„ერთადერთი კაცი, ვისიც მეშინოდა, იყო ქალი სახელად გრიზელდა ბლანკო“
პაბლო ესკობარი
ამ ფრაზით იწყება „Narcos”-ის შემოქმედებითი გუნდის ახალი სერიალი ნეთფლიქსზე- „გრიზელდა“ -სოფია ვერგარას (Modern Family დან) მონაწილეობით, რომელიც შემაძრწუნებელი ქალი ნარკობარონის, გრიზელდა ბლანკოს ასახიერებს. ბლანკომ ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა ამერიკასა და კოლუმბიას შორის კოკაინით ვაჭრობის წამოწყებაში, კერძოდ, შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე.
პირველი ეპიზოდის მოქმედება ვითარდება 1978 წელს, როცა დაჭრილი ბლანკო თავის სამ ვაჟთან ერთად კოლუმბიის ქალაქ მედელინიდან მაიამიში გაიქცევა. მისი მეგობარი კარმენი, რომელმაც რამდენიმე წლით ადრე ბლანკოს მსგავსად, იგივე გზა გამოიარა, გრიზელდას მის სამ ვაჟთან ერთად შეიკედლებს და სამოგზაურო სააგენტოში დაასაქმებს იმ პირობით, რომ გრიზელდა ნარკოტიკებით ვაჭრობას მიატოვებს და ახალ ცხოვრებას დაიწყებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გრიზელდამ ოჯახის სარჩენად ერთი კილოგრამი სუფთა კოკაინი ჩანთით წამოიღო. როგორც კოლუმბიის ყოფილი მეძავი, გრიზელდა წარმატებით იყენებს წარსულში საროსკიპოში ნასწავლ ხრიკებს, რომლითაც იგი ცდილობს, დაუახლოვდეს გავლენიან ფიგურებს და ისინი მისი პროდუქტის შეძენაში დაარწმუნოს – პროდუქტის, რომლის მსგავსი მათ აქამდე არ გაუსინჯავთ.
თუ „Narcos” ესკობარის აღზევებისა და დაცემის ისტორიის მძაფრი, მძიმე გადმოცემის სტილით გამოირჩეოდა, „გრიზელდა“-ს ნახევრად ბიოგრაფიული სიუჟეტი ხასიათდება ზომიერად კაშკაშა, სწრაფი ტემპითა და ენერგიით, თუმცა „Narcos”-ის მსგავსად, 6-ეპიზოდიანი სერიალის ავტორები თავიდანვე ცდილობენ აგრძნობინონ მაყურებელს, რომ იგივენაირ სანახაობაში ერთვებიან, შოკისმომგვრელი ძალადობით და სიუჟეტის დრამატული მოულოდნელი განვითარებით, რომელიც რეალური ისტორიის დრამატული ინტერპრეტაციის კვალდაკვალ ვითარდება.
გრიზელდა (Griselda)
შემქნელები: კარლო ბერნარდი, ინგრიდ ესკახედა, ერიკ ნიუმენი
6 ეპიზოდი, ერთი ეპიზოდის ხანგრძლივობა 60 წთ