რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სრულყოფილი დღეები (Perfect Days)

პასუხი კითხვაზე, როგორ იქცევა ჩვეულებრივი დღეები სრულყოფილ დღეებად

“ჰირაიამა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ ვიცხოვროთ. ყველა ჩემი ფილმი სწორედ ამ კითხვას ეჭიდება, როგორ ვიცხოვროთ, რაზე პასუხიც დიდი ხნის განმავლობაში მე თვითონაც არ ვიცოდი,“

ამბობს ვიმ ვენდერსი “სრულყოფილ დღეებზე.”

ფილმი ეძღვნება იასუჯირო ოძუს, ვენდერსი მისი “Tokyo Story”-დან იღებს მთავარი პერსონაჟის სახელსაც და ოძუსთვის ჩვეული ტრანსცენდენტური მანერით მიყვება მის ცხოვრებას, დაკვირვებითა და აუღელვებლად. “სრულყოფილი დღეების” მთავარი მოტივია განმეორებითობა, თუმცა, რუტინულობისგან განსხვავებით, რაც მოსაწყენია და ადამიანს ერთ წრეში ამყოფებს, ჰირაიამასთვის მიზეზია, რის გამოც დილას ღიმილით იღვიძებს მაღვიძარას გარეშე მეეზოვის ცოცხის ხმაზე, რომელიც ყოველ დილას ერთსა და იმავე დროს ისმის. 

ჰირაიამას ყოველი დღე თითქოს წინასწარ არის გაწერილი, ყვავილების მორწყვა, სახლთან ვენდინგის მანქანიდან ყავის ყიდვა, ტუალეტების დალაგება, შესვენებაზე პარკში ჯდომა, სენდვიჩის ჭამა და ერთი და იმავე სურათის, ხეების შორის მზის გადაღება. ბარი, კაფე, აბანო და წიგნების მაღაზია, რომლებსაც სტუმრობს არ იცვლება და ყველგან, როგორც დიდი ხნის ნაცნობს ისე იღებენ. “საღამო მშვიდობისა მისტერ ჩვეულებისამებრ,” – ყველგან წინასწარ იციან რას შეჭამს ან დალევს ის.

ვიმ ვენდერსის “სრულყოფილი დღეების” შექმნა შემთხვევითია. ტოკიოში, შიბაიას საზოგადოებრივი ტუალეტების პროექტის დასათვალიერებლად მიწვეული ვიმ ვენდერსი, რომელმაც დაინტერესების შემთხვევაში მცირე დოკუმენტური ფილმები უნდა გადაიღოს პროექტის შესახებ, გადაწყვეტს, რომ არქიტექტურა სრულმეტრაჟიან სურათს იმსახურებს, რისთვისაც ჰირაიამას იყენებს, რომელიც ტუალეტების დამსუფთავებლად მუშაობს და დღის უმეტეს ნაწილს სწორედ ამ ადგილებში ატარებს. ჰირაიამა დიდი ენთუზიაზმით ეკიდება სამსახურს, საკუთარი იარაღები აქვს და ყველაფერს საგულდაგულოდ წმენდს, ისეთ ადგილებსაც კი, რისი დანახვისთვისაც ლუპაში გახედვა სჭირდება. 

“სრულყოფილი დღეების” მთავარ კითხვას ჰირაიამას თანამშრომელი სვამს, – “როგორ შეგიძლია ასე თავდაუზოგავად იშრომო ამ სამსახურში?” თუმცა ჰირაიამას პერსონაჟის მთავარი გასაღები სწორედ ეს არის, მისთვის ყველა საქმე და ადამიანი თანაბრად საინტერესოა, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ყვავილს მორწყავს თუ ტუალეტში ნიჟარას გაწმენდს ან ფოტოს გადაიღებს, ნებისმიერ საქმეს თავის მაქსიმალურ ენერგიას ახმარს. 

როგორ შეგიძლია ასე თავდაუზოგავად იშრომო ამ სამსახურში?

