არაბული და დასავლური სამყაროს შეჯახება ჯონ მაიკლ მაკდონას დრამაში.
ბრიტანელი წყვილი მაღალი წრის საზოგადოებიდან დევიდი (Ralph Fiennes) და ჯო (Jessica Chastain) მაროკოში ჩადიან მათი შეძლებული მეგობრების წვეულებაზე, რომელიც საჰარას უდაბნოში იმართება. უდაბნოს გზაზე, საჭესთან ცხარე კამათისას ისინი ადგილობრივ არაბ ბიჭუნას გაიტანენ სასიკვდილოდ, რომელიც სავარაუდოდ მათ დაყაჩაღებას ან კიდევ რამის მიყიდვას ცდილობდა. წვეულებაზე მისულები ისინი ცდილობენ მათი კავშირების გამოყენებას და ინციდენტის მოგვარებას ადგილობრივ პოლიციასთან, თუმცა უეცრად გამოცხადებული ბიჭის მამა ითხოვს (მათი ტრადიციების მიხედვით) დევიდის მეგზურობას ცხედრის სახლში გადასვენებისას.
ორი დასამახსოვრებელი ფილმის გადაღების შემდეგ ირლანდიაში (,,The Guard” და ,,Calvary”) და ერთისაც ამერიკაში (,,War on Everyone”) ჯონ მაიკლ მაკდონა აფრიკის კონტინეტს ირჩევს მისი ახალი სიუჟეტისთვის. მისი მიერ დაწერილი სცენარი დაფუძნებულია მოგზაური ლიტერატორის ლორენს ოსბორნის იგივე სახელწოდების რომანზე. ფილმში რეჟისორისთვის დამახასიათებელი ირონიით და სიმწვავითაა ასახული ორი სამყაროს, რასებს შორის არსებული კონფლიქტი და კულტურული სხვაობა. ფილმის თეთრკანიანი გმირები უზრუნველყოფილი, განათლებული სნობები არიან, რომლებიც ყველაფერს ირონიით და ზიზღით უყურებენ. მათს მიერ დასმული წითელი ხაზები პოსტკოლონიალური ადგილობრივ მოსახლეობის და მათი კულტურის მიმართ იწვევს გამომფიტველ იზოლაციას, მათივე იდეალების გაუფასურებას და საბოლოოდ გაუცხოვებას და სიცარიელის გაჩენას მათშივე.
,,შეწყალებული” იწყება როგორც სატირული კომედია, თუმცა მალევე დაძაბულ თრილერში გადაიზრდება და საბოლოოდ რეჟისორის საყვარელ ჟანრს – რელიგიურ იგავს უბრუნდება, სადაც მთავარი ადგილი ცოდვას, შურისძიებას და მონანიებას აქვს.