რომანტიული კომედია ფსიქოლოგიური თრილერის ელემენტებით.
რებეკა და ჰელი – უცნაური წყვილია. მათი გართობა ცოტა განსხვავდება ტრადიციული გართობისგან. რებეკა დომინატრიქსია, ჰელი კი მისი კლიენტი, რომელსაც მემკვიდრეობით მრავალმილიონიანი იმპერია ერგო წილად. ეს ფაქტი მამაკაცს აფიქრებინებს, რომ უკვე დროა შეეშვას ამგვარ თამაშებს და კომპანიის მართვაზე გადაერთოს. თუმცა რებეკა სხვაგვარად ფიქრობს. მას არ უნდა ხელიდან გაუშვას მისთვის ძვირფასი ეგზემპლარი, რადგან თვლის რომ მისი კლიენტის უნარების ჩამოყალიბებასა თუ პიროვნულ ზრდაში მასაც დიდი წვლილი მიუძღვის…
ზაქარი უიგონის ფილმის ჟანრის ზუსტი კლასიფიცირება ცოტა არ იყოს რთული საქმეა, რადგან ასარჩევად ჟანრების საკმაოდ დიდი არჩევანია გამოტანილი ეკრანზე, დაწყებული ეროტიული თრილერიდან დამთავრებული რომანტიული კომედიით. თუმცა მთავარი მაინც ფილმის საინტერესო დინამიკა და სხვადასხვა თემებით დახუნძლული დიალოგებია, რაც სცენარისტ მიკ ბლუმბერგის (რომელიც თავის სცენარებში თავსატეხების შექმნის დიდი სიყვარულით გამოირჩევა) დამსახურებაცაა. ფილმში მთავარ როლებს მარგარეთ კელი (,,Once Upon a Time in… Hollywood”, ,,Stars at Noon”) და ქრისტოფერ ებოტი (,,It Comes at Night”, ,,The Forgiven”) ასრულებენ, რომლთა თამაშისთვის თვალის მიდევნება ყოველთვის საინტერესოა მათი ქარიზმისა და ზუსტი მიგნებების გამო.