რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ბოროტი საიდუმლოებები საძინებლის კედლებს მიღმა

ლიზი კაპლანი და ვუდი ნორმანი ფილმიდან ‘Cobweb’

რვა წლის ბიჭი ცდილობს გამოიკვლიოს იდუმალი კაკუნის ხმები, რომლებიც ისმის მისი სახლის კედლებიდან და აღმოაჩენს საშინელ საიდუმლოს, რომელსაც მშობლები ამდენი ხანი უმალავდნენ. ამ საინტერესო და მიმზიდველი სიუჟეტით ცდილობს მოიზიდოს მაყურებელი სამუელ ბოდინის სარეჟისორო დებიუტით – Cobweb. სამუელს მანამდე ჰქონდა ნამუშევარი ნეტფლიქსის სერიალ Marianne-ზე (2019), ხოლო ზემოაღნიშნული ფილმის პროდიუსერობა Lionsgate-მა იკისრა. Cobweb-ის კატეგორიზაცია როგორც “ინდი” რთულია, ალბათ “კომერციული ჰორორ პროდუქტი ადამიანური სახით” ფრაზა უფრო ზუსტად აღწერს ამ ყველაფერს, თუმცა მსგავსი სხვაობა ყოველთვის არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის.

ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ Cobweb-მა თითქოს ერთად შეაგროვა ყველა კლიშე/შაბლონი მეინსტრიმ და ინდი (დამოუკიდებელი) საშინელებათა ფილმებიდან დაწყევლილი სახლების და “ვიღაცა ჩემს კედლებში ცხოვრობს” ქვეჟანრებში. თუმცა, პირველი წუთებიდანვე მაყურებელი შესაძლოა სასიამოვნოდ გაოცებული დარჩეს. ვინაიდან, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რომელი კლიშე იქნება ეფექტური და რომელი მხოლოდ უკანა ფონის ნაწილი. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, მაყურებლის ინტერესი ნარჩუნდება: პერსონაჟთა ბედი გაურკვევლი ხდება, თავიდანვე არ ვეცნობით არც მათ ისტორიას და არც რაიმე მცირე დეტალს მათ შესახებ, რაც ინტრიგას ქმნის. ამ მხრივ, Cobweb სიუჟეტურ თხრობას განსხვავებულად უდგება.

ლიზი კაპლანი და ვუდი ნორმანი ფილმიდან ‘Cobweb’

ფილმი კარგად არის გაჟღენთილი შიშის მომგვრელი მომენტებით და საკმარისი, სოლიდური დოზით არის მოწოდებული ტერორის განცდაც. რამდენიმე გამორჩეული სცენა იდეალურად ხელმძღვანელობს ჟანრის პოპულარული ფორმულით: “საშიშია არა თავად კივილი, არამედ მოლოდინი, რომელიც აქამდე მიგვიყვანს”. ფილმი ჟონგლიორობს ისეთი მომენტებით როგორიცაა – დაძაბული მომენტების მწვერვალამდე მისვლა და შოკისმომგვრელი შინაარსის გაფრთხილების გარეშე გადმოცემა, როგორიცაა მაგალითად პირველი სცენა მოტეხილი ფეხით. რაც უფრო წინ მიიწევს Cobweb-ის სიუჟეტი, მით უფრო იმატებს ინტენსიურობა და აღწევს სიგიჟის პიკს. ამ ეფექტს აძლიერებს კამერის სხვადასხვა კუთხეებისა და ოპერატურის ჭკვიანური გამოყენება დაწყევლილი სახლის საშინელ ინტერიერში.

სამწუხაროდ, ფილმს თავისი მინუსებიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კლიშეებით “თამაში” შეიძლება დამაინტრიგებელი იყოს, Cobweb-ს ცალსახად აკლია ის სიღრმე, რომელსაც ვხვდებით ისეთ ფილმებში როგორიცაა Barbarian (2022) ან Family Dinner (2022). ცხადია, Cobweb-ისნაირ მსგავს ფილმებში “ლოგიკის ნაკლებობის” კრიტიკა არც ისეთი ადეკვატურია, მაგრამ გინდა არ გინდა, მაყურებელს მაინც ხვდება თვალში. ზოგიერთი პერსონაჟი, მიუხედავად მათი სიმპატიურობისა, რთულ სიტუაციებში ჰკარგავენ ირაციონალურობას ან ჭკუას. მათი ქმედებები ზოგჯერ აუხსნელიც კია, ბანალური შიშის მიზეზიც (რომელსაც ისინი განიცდიან) გვერდით რომ გადავდოთ. მსგავსი რაღაცები კი მთლიანი სურათის აღსაქმელად, მნიშვნელოვნად მოქმედებს. თუმცა თუკი ამ ყველაფერს შევხედავთ და აღვიქვამთ როგორც მთავარი გმირის, 13 წლის პიტერის (ვუდი ნორმანი) თვალთახედვის ფანტაზიად, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

