიზე რომელიც ძირითადად ჯაშუშურ რომანებს წერს და მეხუთე წიგნის წერისას შემოქმედებითი კრიზისი ეწყება. ელისდა გასაოცრად, იგი მალევე ებმება რეალურ ჯაშუშურ მისიაში, რადგან რასაც ეს უკანასკნელი წერს, სიტყვა-სიტყვით აღწერს მოვლენათა იმ ჯაჭვს რასაც ბოროტი ორგანიზაცია აკეთებს. ფილმში აგრეთვე ვეცნობით გუნდს, რომელსაც ხელმძღვანელობს აგენტი არგაილი (ნათამაშები ჰენრი ქავილის მიერ), ერთად ისინი შეეცდებიან გაიკვლიონ გზა ამ გაუგებრობაში სავსე სიუჟეტური გადახვევებითა და ტვისტებით.

Argylle ცდილობს იყოს როგორც სატირა, ისე გაჰკრას კბილი ცნობილ ჯაშუშურ ფილმებს ან უშუალოდ ჟანრს, რომლის შესრულებაშიც სამწუხაროდ – მოიკოჭლებს. როგორც კი სიუჟეტი იწყებს განვითარებას, ცხადი ხდება, რომ ფილმი იბრძვის ბალანსის დასამყარებლად პაროდიასა და ტიპურ ჯაშუშურ ფილმს შორის. აქ კი ვეჯახებით კინოს მთავარ პრობლემას – ხან ზედმეტად გადადის სულელურ, აბსურდულ ტონში, ხან პირიქით – ცდილობს იყოს უფრო სერიოზული. შესაბამისად მაყურებელს რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს ფილმი თვით-პაროდიას უფრო ჰგავს (ცუდი გაგებით), ვიდრე ის – რისი პაროდირებაც აქვს განზრახული. შესაძლოა სწორედ ეს იყო რეჟისორის ჩანაფიქრი თავიდანვე, თუმცაღა სატირა არც ისეთი კარგი გამოვიდა.

ჯეისონ ფიუქსის (სცენარისტი) მიერ დაწერილი ფილმის დიალოგს აკლია ორიგინალობა და ხშირად იგრძნობა რომ რაღაც სიტყვები უბრალოდ ძალით არის ჩატენილი. ჭკვიანური იუმორი საკმაოდ საშუალოა, ღიმილსაც ნაკლებად იწვევს, სიცილზე ხომ საუბარიც კი ზედმეტია. ექშენ სცენები და მძაფრი სეგმენტები უსიცოცხლოდ მოგზაურობენ ერთი მწვანე ეკრანიდან მეორეზე, საშუალოზე ცუდი CGI კი (მათ შორის ტიტულარული კატა, რომელიც ხან ცოცხლად გამოიყურება, ხანაც ციფრულადაა “დახატული”) ჰბადებს კითხვას, ნუთუ ასეთი იყო რეჟისორის განზრახვა რათა სატირისთვის გაესვა ხაზი? ხოლო თუ პასუხი უარყოფითია, მაშინ გაუგებარია რაში წავიდა 200 მილიონი დოლარის ოდენობის ბიუჟეტი.

დადებით მხარეებში აღვნიშნავდი აბსურდულ ექშენ მომენტებს, რომელიც ფილმის უღიმღამო “ჩავარდნებს” მეტნაკლებად “ავსებს”. ესენია: 1)კუსტარულად გაკეთებული ციგურებით სრიალი დაღვრილი ნავთობის გუბეზე, რომლის პროცესშიც დალას ჰოვარდი უპრობლემოდ უმკლავდება ბოროტმოქმედებს ბასრი იარაღებით. 2)ცისარტყელას ფერის კვამლის ბომბების მეშვეობით დახუნძლული ულამაზესი, რომანტიული, ფერადი შოუ იარაღთა საწყობში, სავსე ტყვიებით, დაცემული ბანდიტებითა და ნორმალური ქორეოგრაფიით – როქველისა და ჰოვარდის მონაწილეობით. 3) მატარებელში წამოჭრილი ფიზიკური კონფლიქტი, რომელსაც ფილმის პირველ ნახევარში ვხვდებით და 4)რუსი ჰაკერის საიდუმლო ოთახში გაჩაღებული სროლის სცენები ზემოაღნიშნულ ორ პომპეზურ სეგმენტამდე ვერ მოვა, მაგრამ მაინც სახალისო სანახავია. (თუ ცხადია, არ მივაქცევთ ყურადღებას საშინელ გადასვლებსა და slo-mo-ს მუდმივ გამოყენებას, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ დამღლელი ხდება)

