რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ყინულოვანი შიში (Cold Meat)

ბრძოლა გადარჩენისთვის კოლორადოს სუსხიან გარემოში

Cold Meat სებასტიან დრუენის პირველი ფილმია და მისი სარეჟისორო დებიუტია. გადაიღო მან ეს ყველაფერი სულ რაღაც 13 დღეში, შეზღუდული რაოდენობის ლოკაციების წყალობით. დრუენი არამხოლოდ რეჟისორია და სცენარისტია ამ ფილმისა, არამედ, მონტაჟისა და ფერის კორექტირების მოვალეობებიც აიღო. სავარაუდოდ ბიუჯეტის შეზღუდვების გამო. რაც, უნდა ითქვას, შთამბეჭდავია.

სიუჟეტი ფილმისა მარტივია, თუმცა ჩემი რჩევა იქნება რაც შეიძლება მინიმალური ინფორმაცია ნახოთ და უბრალოდ “ბრმად შეხვიდეთ”, რადგან სწორედ ამ მარტივ ამბავში იმალება ერთი ორი საინტერესო “ტვისტი”. მაშ ასე: ვინმე მარტოხელა მძღოლი, სახელად დევიდი (ალენ ლიჩი), ერთ-ერთ კაფეში გადაარჩენს მიმტანს, ანას (ნინა ბერგმანი) თავისი ყოფილი, მოძალადე ქმრისგან. ამ ამბის შემდეგ, დევიდი თავის გზას გაუდგება, მაგრამ შუა გზაში, ქარბუქის დროს, პატარა ავარიაში მოჰყვება. დაჭრილი და ხევში ჩარჩენილი გმირი დროდადრო იდუმალ მხეცს ხედავს, რომელიც მას თითქოს მისდევს. დროის და გრადუსის კლებასთან ერთად, დევიდმა უნდა მოძებნოს გზა რათა გადაურჩეს სიცივესა და მტაცებელ მონსტრს.

Cold Meat-ის მთავარი “ტვისტი” საინტერესოდ ვლინდება პირველი სცენის ბოლოს და ჰმატებს ერთგვარ მოულოდნელობის ეფექტს. ხოლო ზემოთ ნახსენები მონსტრი, ცოტათი ჩამოგავს ე.წ. “ვენდიგოს”, (მითოლოგიური ურჩხული, ან უბრალოდ ბოროტი სული, რომელიც გვხვდება ჩრდილო-ამერიკელი ინდიელების ხალხურ ლეგენდებში. გამოირჩევა არნახული სისასტიკით და კანიბალიზმით) ემსახურება ნარატივის დივერსიფიკაციას, რასაც თხრობის ერთფეროვან და სწორხაზოვან სტილში ცოტაოდენი ინტრიგა შემოაქვს. მართალია, ურჩხულსა და მძღოლს შორის არის რაღაც პარალელი, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შორის ბრძოლა არც ისე ღრმად არის გამოკვლეული. მოულოდნელი სიუჟეტური ცვლილებების არარსებობა ამ ისტორიის ხაზს ზედმეტად ნათელს ან ადვილად პროგნოზირებადს ხდის, რადგან მონადირე და მტაცებელი გაუთვალისწენებელი გარემოებების გამო, უნებლიედ ხდებიან უფრო ბოროტი მხეცის მსხვერპლი. რაღაც მომენტში ვგრძნობდი კიდეც, სიუჟეტი იმ მიმართულებით რომ განვითარებულიყო, როგორც რეჟისორმა დაიწყო თავიდან, როცა მთავარი გმირი გზისპირა კაფეს ტოვებს, დასასრული შეიძლებოდა უფრო მომხიბლავი ყოფილიყო. თუმცა, არის ფილმში ერთი საინტერესო “ტვისტი”, რომელიც მაყურებელს სასიამოვნოდ გააკვირვებს, ვინაიდან ერთ-ერთ გმირს (ფილმში მხოლოდ ორი მთავარი პერსონაჟია) სრულიად განსხვავებული პერსპექტივით დაინახავს.

ტექნიკური თვალსაზრისით, როგორიცაა მონტაჟი (გადასვლები, კადრების არჩევანი, სცენათა ჭრა) და ფერთა კორექცია, Cold Meat ძალიან კარგად არის გაკეთებული. ერთი უმნიშვნელო დეტალი, რაზეც ფილმს შეიძლება მოვედაოთ – მთავარი გმირების ხილული სუნთქვის/ორთქლის ნაკლებობაა, როდესაც ისინი მანქანაში არიან, რაც სავარაუდოდ რეჟისორის კრეატიული გადაწყვეტილებაა, შეინარჩუნოს მკაფიო სურათი, რათა მაყურებელს ყურადღება არ გაექცეს გადაჭარბებულ ორთქლზე ცივ ტემპერატურაში. (თოვლის ხილვადობაც მთავარ გმირებზე ალბათ ამავე მიზეზით შეამცირა რეჟისორმა, თუმცა როგორც ჩანს, ამ არჩევანმა გავლენა იქონია ფილმის მთლიან აღქმაზე)

დასასრულ, დაბალბიუჯეტიანი ინდი საშინელებათა/თრილერის კვალობაზე, Cold Meat ნორმალური საყურებელია, როგორც გასართობად, ისევე დროის გასაყვანად, თანაც საათნახევრიანი ხანგრძლივობით ფილმი ახერხებს ინტრიგისა და ინტენსიურობის შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, რომ კინოს აქვს თავისი მინუსები, ნაკლოვანებები – ყინულოვანი გარემო, ქარბუქი, ცივი ატმოსფერო და ორი მთავარი გმირის რთული სიტუაცია ამ ყველაფერს მარტივად აკომპენსირებს. ხოლო ამ ორ ადამიანზე ორიენტირებულ, დიალოგებით დატვირთულ თრილერს (ერთ კონკრეტულ ლოკაციაში) სასიამოვნო და დაძაბულ სანახაობად აქცევს.

ყინულოვანი შიში (Cold Meat)
რეჟისორი
: სებასტიან დრუენი (Sébastien Drouin)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი

70/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
დამლაგებელი (Maid)

დამლაგებელი (Maid)

| მარგარეტ ქუელი ნეტფლიქსის დრამაში ძალადობის მსხვერპლ მარტოხელა დედაზე

შემდეგი
Michel Vaillant – Blind Driving

Michel Vaillant – Blind Driving

| ნაწყვეტი ლუი-პასკალ კუველერის ფილმიდან - 'Michel Vaillant'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share