სისხლიანი კავშირები, ლოიალურობა და ძმობა ბოსტონის კრიმინალურ მიწისქვეშეთში
ბრაიან ჰელგელენდი, რეჟისორი ისეთი ფილმებისა როგორიცაა – Payback (1999), A Knight’s Tale (2001), The Order (2003), 42 (2013), Legend (2015) და სცენარისტი, რომლიდანაც აღსანიშნავია საკმაოდ ცნობილი სურათები: Mystic River (2003), LA Confidential (1997), Man On Fire (2004) და The Taking of Pelham 1 2 3 (2009) – ბრუნდება ახალი ნამუშევრით – Finestkind – კრიმინალური დრამა ბოსტონის შემოგარენში, რომელიც ძირითადად ტრიალებს სამი მთავარი პერსონაჟის – ორი ძმის და მათი მამის გარშემო. აქაც, რეჟისორ/სცენარისტობა – ბრაინმა თავის თავზე აიღო. სამწუხაროდ პროექტი დიდიხანი გაჭედილი იყო ე.წ. development hell-ში, თავდაპირველად მთავარ როლებში – ჯეიკ ჯილენჰოლი, ანსელ ელგორტი და ზენდაია დაამტკიცეს, მაგრამ ზემოაღნიშნული მიზეზის გამო – გადაღების პროცესი ძალიან გაიწელა და რე-კასტინგის შემდეგ უკვე დამტკიცებული ტრიო – ჯენა ორტეგამ, ტობი უოლესმა და ბენ ფოსტერმა შეცვალეს.
ფილმის სიუჟეტი საკმაოდ მარტივ მოცემულობაზეა დაფუძნებული: ორი მეთევზე ძმა ვალების გასასტუმრებლად ორგანიზებულ დანაშაულებრივ სინდიკატთან შევლენ გარიგებაში, რაც თავისთავად ნარკოტიკებს მოიაზრებს, კერძოდ კი – ჰეროინს. ამ გარიგებაში კი მთავარი ტრანსპორტი რითიც ჰერონის გადაზიდვა უნდა მოხერხდეს, საშუალო ზომის თევზსაჭერი გემია, რომელიც ძმების მამას ეკუთვნის. პირველი ნახევარი გარკვეულწილად საინტერესო სანახავია, მომენტებში შეიძლება შევადაროთ Discovery-ს არხზე გასულ ერთ-ერთ პოპულარულ რეალიტი შოუს – Deadliest Catch-ს, რადგან საკმაოდ სანახაობრივია იმის ყურება თუ როგორ იჭერენ თევზს ქარიშხლის დროს მეთევზეები და რა სირთულეებს აწყდებიან პროცესში. სამწუხაროდ მეორე ნახევრისკენ ფილმი მალევე გადადის უკვე მრავალჯერ ნათქვამ/ნანახ კრიმინალურ დრამათა შაბლონურ ტერიტორიაში, სავსე კლიშეებით, რამაც შესაძლოა მაყურებლის მხრიდან მოწყენა ან უბრალოდ ძილი გამოიწვიოს.
როგორც ჩანს, რეჟისორს ორმაგი განზრახვა ჰქონდა ამ ფილმთან მიმართებაში: ერთი მხრივ ჩვენს წინაშე ნელნელა ვითარდება ოჯახური დრამა, მეორე მხრივ – ნარკოტიკის წარუმატებელი გარიგება და ამ ორს შორის გადასვლის შეგრძნება – არაერთგვაროვანია, რომელსაც თან ახლავს თითქმის არასაჭირო რომანტიული ხაზი ჩარლისა (ერთ-ერთ ძმა, ტობი უოლესის პერსონაჟი) და მეიბელის (ჯენა ორტეგას პერსონაჟი) შორის. მიუხედავად ამისა, კარგმა მესამე ნახევარმა, სავსე ოდნავი დაძაბული მომენტებით – ამის კომპენსირება მეტნაკლებად შეძლო. გამოვარჩევდი ერთ-ერთ სცენას, სადაც მთავარ გმირთა გუნდს მოულოდნელად დახვდებიან ბოსტონის სინდიკატის წარმომადგენლები, გუნდის ერთ-ერთი წევრის (კერძოდ კი კოსტას) სახლში, მას შემდეგ რაც ზემოაღნიშნული გარიგება ცუდად წავა.ხოლო სანამ სინდიკატის ლიდერი (ნათამაშები კლეინ კროუფორდის მიერ) გუნდს ემუქრება, ჰყვირის, კოსტას ცოლი, რომელიც დროებით ტყვედ ჰყავს აყვანილი – წუთი/წუთზე იმშობიარებს.
მინუსებისდა მიუხედავად, ფილმს აქვს დადებითი ასპექტებიც. მაგალითად – ოპერატურა, ცივი, უხეში ფერთა პალიტრა, რომელიც ეფექტურად ასახავს და აღბეჭდავს ბოსტონის ავთენტურ ატმოსფეროს, განსაკუთრებით ქალაქისა და ზღვის სცენებს შორის გადასვლისას. მსახიობთა დასიც ერთ-ერთი ძლიერი კოზირია, რაც ფილმის სასარგებლოდ მუშაობს, კერძოდ კი ტომი ლი ჯონსი და ბენ ფოსტერი – მშვენივრად ირგებენ მამა/შვილის როლს.
მთლიანობაში, Finestkind, ცალსახად იმედისგამაცრუებელი გამოცდილებაა, განსაკუთრებით კი, თუ იმას მივიღებთ მხედველობაში, რომ ეს პროექტი დიდიხანი იყო მზადებაში და პლუს ამას რეჟისორის შთამბეჭდავი კატალოგი, რაც დახვეწილ შესრულებას მოიზრებდა. სამაგიეროდ, ცნობადი მსახიობები, კარგი ოპერატურა, ატმოსფერო და ცოცხალი მესამე აქტი ამ ყველაფერს ერთჯერად, მაგრამ მეტნაკლებად გასართობ სანახაობად აქცევს. ხოლო იმათ საყურადღებოდ ვინც ფილმის ნახვას მხოლოდ ჯენა ორტეგას გამო დააპირებს, მინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ – მისი როლი საკმაოდ მინიმალურია, რაც 2 საათიან ინვესტიციას ნაკლებად ანაზღაურებადს გახდის. ფილმი ხელმისაწვდომია როგორც ციფრულად, ისე სტრიმინგ სერვისზეც, კერძოდ კი პარამაუნტ პლასზე.
დიდი ნადავლი (Finestkind)
რეჟისორი: ბრაიან ჰელგელენდი (Brian Helgeland)
ხანგრძლივობა: 2 საათი და 6 წუთი