ვიმ ვენდერსი ამბობს, რომ “სრულყოფილი დღეების” მთავარი თემა თანასწორობაა, რაც მისი წინა ფილმებისთვისაც დამახასიათებელია, მაგალითად ანგელოზები “Wings of Desire”-ში, აჩვენებენ, რომ არ არსებობს ცუდი და კარგი ადამიანი. “ჰირაიამასთვისაც ყველა ადამიანი თანასწორია და ყველას ერთნაირად ექცევა,” – ამბობს რეჟისორი. 

დამოკიდებულებას საგნებისა და ადამიანების მიმართ, რითაც ყველაფერი საინტერესო ხდება, ფილმის მთავარ კითხვასთან მივყავართ, როგორ ვიცხოვროთ? “რადგან ჰირაიამა ამჩნევს მას [უსახლკარო კაცი], ჩვენც ვუყურებთ და ვხედავთ რამდენად შესანიშნავია ის,” მაყურებელი იწყებს ჰირააიმას თვალებით ყურებას და იმის დაფასებას, რასაც ყოველდღიურად შეიძლება საერთოდ არ მიაქციოს ყურადღება. ვიმ ვენდერსის მიზანი სწორედ ეს არის ერთგვარი მედიტირება, დაკვირვება და იმის დანახვა, რის საშუალებსაც ცხოვრების სწრაფი ტემპი არ გვაძლევს, დაახლოებით ისე, როგორც ამას ჯიმ ჯარმუში აკეთებს “პატერსონში.” 

“ახლა არის ახლა,” – ამბობს ჰირაიამა და რეჟისორისთვისაც ერთადერთი დრო, რაშიც ის განისაზღვრება არის ახლა, არაფერი არ ვიცით მისი წარსულის შესახებ. ერთადერთი ბმა მისი და და დისშვილი არიან, თუმცა ამითაც ვერაფერს ვერ ვიგებთ იმის გარდა, რომ მის დას ჰირაიამას ახალი სამსახურის უკვირს და ვხვდებით, მისი ცხოვრება ადრე სხვანაირი იყო, შეიძლება სრულიად საპირისპიროც კი.

ჰირაიამა თითქმის არასდროს ლაპარაკობს, ფილმში სიტყვები გამოხატულია მუსიკით. ძველი კასეტები, რომელსაც ფანქრით ახვევს და მანქანაში უსმენს ხშირად მის სათქმელს ან მდგომარეობას გამოხატავს. პატი სმიტი, ოტის რედინგი, ნინა სიმონე, The Animals, The Velvet Underground და რაც მთავარია ლუ რიდი, რომელიც ფილმის სახელს განსაზღვრავს. სწორედ ლუ რიდის “Perfect Day”-მ ჩაანაცვლა ფილმის პირველადი სახელი კომორები, რაც ხეებს შორის არსებულ სინათლეს ნიშნავს. მუსიკა არასდროს არაა მხოლოდ ხმა, რომელიც გვესმის. ფინალურ სცენაში  ემოციები, რაც კოჯი იაკუშოს(ჰირაიამა) ახლო კადრში იკითხება, ზუსტად გამოხატავენ ნინა სიმონეს ნამღერ “Feeling Good”-ს.

კოჯი იაკუშოს მოპოვებული აქვს საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. “სრულყოფილი დღეები” წარდგენილია ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაზე. 

სრულყოფილი დღეები (Perfect Days)
რეჟისორი: ვიმ ვენდერსი (Wim Wenders)
გერმანია 2023 წ.

88/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Modern Family – Jay fears being a racist

Modern Family – Jay fears being a racist

| ნაწყვეტი კრისტოფერ ლოიდისა და სტივენ ლევითანის სითკომიდან - 'Modern Family'

შემდეგი
ქალი კედელში (The woman in the wall)

ქალი კედელში (The woman in the wall)

| სულისშემძვრელი სიმართლე ირლანდიის ისტორიის ბნელ პერიოდზე - მკვლელობის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share