ფილმის ტემპი საგრძნობლად ვარდება მეორე ნახევრისკენ და მერწმუნეთ, 2 საათიანი და 20 წუთიანი ქრონომეტრაჟის მქონე ფილმისთვის ეს – სასიკვდილო განაჩენია. ხოლო ისედაც ჩახლართული სიუჟეტის ახსნის მცდელობები გართობის ფაქტორს ამცირებს. დაუმატეთ ამას PG-13 რეიტინგი, რომელიც ზღუდავს ნებისმიერი სახის ძალადობას, უფრო კონკრეტულად კი სასტიკ, სისხლიან სცენებს. დაბნეულობას და ფრუსტრაციას ამძაფრებს უღიმღამო ფერთა პალიტრაც, როგორც ფერადი, ისე – შავ/თეთრი (გამოყენებული ძირითადად ფლეშბექების დროს). ფიუქსი ფილმის განმავლობაში არ ნებდება და აკომპენსირებს ამ დანაკლისებს ქაოტური მესამე ნახევრით, ამატებს ტვისტს ტვისტზე და მაყურებელი უბრალოდ საშინლად იღლება გაცვეთილი “ორმაგი/სამმაგი აგენტისა და ამნეზია/ტვინის გამორეცხვის” შაბლონური კლიშეებით.

მიუხედავად დატვირთული სამსახიობო ანსამბლისა, მათი უმეტესობა ბოლომდე არ იქნა გამოყენებული; უფრო კონკრეტულად კი – ჰენრი ქავილი, დუა ლიპა, არიანა დებოსი და ჯონ სენა. მათი პერსონაჟები უფრო მეტად ემსგავსებიან ფილმის პოსტერზე გამოსახულ სახელებს მარკეტინგული მიზნებისთვის, ვიდრე სიუჟეტის მნიშვნელოვან მონაწილეებს. ხოლო ქეთრინ ო’ჰარას, ბრაიან კრენსტონის და სემუელ ელ ჯექსონის პერსონაჟებს სიღრმე და დანიშნულება აკლიათ. რაც შეეხება როქველისა და დალას ჰოვარდის ქიმიას – ნორმალურია, მაგრამ ჰოვარდის აღქმა როგორც ექშენის ჟანრის ფილმების მსახიობი ცოტათი უცნაურია და უხერხულიც კი. სემ როქველი კი როგორც ყოველთვის იდეალურად უმკლავდება თავის ამოცანას, სავსე ენთუზიაზმით, შარმით და ქარიზმით.

მთლიანობაში, Argylle დაახლოებით გრძელ ანეგდოტს ჰგავს, რომელსაც ვინმე მეგობარი იმდენს ხანს ჰყვება რომ გავიწყდებათ სად უნდა გაიცინოთ ან სად არის ე.წ. punchline, რის გამოც ისევ და ისევ მეგობრის პატივისცემის გამო იძულებული ხართ ბოლომდე მოუსმინოთ. რაც საკმაოდ საწყენია, ვინაიდან ფილმში არც ისე ბევრი დასამახსოვრებელი მომენტებია, როცა მაგალითად იგივე პირველი Kingsman-ის ეკლესიის სცენა დღემდე ყველამ იცის და უყვარს. რათქმაუნდა Argylle-ს აქვს თავისი კარგი, სასიამოვნო მომენტებიც, მაგრამ ძირითადად იჩრდილება ფილმის უუნარობით გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი კერძოდ კი იუმორის ან სატირის განხრით. შეუსაბამო და თანმიმდევრული ნარატივის ნაკლებობა კი ამ სიტუაციას უკეთესს ვერ ხდის, რის გამოც აღნიშნული კინო ერთჯერადი და დავიწყებადი ხდება. იმათთვის, ვისაც მსგავსი სულელური, (მეტნაკლებად) გასართობი ფილმები მოგწონთ შპიონაჟის თემატიკაზე – მიეცით “არგაილს” მცირედი შანსი. მაგრამ იმედგაცრუების შემთხვევაში შეგიძლიათ თამამად მიმართოთ ღირებულ ალტერნატივებს, როგორიცაა: Spy Hard, Get Smart, Top Secret, Austin Powers, True Lies ან თუნდაც Johnny English.

ფილმი ამჟამად გადის კინოთეატრებში.

P.S. როგორც ჩანს, მეთიუ ვონი ცდილობს Argylle-ს სამყარო Kingsman-ს დაუკავშიროს, ასე რომ დაელოდეთ post-credit სცენას.

არგაილი (Argylle)
რეჟისორი: მეთიუ ვონი (Matthew Vaughn)

ხანგრძლივობა: 2 საათი და 20 წუთი

55/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
მისტერ და მისის სმიტები (Mr. & Mrs. Smith)

მისტერ და მისის სმიტები (Mr. & Mrs. Smith)

| ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის 2005 წლის ფილმის სასიამოვნოდ განსხვავებული და

შემდეგი
Irréversible – Opening Sequence

Irréversible – Opening Sequence

| გასპარ ნოეს ფილმის - 'Irréversible' დაწყება

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share