ლიზი კაპლანი ფილმიდან ‘Cobweb’

და რამდენიმე სიტყვა მსახიობებზეც: ვუდი ნორმანმა (მთავარი პერსონაჟი) მოირგო ტიპური “საშინელებათა ფილმის ბიჭის” როლი, მაგრამ მოცემულ დავალებას კარგად გაუმკლავდა და დამაჯერებლად გადმოსცა შეშინებული, ტრავმირებული ბავშვი. ლიზი კაპლანი და ენტონი სტარიც (Homelander, პოპულარული სერიალიადან The Boys) გამოირჩევიან თავიანთი როლებით, რაც სიღრმეს ჰმატებს მათ იდუმალ პერსონაჟებს. ლიზი თავისი დიდრონი თვალებით და ენტონი – მშვიდი და ამავედროს მზაკვრული ღიმილით, რომლიდანაც შეუძლებელია მიხვდე როდის შეიძლება იფეთქოს ან გახდეს აგრესიული. წყვილის გარდა, აგრეთვე ვხვდებით კლეოპატრა კოულმენს, რომლის საეკრანო დრო შეზღუდულია, თუმცა კარგად თამაშობს და ასახავს მიმზიდველ პერსონაჟს.

დასასრულ, რთული არ არის იმის გაგება თუ რატომ დაიჩრდილა Cobweb კინოგაქირავებაში, მიუხედავად მისი საინტერესო იდეებისა. მიზეზი მარტივია: სასტიკი კონკურენცია და ისეთი ფილმების რელიზები როგორებიცაა: Barbie, Oppenheimer, Mission Impossible, და ახალი Insidious-ს ნაწილი გვერდიგვერდ. გარდა ამისა, ფილმს თითქმის არ ჰქონდა მარკეტინგი და ეს გასაგებიცაა, რადგან დიდი ალბათობით პროდუსერებს არ სურდათ თრეილერებში ზედმეტი კადრების ჩვენება და მცირეოდენი ინტრიგის გაქარწყლება. მთლიანობაში, Cobweb სასიამოვნო, მძაფრი და საინტერესო საშინელებათა ფილმია, რომელიც შეიძლება სავსე იყოს კლიშეებითა და სტერეოტიპებით უკვე მრავალჯერ თქმულ და “გადაღეჭილ” ქვეჟანრში, მაგრამ საბედნიეროდ ამას ფილმი ეფექტურად იყენებს. ასევე უცნაურია Cobweb-ის რელიზი შუა ზაფხულში, რადგან ის ძირითადად “ჰელოუინის” დღესასწაულზეა ორიენტირებული, თითქმის ყოველი სცენა გოგრებითა და დეკორაციებითაა სავსე. თუმცაღა, ეს გადაწყვეტილებაც ცალსახად გასაგებია: ყველას არ უნდა მასიური ბლოგბასტერების ნახვა ყოველთვე; ზოგს ზაფხულში ურჩევნია საშინელებათა ფილმების ყურება და 2 საათში სახლში დაბრუნება.

ფილმი ხელმისაწვდომია სტრიმინგ სერვისებზე

შიშის ქსელში (Cobweb)
რეჟისორი
: სემუელ ბოდინი (Samuel Bodin)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 28 წუთი

70/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
სამიზნე (Target)

სამიზნე (Target)

| რეალურ ამბავზე დაფუძნებული კორეული კრიმინალური ტრილერი მეორადი ნივთების

შემდეგი
გზისპირა ბარი (Road House)

გზისპირა ბარი (Road House)

| "ჩხუბში გამარჯვებული არავინაა" - პატრიკ სუეიზის უბერებელი კლასიკა 35 წლის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share